ჩემი ბლოგი სტატისტიკას ვათვალიერებდი და ყველაზე მეტი ვიზიტორი 2010 წელს მყოლია. პოსტებს გადავხედე და მივხვდი, ქეითი რას გულისხმობს ხოლმე, რომ მწერს, ადრე სხვანაირად წერდიო. ბუნებრივია, ისე აღარასოდეს დავწერ და მიხარია კიდეც, იმიტომ, რომ უკვე 2 წელი გავიდა: მეც შევიცვალე და ჩემი ცხოვრებაც. მაგრამ მომინდა, უფრო ხშირად ვწერო ხოლმე. თუნდაც ერთი საათი გამოვნახო, როცა ეზრას სძინავს დღისით და ვწერო. ერთ ბლოგს ვკითხულობ, ავსტრალიურს, ყოველდღე წერს თითქმის ის გოგო და საოჯახო ქრონიკასავით აქვს. მე მთლად ისე ვერ დავწერ, რადგან ჩემი ბლოგი ისეთი სპეციფიკური არ არის და ბავშვების და პამპერსების გარდა, სხვა რაღაცებიც მიტაცებს ჯერ კიდევ.
დღეს "გუგლის დუდლი" ნახეთ? კლარა შუმანის 193–ე წლისთავია. კლარა, სხვათა შორის, ლაიპციგში დაიბადა და ცხოვრობდა, როგორც ბევრი სხვა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი (მისი ქმარი რობერტ შუმანი, მენდელსონი, ვაგნერი...) და ვუნდერკინდ პიანისტებს შორის ირიცხება, რომლებიც პატარაობიდანვე ცნობილ სცენებზე გამოდიოდნენ და დიდ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.
უნდა ვაღიარო, რომ უკვე დიდი ხანია, ვაპირებ შუმანების სახლ–მუზეუმის ნახვას, ისევე როგორც მენდელსონის (ვაგნერის უბანი ჩემთან ახლოსაა და გარედან ვიცი სახლი) და ვერაფრით მოვახერხე. ვიმედოვნებ, ეზრა ცოტა რომ წამოიზრდება და უკვე ჯდომას შეძლებს, წავალთ და დავათვალიერებთ ყველა საინტერესო სახლსაც და მუზეუმსაც.
ჩემს მეგობარს კი ვუყვებოდი, რაღაც უცნაური აურა უნდა იყოს ლაიპციგში, რომ ამდენი მუსიკოსი დაიბადა და სხვებიც მოდიოდნენ და აქ ცხოვრობდნენ–მეთქი, ბახი მაგალითად, რომელიც წმინდა თომას ეკლესიაში უკრავდა თავის ცნობილ ორღანულ მუსიკას (ასე ჰქვია? ორგანული ქიმიასავით ჟღერს); მერე კიდევ გოეთე, შილერი...
ხანდახან ვფიქრობ, როგორ კულტურულ ცენტრში ვცხოვრობ და იმავე ჰაერს, ან სხვა ატმოსფერულ ნალექებს ვსუნთქავ, რასაც ეს გენიოსები.
თუმცა, იმის აღიარება, რომ გოეთეს "ფაუსტი" ბოლომდე არ წამიკითხავს და "ახალგაზრდა ვერტერის ვნებებმაც" დიდად არ შთამაგონა, ცოტა მერიდება.
კვირა საღამოს როშ ჰაშანაა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშვიდად ვზივარ და პოსტს ვწერ, ცოტა ხანში ნერვიულობა მომივლის, რომ არაფერი მაქვს ჯერ მზად. მხოლოდ ხალის ცომი მოვზილე წუხელ და გავყინე. აი, ასე ყინავს ყველაფერს 5 თვის ბავშვის დედა, რომ როცა ეზრა ნამეტანი აქტიური იქნება, უცებ გამოვიღო, გავადნო და გამოვაცხო. ასევე ვყინავ ნამცხვრების ცომს და მანამდე კიდევ, დედაჩემი როცა აქ იყო, გამიკეთა რაღაცები წასვლის წინ და შემინახა; სასწაულად გამომადგა. მგონი, ყველა ასე აკეთებს, თორემ ადამიანი ვერაფერს მოასწრებდა. განსაკუთრებით ჩემთვისაა პრაქტიკული, რადგან ზოგჯერ ეზრას მთელი დღე ხელში უნდა ჭერა, თამაში, მაიმუნობა და რაც უფრო იზრდება, მით მეტ ყურადღებას ითხოვს; ამიტომ, ან ღამით უნდა ვაკეთო სადილები (მე კი ძილი მირჩევნია) ან ასე გავყინო.
დღესასწაულები სულ სხვანაირი ხდება, როცა საკუთარი ოჯახი გაქვს. ადრე, ყოველთვის მიკვირდა, როცა დედაჩემი ან დეიდაჩემი რაღაცას ვერ მოასწრებდნენ და ვწუწუნებდი, ეს რატომ არ გამოაცხეთ, ის რატომ არ შეწვით და ახლა მე თვითონ რომ მიწევს ყველაფრის გაკეთება, ვხვდები, რომ ისინიც ადამიანები ყოფილან. რა უცნაურია, ხო, რომ ბავშვობაში უფროსები სუპერადამიანები გგონია და ვერ წარმოგიდგენია, მათ რამე ვერ მოასწრონ ან დროზე არ გააკეთონ? სოფელში რომ ვიყავით წელს და წასვლის წინ, ბარგის მომზადება დავიწყე, საჭმელების და რამე, მაშინ დავაფასე დედაჩემიც და დეიდაჩემებიც მილიონჯერ მეტად. ადრე არც ვფიქრობდი ამაზე და გემოზეც ვებუზღუნებოდი ყველას, სადილი დროზე რატომ არ არის ან ჩემი საყვარელი შოკოლადის წამოღება რატომ დაგავიწყდათ–მეთქი.
შეიძლება მე მიკვირს ყველაფერი და ყოველდღე საკუთარი თავის გაცნობაში ვარ, ან ცხოვრებაა სასწაულად უცნაური და საინტერესო. ან ორივე ერთად.
ბედნიერი ხუთშაბათი გქონოდეთ და მალე შაბათ–კვირაც!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




5 comments:
დედაჩემი მე დღემდე სუპერადამიანი მგონია. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია და ყველაფრის მოსწრების უნარი. ეტყობა, ასაკთან და ოჯახთან ერთად მოდის :)
ვაიმე, სოფი, ბავშვი არ მყავს, მაგრამ ყოველდღე რომ ვკულინარობ ახლა, სულ დედა მახსენდება, რამდენ რამეს მაცილებდა თავიდან და მე კიდევ შეიძლება მებუზღუნა. მრცხვენია კიდეც ხანდახან. და შვილი და ოჯახი კიდევ რამდენ ენერგიას ითხოვს, წარმომიდგენია!
ბედნიერი დღეები შენც!
@Dissolved girl, დედა რომ გახდები, მერე კიდევ უფრო დარწმუნდები დედაშენის სუპერმენობაში :) აშკარად და თან რაც უფრო დიდია ოჯახი, დედებს მით მეტი ენერგია აქვთ, როგორც ვაკვირდები.
@ქეთი, როგორ მესმის შენი და ზუსტად ასე მრცხვენია მეც ახლა.
დიდი მადლობა :* :)
:*
ბავშვობაში ვერ წარმომედგინა დედაჩემს რამე არ სცოდნოდა :დ ამქვეყნად ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მეგონა :)) მაგრამ ჩემი დედიკო მაინც სუპერადამიანია <3
Post a Comment