საქართველო მენატრება.
ისე ძალიან მომაწვა მონატრება ამ საღამოს, ვერ დავიძინე. ძველი ქართული სიმღერები მოვძებნე, ვუსმენ და მეტირება. დედაჩემი რომ მხედავდეს, გამიბრაზდებოდა, ღმ–ერთს ნუ აწყენინებ, რა გატირებსო და მე მაინც ვიტირებდი, იმიტომ, რომ ყველა სხვა გულისამაჩუყებელ მიზეზთან ერთად, დემეტრე თავდადებული გამახსენდებოდა.
სასწაულია ბავშვობა.
საქართველოსთან ერთად ისიც მენატრება.
მე–2 კლასში რომ გადავედი, ერთი წიგნი მაჩუქეს, მგონი, "საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის" ერქვა (არა, სხვანაირად ერქვა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ). ჰოდა, იქ იყო ისტორიიდან ამოკრებილი ამბები, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე. მაშინ შემიყვარდა დემეტრე თავდადებული, წარმოდგენილიც კი მყავდა, როგორი იყო: მაღალი, უთბილესი სევდიანი თაფლისფერი თვალებით და მუქი თმით, ცოტას საუბრობდა და ბევრს ფიქრობდა. მერე ვხედავდი, როგორ ადვილად შეეძლო მთებში გახიზვნა, გაქცევა და მაინც დარჩა. დარჩა თავისი სამშობლოსთვის. "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან..." – ეს სიტყვები არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, ვიცი, დღეს ასეთი სიტყვები პათეტიკურად ჟღერს. ან როგორ არ იჟღერს, როცა ყველაზე პროგრესულ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც აღარ არსებობს სიწმინდეები, ფასეულობები, სიკეთისადმი სიყვარული და საერთოდ აღარაფერი არსებობს ინფორმაციის გარდა. ოჰ, როგორ ძულს "ინფორმაციები", მძულს.
და ასე, როცა ჩე გევარასადმი მიწერილ წერილებს ჩემი კომპიუტერი ვეღარ იტევს, დავჯდები და დემეტრე თავდადებულს ვეუბნები ხოლმე, როგორ მიყვარს და მეცოდება. ვთხოვ, ცოტა ხანს კიდევ იცოცხლოს, რადგან ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა... მერე მრცხვენია და მახსენდება, მეორეკლასელი ბავშვი რომ აღარ ვარ, გაღიმებას ვცდილობ და არ გამომდის.
ერთმა გოგომ საინტერესო ფრაზა მომწერა, ამბობენ, ადამიანის სახლი იქაა, სადაც მისი გულია; თუმცა, ყველას სხვადასხვანაირად უცემსო.
მე მგონია, ადამიანის ნამდვილი სახლი მხოლოდ იქაა, სადაც ბავშვობა გაუტარებია, რომელ ენაზეც ფიქრობს და ძილში საუბრობს. არცერთი ქვეყანა და არცერთი ენა გახდება მისთვის ისეთი მშობლიური, როგორიც თავისი ბავშვობის, თავისი სულიერი თავისუფლების ენაა. თუნდაც თავის ქვეყანაში ვერ იპოვოს თავისი ადგილი, მაინც ყოველთვის, ყველაზე მეტად მოენატრება და ეყვარება მიწის ის პატარა, უცნაურად დაკეცილი ნაჭერი, ორი ზღვა რომ ეფარება.
შეიძლება ჩემი ემოციურობა, ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებითა და მოახლოებული "დიდი დღითაა" გამოწვეული; ან ისევ და ისევ, ჩემი ხალხისმოყვარული/სოციალისტი გული ვერ ეგუება არსებულ უსამართლობას სამყაროში, ან სულაც, ყველაფერი ერთად მაწვება და მენატრება საქართველო, მენატრება ბავშვობა, რომელიც წესიერად აღარც მახსოვს.
ვიცი, რომ ესეც გაივლის.
ისიც ვიცი, ყველაფერი რომ ამაოებაა და არაფერია ახალი მზის ქვეშ.
თქვენც იცით, მაგრამ ეს სულ არ გვეხმარება და ალბათ, უკეთესიცაა. ამის გარეშე ხომ ადამიანები არ ვიფიქრებდით, არაფერს განვიცდიდით და იმათ დავემსგავსებოდით, ვინც დემეტრე თავდადებულს იძახებდა ყაენთან, ჩე გევარას ცხედართან სურათებს იღებდა და ღამით ყველაზე ადვილად იძინებდა.
ჯობია, არ დაგვეძინოს.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



7 comments:
"ადამიანის ნამდვილი სახლი მხოლოდ იქაა, სადაც ბავშვობა გაუტარებია, რომელ ენაზეც ფიქრობს და ძილში საუბრობს."
<3
ჰო, ჯობია არ დაგვეძინოს...
:*
"ყველაზე პროგრესულ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც აღარ არსებობს სიწმინდეები, ფასეულობები, სიკეთისადმი სიყვარული და საერთოდ აღარაფერი არსებობს ინფორმაციის გარდა" ოჰ, სოფი, ამაზე მეფიქრება ხშირად და ახლა შენ გაახმოვანე.
არც კი ვიცი, როგორ ვთქვა, ხანდახან ასეთი სიტყვები, რომ 'კარგი პოსტი იყო', ბანალურად მეჩვენება და მგონია არ გადმოსცემს იმას, რის თქმაც მინდოდა.
უბრლაოდ მინდა იცოდე, რომ მსგავს ფიქრებში მარტო არ ხარ :)
რა გულიანი აბზაცებია, გულისცემას რომ იგრძნობ,ისეთი :)
"ადამიანის ნამდვილი სახლი მხოლოდ იქაა, სადაც ბავშვობა გაუტარებია, რომელ ენაზეც ფიქრობს და ძილში საუბრობს."
მე ჯერჯერობით ვერ შევიგნე ეს, მაგრამ პოსტი ძალიან მესიამოვნა :))))
სოფი <3
sop,martla vigrzeni sheni postidan rogorc genatreba saqartvelo.rac sheexeba bavshobas romelic martla rom ertad gvaqvs gatarebuli,yoveltvis shentan ertad iqneba da shen gulshi iqneba sheni samshoblo da sheni saxli.shentan vart sheni megobrebi da arasodes ar damanaxo cremli .miyvarxar pisko :* sheni NZ
აი როგორადაც არ უნდა ვბრაზდებოდე ქართველ ხალხზე, მათ ზნესა და მორალზე. მათ აზროვნებაზე, ქცევაზე, ხასიათზე...
მაინც მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ ვიცი როგორ ვიქნებოდი სხვაგან ასე ხანგრძლივად.
თუმცა სულ ვოცნებობ იტალიაში, ინგლისში ცხოვრებაზე. ვფიქრობ იქ უფრო ბევრს მივაღწევდი, მაგრამ აქ ვარ და არანაირი პერსპექტივა არ მაქვს სადმე წასვლის. შესაბამისად, არც მენატრება საქართველო.
http://www.youtube.com/watch?v=F56O9tp-iFo
ამ მუსიკის ფონზე რა ერთი ამოსუნთქვით იკითხება. საოცარია! გენიალურია!
სოფი, ძალიან მომნატრებიხარ და აჰა, იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ :)
Post a Comment