Thursday, September 20, 2012

კბილების წინაპერიოდი

დილას გარეთ 15 გრადუსი სითბო იყო, საძინებელში – 21 და მივხვდი, ეზრასთვის უკვე ჯემპრი და თბილი შარვალი უნდა ჩამეცმია. მიყვარს ზამთარი, მაგრამ ეს პერიოდი, გერმანული შემოდგომა, არა. უცნაური სიცივე იწყება, უფრო სწორად, სითბოდან რომ უცებ სიცივეში გადადიხარ, ალბათ მძაფრად ამიტომ აღიქმება.
ეზრასთვის თბილი საბანი გვაქვს საყიდელი. აპრილში დაიბადა და მერე უკვე ზაფხული დაიწყო, თან წელს სასწაულად თბილი და სასიამოვნო ზაფხული იყო, ივნისის ბოლოდან თბილად აღარ ჩაგვიცვამს (შარშანდელისგან განსხვავებით) და ახლა სულ რამდენიმე თბილი ჯემპრი და შარვალი აქვს.
ბავშვები რომ ძალიან სწრაფად იზრდებიან და თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ახალი ჩასაცმელები სჭირდებათ, ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს. საწყენი ისაა, გოგოებისთვის იმდენი ლამაზი ტანსაცმელია, გაგიჟდები და ბიჭებისთვის სულ უღიმღამო რაღაცებია, ფერებიც შეზღუდული. თუმცა, ეზრას საყვარელი მწვანე ფერის ტანსაცმელს მაინც ვპოულობ ხოლმე.
საიდან მივხვდი, რომ მწვანე უყვარს? რამდენჯერაც მწვანე რამე მეცვა, სულ დაკვირვებით მიყურებდა და მექაჩებოდა, სასეირნოდაც რომ დავდივართ, გაფოთლილ ხეებს ისეთი გაოცებით უყურებს, ძნელად მისახვედრი არ იყო. ახლა ნელ–ნელა ცვივა ფოთლები და ფერიც ხომ შეიცვალეს, შესაბამისად, ეზრას ყურადღებასაც ნაკლებად იქცევენ.

დღეს დავრწმუნდი, რომ კბილები ამოსდის. აქამდეც სულ ეფხანებოდა და უცებ სათამაშოს მტკივნეულ ადგილს რომ დააჭერდა, საშინელ ტირილს იწყებდა. გუშინ ღამით ცუდად ეძინა, მუცელიც წამოსტკივდა, დღეს დილას კი შევამჩნიე, რომ ღრძილები შესიებული აქვს და თითქოს გვერდით, სადაც "საღეჭი" კბილები უნდა იყოს, უკვე კბილების ფორმა აქვს მიცემული. თუმცა, ჯერ წინა ქვედა კბილები ამოდის, როგორც ვიცი. ყოველთვის სიმღერით იღვიძებს ხოლმე და დღეს წუწუნებს დილიდან, სააბაზანოშიც თავქუდმოგლეჯილი შევვარდი და გამოვვარდი პირის დასაბანად, რომ მოვფერებოდი, თორემ იწვა თავის საწოლში და ისე ტიროდა, მეც ცოტა დამაკლდა აღრიალებას.
ვიცი, ზოგს ძალიან პათეტიკურად მოვეჩვენები, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ძნელია, შენს პატარა ბურთულას რომ რამე აწუხებს, ტირის და ამ დროს შენ ვერ შველი, ერთადერთი, რაც შეგიძლია, მოფერებაა და ამ დროს, ესეც არ შველის.
მერე თავისი საყვარელი მუსიკა ჩავურთე და ცოტა ხანს დამშვიდდა.

კიდევ რაღაცების დაწერას ვაპირებდი და სულ დამავიწყდა.



ა, ხო, როშ ჰაშანამ როგორ ჩაიარა?
წელს არც ისე მხიარულად, როგორც ადრე. ეზრას პაპა საავადმყოფოში მოხვდა და ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. როცა შენი ოჯახის წევრი ასე ავადაა, ძნელია შენ მხიარულად იყო და ისე მოიქცე, ვითომ არაფერი მომხდარა, როცა ხედავ, შენი ქმარი როგორ განიცდის. ადრე ვწერდი, ჯერ კიდევ დაქორწინებულებიც რომ არ ვიყავით და მისი დედ–მამა გავიცანი, ძალიან ახლოსაა თავის ოჯახთან ჩემი ქმარი, მე უფრო "უძღები შვილი" ვარ და ახლა ამით ღმ–ერთი ბევრ რამეს მასწავლის.

მხოლოდ ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა მოგვცეს ღმ–ერთმა და როგორც დეიდაჩემი იტყოდა, დანარჩენს ადამიანი როგორმე მოახერხებს.
ბედნიერი წელი გვქონოდეს ყველას, ვისაც სჯერა ან არ სჯერა.

5 comments:

Keti said...

სოფი, საყვარელ ფერზე რაც თქვი, ვიფიქრე: ალბათ სულ ასეთი აღმოჩენების გაკეთება გიწევს ყოველდღიურად, როცა ეზრას უყურებ. ძალიან კარგი გრძნობა უნდა იყოს.

ძალიან ძნელია, როცა საყვარელ ადამიანს რამე აწუხებს. ეზრას ვუსურვებ, კბილების ამოსვლამ არ შეაწუხოს, მის პაპას კი – მალე გამოჯანმრთელდეს!

აქ ისეთი არეულობაა, რომ პოლიტიკური ინფორმაციის მეტს ვერაფერს ვნახულობდი ამ დღეებში და ახლა, რომ შემოვედი, მივხვდი, როგორ მომენატრა შენი თბილი ამბების წაკითხვა.

მშვიდი დღეები გქონოდეს.

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, ჩემთვის ძალიან ნაცნობ რამეებს (მაგალითად, თავის ხელებს, ფეხებს) რომ აღმოაჩენს ხოლმე და უყურებს, აგემოვნებს :)))
მადლობა!
ვიცი მანდაური სიტუაცია :/
შენც მშვიდი და სურნელოვანშემოდგომური დღეები გქონდეს, როგორიც ლამაზ (არაპოლიტიკურ) საქართველოში იცის.

Anonymous said...

Olive!

Sophie שרה Golden said...

@Anonymous, თითქოს ჩემი ეს პოსტი წაიკითხა და назло ზეთისხილი დაარქვა, არა? :დ :დ :დ

Keti said...

ვაიმე, რა კარგი საყურებელი იქნება, თავის ხელებს რომ დასცქერის :)) :*
მადლობა, სოფი!