Sunday, October 23, 2011

ტენდენციური რეალობა კვირადღეს

ერთთვიანი დღესასწაულები გუშინ საღამოს შაბათთან ერთად დასრულდა. აღმოვაჩინეთ, რომ წელს ძალიან დამღლელი გამოვიდა. ჩემი ქმარი დილიდან შუადღემდე სინაგოგაში იყო, მე მეძინა, მერე მასთან მივდიოდი, მეგობრებთან ერთად ვსადილობდით, ვვახშმობდით, სახლში გვიან მოვდიოდით და დილიდან იგივე მეორდებოდა. ის ამბობს, რომ წელს განსაკუთრებულად გრძნობდა თავს, მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, როგორც უკვე დაქორწინებულ მამაკაცს, თორის წასაკითხადაც მეტჯერ იძახებდნენ და ლოცვასაც ბევრად მნიშვნელოვანი ფუნქცია მიეღო.
ჩემთვის, იცით, ვინც დიდი ხანია ბლოგს კითხულობს, როგორ დაიწყო ჩემი დღესასწაულები და რელიგიასთან დაახლოება. თავიდან ყველაფერი მხიარულება და გართობა იყო, მეგობრებთან დროის გატარება, თბილი და საინტერესო საღამოები საქართველოს რაბინის ოჯახში. რელიგია დღემდე ასე რჩება ჩემთვის, ყველანაირი მძიმე დოგმის გარეშე. პრინციპში, იუდაიზმი არც არის ისეთი რელიგია, რომელიც საკუთარ ბადეში გხვევს ადამიანს და მსოფლიოს დანახვის საშუალებას არ გაძლევს. თუმცა ტენდენციები ყოველთვის არის იმისა, რომ ადამიანმა თავად დაკარგოს ზომიერების გრძნობა და როგორც დედაჩემი იტყვის ხოლმე, ფანატიზმში გადაეშვა და ხელების ქნევა დაიწყო. ამიტომ ჩემი წლევანდელი დღესასწაულები: როშ აშანა, იგივე ახალი წელი, იომ კიპური, სუკოტი უფრო მეტად იუდაიზმში ჩაღრმავებით, მეტი პრაქტიკული კითხვის გაჩენითა და ფიქრით იყო სავსე. საით უნდა წავიდეთ, რამდენად ღრმად და სადამდე შეიძლება შესვლა, რომ ადამიანი ადამიანად დარჩეს და დაწესებული კანონები ბრმად არ მიიღოს, პირიქით, ბევრ წყაროს გაეცნოს, განათლების მიღებას არასოდეს დასჯერდეს და მუდამ გაიზარდოს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

არიან იუდაიზმში ფილოსოფოსები, რომლებსაც თავის დროზე წერასაც უკრძალავდნენ და მათ წიგნებსაც უარყოფდნენ. მერე გავიდა დრო და აღმოჩნდა, ეს ადამიანები, უბრალოდ, ძალიან ჭკვიანები იყვნენ და მხოლოდ დრო სჭირდებოდათ. დრო კიდევ, ზოგჯერ გვიან, მაგრამ მაინც აუცილებლად მოდის ხოლმე, რომ გამოაჩინოს ის, რაც მანამდე დაფარული იყო.

დღესასწაულების დასრულებით დავიწყე და ჩემი განწყობის გადმოცემასაც შევეცადე.
ვამჩნევ, რაც მეტი დრო გადის, ვიზრდები და ჩემი ცხოვრება იცვლება, ბევრი ჩემი ძველი პრინციპი უფრო მყარდება და მიღებულ ახალ ცოდნასთან ერთად იხვეწება. ისიც აღმოვაჩინე, რომ ძალიან ხშირად მეზარება ადამიანებთან კამათი და საპირისპიროს დამტკიცება, რადგან ძალიან ბევრს საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, ან ცოდნა აქვს, მაგრამ გაგება – არა, ასე კი ძალიან ძნელია, ვინმეს ესაუბრო, კამათზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

წუხელ ჩემი მეგობრის (ერთერთი იშვიათთაგანის, რომელიც ჯერ კიდევ შემომრჩა უნივერსიტეტიდან) წერილი მივიღე. თავის ცხოვრებაზე მწერს ხოლმე, საქართველოზე, ადამიანებზე, ქართულ ტენდენციებსა და რეალობაზე, თუ ტენდენციური რეალობა რომ დამეწერა, უკეთესი იქნებოდა? მეც ხან მეტირება, მეცინება და ვგრძნობ, თანდათან ვშორდები იმ რეალობას და სულ ცოტა საერთო მრჩება ხალხთან და ქვეყანასთანაც.
მაგრამ დილას შორეს ახალი პოსტები ვნახე და ვიფიქრე, რომ შეიძლება ბევრი რამე აღარ მესმის, მაგრამ არის სითბოები და გრძნობები, რაც იგივეა...
ცხოვრება ფილმია, ხანდახან – წიგნი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრება ასეთი გამოდგა და ხომ არის, ზოგჯერ ავტორები საკუთარ თავზე რომ წერენ, იღებენ ფილმებს და სცენარი ისე მიჰყავთ, როგორც თავად უნდათ; ჰოდა, ძალიან მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩემი საყვარელი სცენარისტი წერს, ან დაწერდა, თითქოს ჩემი ფილმი/წიგნი მასზე იყოს.

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!

4 comments:

Keti said...

სოფი, ამბობ, რომ შორდები ჩვენს რეალობას. თუმცა ეს ბუნებრივია – დიდი ხანია წახვედი და რაც მთავარია, ოჯახი მანდ შექმენი, სხვა კულტურის, შეხედულებების მქონე ადამიანთან. მთავარია, ბედნიერი იყო და შენ მოგწონდეს შენი რეალობა!
თუმცა ჩემთვის ყოველთვის დამასევდიანებელია, როდესაც საქართველოდან უცხოეთში სამუდამოდ საცხოვრებლად მიდიან და, შესაბამისად, ამ სოშორეს განიცდიან.

ბედნიერი ახალ კვირას გისურვებ!

Anonymous said...

"...რადგან ძალიან ბევრს საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, ან ცოდნა აქვს, მაგრამ გაგება – არა"

ეჰ, და ზუსტად ასეა ;)
მე დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი იუდაიზმს, მაგრამ დრო, დრო...

მარიამ ბლანკი¹³ said...

უჰ ეს პოსტი რომ წავიკითხე გამახსენდა რომ მინდოდა მეთქვა ახლა წინა შაბათს ბაკურიანში ვიყავი და ებრაელი ბავშვები იყვნენ იქ რაღაც ბანაკის სტილის შეკრებით ხოდა პატარა გოგო გავიცანი რომელსაც სოფი ერქვა და ეგრევე გამახსენდი სანი : ) რატომღაც ისეთი ასოციაცია გამიჩნდა რომ ის პატარა გოგოშკა შენნაირი იქნება რომ გაიზრდება : ) ძაალიან საყვარელი იყო მოკლედ და ბევრი ვითამაშეთ და სულ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა და ახლაღა მოვახერხე : )

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ვშორდები და გული მწყდება, თან ნელ–ნელა ბევრი რამე მავიწყდება კიდეც. ისეთი უცნაური გრძნობაა, სასწაულად სევდიანი ზოგჯერ...

@როდე, :)

@ჩორვენ, მადლობა. როგორ მიხარია, იცი, როცა ადამიანს ვახსოვარ? ამ დროს მე წარმოდგენაც არ მაქვს და დავ_სანი_ობ ჩემთვის.