Monday, August 27, 2012

"მშვიდობით, იარაღო", ანუ ფეისბუქო და ზაფხულო

პურს ვაცხობ, უკვე 1–ის 25 წუთია და ამდენივე გრადუსი სითბო. სანამ ჩემი ჭვავის პური გამოცხვება, ბლოგებს ვკითხულობ და ემოციებით ვივსები, ხანაც ვიცლები.
ოჰ, ნატალიას რა კარგი რამე დაუწერია, ზაფხულის დასრულებასა და კირას მწვანე კაბაზე, ძალიან საქვითინო ფილმსა და იმ ჩვენსავე შინაგან, საშინელ ხმაზე, მოსვენებას რომ არ გვაძლევს.

ქვითინი არა, მაგრამ ხანდახან ისეთი უძლურობის შეგრძნება მაქვს, როცა ეზრას ვერ ვაძინებ, ვერ აგიხსნით.
ისევ ეს პრობლემა გვაქვს. დაძინების.
რამდენადაც საყვარელი ბურთულაა; დღითიდღე იზრდება (მადლობა ღმ–ერთს), უფრო ვახლოვდებით და ერთმანეთი გვიყვარდება, იმდენად სხვა ბავშვი ხდება საღამოობით, როცა ძილის დრო უახლოვდება, რომ ვეღარ ვცნობ. სასწაულად არ უნდა მარტოს დაძინება. სამაგიეროდ, საკმარისია ხელში ავიყვანო და წამში იძინებს, ჩავაწვენ თავის საწოლში და თითქოს არც სძინებია, გაახელს თავის ლურჯ და უკვე მოყავისფროში გადასულ თვალებს და მიყურებს, მერე უცებ ერთს ამოუშვებს და ჩვენს მეზობელ მჩხავანა ტყუპებს ჯობნის.

ფეისბუქი აღარ მაქვს. აღარ მაქვს ნიშნავს, რომ პროფილი წავშალე და დავისვენე. მართლა დავისვენე. თითქოს ყელში მიჭერდა ის საშინელი სოციალური ქსელი თავისი ეგოების ზეიმით. განა მე არ მაქვს ეგოს შემოტევა და რამე, მაქვს და თანაც როგორი (როგორ შეიძლება ბლოგერს ეს არ ჰქონდეს), ხშირად საკუთარ თავს ვუშლი ნერვებს. მაგრამ ბოლოს უკვე ვგრძნობდი, როგორ მაღიზიანებდა ამდენი უვარგისი ინფორმაცია, ნერვიული ადამიანები, დაბოღმილები, წლობით ერთ ადგილას რომ დგანან, ტკეპნიან და ტკეპნიან უკვე მილიონჯერ გავლილ გზებს. ძალიან ლირიკული რომ არ გამოვიდეს ეს აბზაცი, გეტყვით, რომ ფეისბუქს ჩემთვის არავითარი სიკეთე არ მოუტანია. საინტერესო ადამიანებს მხოლოდ პირადად ვეცნობოდი, კარგ ბლოგერებს მათსავე ბლოგებზე ვნახულობ და დანარჩენი, ახლო მეგობრები და ნაცნობები შემიძლია ტელეფონით, ი–მეილით და სკაიპით მოვიკითხო.
ჩემმა ქმარმა მითხრა, იქნებ არ უნდა წაგეშალა და პრობლემა სხვანაირად გადაგეწყვიტა, მაგალითად, საკუთარ თავზე გემუშავა, რომ არ გაბრაზებულიყავი ხალხზეო, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც გარკვეული ციკლი დავასრულე ფეისბუქით და სხვა ეტაპზე გადავედი. ნატო წერდა, ინტერნეტში რომ ვიღაც ისევ ცდება და როგორ იწყებ ადამიანი შენი ჭეშმარიტების დამტკიცებას. ამ დროს, ჭეშმარიტება კი არა, უაზრო სიტყვების რახა–რუხია და ჯობია ეს დრო შენს ოჯახს მოახმარო, თუ არ გყავს კიდევ, მის შექმნაზე იფიქრო და ასე შემდეგ.
თან ეზრა უკვე ისეთ ასაკში შედის, როცა ყოველ წამს ახალ რაღაცას სწავლობს და არ მინდა, რამე გამომრჩეს. თან ამ ბოლო დროს მოსწონს, ხალიჩაზე რომ ვწევართ ერთად და მე "ვინი პუჰსა" და "კარლსონის" ისტორიებს ვუკითხავ. მართალია დიდად არ მისმენს, კოტრიალობს და ჭყიპინებს და მხოლოდ წიგნების გემოს გასინჯვას ცდილობს (პირდაპირი მნიშვნელობით).

სამაგიეროდ, ახალი გატაცება უცებ ვიპოვე. ნაპოვნი მქონდა აქამდეც, მაგრამ ახლა უფრო მეტი დრო მაქვს: სხვადასხვა დედების ბლოგებს ვკითხულობ. ერთმა გამაგიჟა, ოთხი წლის ბავშვს ისევ ძუძუს აწოვებს. საინტერესო ბლოგი აქვს და ვიმეგობრებდი ამ ქალთან, მაგრამ ოთხ წლამდე??? ლაქტაცია ძალიან ტკბილი პროცესია, სასწაულად გაახლოებს შვილთან და არაფერი შეედრება ამ მომენტს, მთავარია პირველი ორი, ყველაზე რთული, თვე გადალახო. არ მესმის იმ ქართველი "ესთეტების", გუდიაშვილზე ქალი ძუძუს რომ იწველიდა და მათი ზიზღი გამოიწვია. თანაც, ნებისმიერი თვალსაზრისით სასარგებლო და პრაქტიკულია, სადაც არ უნდა მოხვდე, ყოველთვის თან გაქვს ბავშვის საჭმელი – ახალი და თბილ–თბილი. მეც, დედაჩემი, ორ წლამდე მაწოვებდა და საყვედური არ მეთქმის: გონებრივადაც და ფიზიკურადაც მშვენივრად განმავითარა, მაგრამ ორი წელიც ზედმეტი მგონია, არათუ ოთხი და ტანდემური ძუძუსწოვება კიდევ. MAN! თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველას თავისი შეხედულება აქვს, თავისი ცხოვრება, თავისი გონება, გული და როგორც უნდა ისე გამოიყენებს თავის სარძევე აპარატს, ისევე როგორც თავისი სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილს. არავის ვკიცხავ, G-d forbid, არასოდეს გავკიცხავ.

მეძინება, მეძინება. ბეჭებიც მტკივა.
პური უკვე თითქმის გამოცხვა.
უკვე 27 აგვისტოა. კიდევ რამდენიმე გაბრძოლება და ზაფხულიც დასრულდება. მადლობა, ღმ–ერთო, ამ ზაფხულისთვის, ასეთი თბილი და კარგი ამინდებისთვის, წელს რომ აღირსე აღმოსავლეთ გერმანიას! მადლობა ჩემი ბლოგის მკითხველებს, ვისაც არ დავავიწყდები, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე აღარ გამოქვეყნდება ჩემი ბლოგის განახლებები.

ამ ზაფხულის ბოლო კვირაში განსაკუთრებულ წარმატებებსა და სიხარულს გისურვებთ!!!

17 comments:

Kate said...

და აი მე აგერ ვარ! შენი ბლოგის ერთგული მკითხველი. და მიუხედავად იმისა, რომ არც ფბ-ზე იქნები და ისევ სიტყვა ღმერთს" ტირეთი წერ (რაც ჩემთვის საშინლად გამაღიზიანებელი და მიუღებელია, როგორც ნებისმიერი სხვა გრამატიკული შეცდომა), მაინც ვკითხულობ შენს ბლოგს. აქ მუდამ სითბოა და მაგიტომ.
ერთი მსახიობი შემხვდა სადღაც (იმდბ-ზე ანუ) და იმასაც ეზრა ერქვა. გამახსენდი.

ჯუნა said...

ვაიმე 4 წლამდე ძუძუ რა უბედურებაა.... ჩვენც დაძინების პრობლემა გვაქვს, ისეთი თბილი და ტკბილია და დაძინების დრო რომ მოდის ლამის გავგუდო :)

Natalia said...

აი თურმე რატომ დაიკარგე სოფი, ძალიან დამწყდა გული. შენი კომენტარები ძალიან დამაკლდება ფეისბუქზე, ყველაზე მეტად მიყვარდა რაღაცაზე რომ დავიწყებდით წერას და აღარ ვჩერდებოდით. გახსოვს ფედერერის და სამპრასის ფოტო? : ))

მეილზე მომწერე ხოლმე, რა.

Rode said...

ნატალიასი არ იყო და, შენი კომენტარები ფბ-ზე მეც განსაკუთრებულად მიხაროდა, მაგრამ ვიზიარებ შენს გადაწყვეტილებას და მთავარია, რომ ბლოგებში მეგულები და კორჯ პაიკივით არ მიგვატოვებ :*
შენც განსაკუთრებული წარმატებები ზაფხულის ბოლო კვირას! :)

remonti2013.ge said...

მეც მქონდა აღშფოთებები ძუძუს წოვებაზე და ზოგადად სხვისი აღზრდის მეთოდებზე საკუთარი მტკიცე აზრი. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ არ უნდა გავკიცხო მშობლის ესა თუ ის საქციელი, იმიტომ რომ არც მე ვზდრი შვილს სრულყოფილად და მე თვითონ სწავლის პრიცესში ვარ და მგონია, რომ ნებისმიერი აზღრდის მეთოდი არც სწორია და არც არასწორი (მანამ სანამ ბავშვს ფიზიკური თუ მორალური საშიშროება არ ემუქრება). ის უბრალოდ ინდივიდუალურია, როგორც ყოველი ჩვენთაგანი არის.

Kate said...

ნატალია - და მეც რომ ვერთვებოდი ხოლმე არა??? :დდდ

თორნიკე said...

ბოლოს ერთი თვე მქონდა გაუქმებული ანგარიში.მანამდე თვეში ბევრჯერ ვაუქმებდი,მაგრამ მაინც ვბრუნდებოდი.აშკარად დამოკიდებული ვარ.ალბათ ერთხელაც სამუდამოდ გავაუქმებ.

egoisti said...

ნამდვილად არ დაგვავიწყდები მკითხველებს, მითუმეტეს როდესაც გუგლ რიდერი არსებობს ^_^

Ann said...

დიდი და სენტიმენტალური კომენტარის წერა დავიწყე და შუა გზაში გადამაფიქრდა ) Maybe when I'm drunk enough. I read you!

ნატა said...

ისედაც დიდად არ იკლავდი თავს ამ ქსელში რაღაცების პოსტვითა და ფოტოების ატვირთვით, მაგრამ შენი "არაადეკვატური" კომენტარები მაკლია ფეხბურთზე :)) მაშინ ვგრძნობდი ხოლმე როგორ გენატრები :))))

Sophie שרה Golden said...

@ქეით, შე ერთგულო, იმედია, არ გგონია, რომ ასე იმიტომ ვწერ, არ ვიცი, სწორად როგორ იწერება :პ
კი, არის ერთი მსახიობი, ეზრა მილერი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ იმას გულისხმობ.

@ჯუნა, ხო, 4 წლამდე, ბავშვი ლამის სკოლაში რომ უნდა მივიდეს. ეზრა პირიქით, მთელი დღე ტკბილი და ბურთულა რომაა, ძილის წინ ხდება თავზეხელაღებული :დ

@ნატალია, მაგ ფოტოს რა დამავიწყებს, მთელი თავისი ქართული სუფრით :))

@როდე, ბლოგი პარა სიემპრე! :)) :**

@სალო, კი, სხვათა შორის, რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, რომ საკუთარ ინსტინქტებსა და დაკვირვებას უნდა ვენდო და არა საერთაშორისოდ გავრცელებულ/დადგენილ წესებს.

@თორნიკე, ძალიან ძნელია, მართალი ხარ. მე ერთხელ გავაუქმე მანამდე და ვერ შევძელი, მეთქი, იმდენი კონტაქტები მყავს და რამე. მაგრამ ახლა ისე კარგად ვგრძნობ თავს, როგორც ნარკოტიკებისგან გათავისუფლებული :დ

@ეგოისტი, გუგლ რიდერი რა კარგი რამეა :))

@Ann, get drunk as soon as you can :)

@ნატა, ხო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასიური ვიყავი ნამდვილად და დრო მოვიდა ჩემი ფეისბუქიდან წასვლისა :ლოლ:

Keti said...

სოფი, ამიტომ არ ჩანხარ იქ... თუმცა მთავარია, ბლოგის წერას აგრძელებ. ჩემთვის სოფი ყოველთვის აქ ცხოვრობდა.

მე მგონი ეზრას ეშინია მარტო დარჩენის და როგორც კი ხელს უშვებ, გამოხატავს ამას. საყვარელი. იმედია, მალე მიეჩვევა :*
ბედნიერ დღეებს გისურვებ!

Kate said...

ხო არა, ეგ ვიცი, რომ მაგის გამო არ წერ არასწორად. უბრალოდ რატომ აკეთებ,ვერ ვგებულობ.
კი ეგ ბიჭია.

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, :*
კი, კი, ზუსტად ასეა. ბავშვებს ამ ასაკიდან ეწყებათ, არ ვიცი, ზუსტად შიშია თუ არა, მაგრამ მგონი სამყაროს აღქმას რომ იწყებენ და ყველაფერი ისეთი დიდია მათთვის, მხოლოდ დედასთან "ჩაკუნჭულები" გრძნობენ თავს კარგად. შენც ბედნიერ და თბილ, რბილ, სურნელოვან შემოდგომას გისურვებ!

@Kate, კარგი ვინმე ხარ შენ, ჩემო ქეით–ევან! :პ

Rode said...

:**

Keti said...

სოფი :*

Kate said...

მე მაინც მიყვარხარ!