რამდენი რამის დაწერა მინდა უკვე ერთი კვირაა და ვერ მოვახერხე.
ჩემმა გაციებამ 3–4 დღეს გასტანა და ერთ მშვენიერ დილასაც, სარეცხი რომ გავფინე და კონდიციონერის სუნი ვიგრძენი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
ეზრას ახალი აღმოჩენა ხმის ტემბრის თუ სიმაღლის ცვლაა. როცა შია, ან ხელში უნდა, ავიყვანო, ისე კივის, რომ სადარბაზოში, პირველ სართულზე ისმის და დღეს ჩემი ქმარი რომ სამსახურიდან ბრუნდებოდა, სწრაფად შემოვარდა სახლში შეშინებული. ამ დროს ეზრა თავის სკამზე იჯდა და ვერ ითმენდა, სანამ მის ფაფას გავათბობდი და ვაჭმევდი.
დესერტად ამ ბოლო დროს გოგრას მიირთმევს.
რამდენიმე დღის წინ ისე მოხდა, რომ ქეთი და მე ერთდროულად ვხარშავდით გოგრას. მაშინ შევპირდი, დავწერ, ეზრას თუ მოეწონა–მეთქი.
ვერასოდეს გაიგებ, ახალი ხილი რამდენად მოეწონება, მაგალითად, წვნიანი ვაშლი სულაც არ მოსწონს (რა ვქნა, ბლოგის ფორმატი ხომ არ შევცვალო?) და ამ დროს, შეუძლია მთლიანი, ჩემთვის სრულიად უგემური ავოკადო ისე შეჭამოს, შენც კი გასინჯო, იქნებ განსაკუთრებული გემო აქვსო. მოკლედ, იმ საღამოს შემდეგ, გოგრა ეზრას საყვარელი ხილი გახდა (არა, ისე იცოდით, რომ გოგრა ხილი ყოფილა და არა – ბოსტნეული??? მე ახლაღა გავიგე). ჯერ პიურე გავუკეთე – კარტოფილი და ქათმის ხორცი გავატარე ბლენდერში, დავუმატე სურნელოვანი გოგრის ფაფა და ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ძალიან მოეწონა და ერთ კვირას ვაჭმევდი ასეთ სადილს.
ერთ დღესაც, როცა ჩვენ ვსადილობდით და მაგიდაზე თბილ–თბილი გოგრის ნაჭრები ეწყო, ეზრა ძალიან მიიზიდა და ახლა როგორც ხილს, უკვე ისე მიირთმევს.
მე, როგორც მინიმალიზმის მოყვარული "ნატურალისტი" (o_O), ვცდილობ, ყველანაირი ხილი და ბოსტნეული გავასინჯო და თანაც, რაც შეიძლება ნაკლებად გავატარო სხვადასხვა ბლენდერ–საკეპ მანქანაში, რომ მეტი ვიტამინი შეინარჩუნოს ხილმაც და ბოსტნეულმაც. ამიტომ, ისეთ რბილ ხილს, როგორიცაა ავოკადო, ბანანი, გოგრა ჩანგლით ვუჭყლეტ ხოლმე თეფშზე და მერე პლასტმასის კოვზით ვაჭმევ. პატარა ბავშვები ვისაც ჰყავთ, იციან (ან კარგი იქნება, იცოდნენ), რკინის კოვზები არ მისცენ თვეების ბავშვებს, რომ სახეში არ ჩაირტყან ან ღრძილები იტკინონ. რახან ბანანი ვახსენე, ექიმმა გვირჩია, კვირაში მხოლოდ ერთხელ მივცეთ კუჭის შეკრულობის თავიდან ასაცილებლად. აი, გოგრა კი სასწაულად კარგად მოქმედებს კუჭზე, ისევე როგორც სტაფილო (ვისაც კი ჯერ ბავშვები არ ჰყავს, სასწაულად მოსაწყენად მოეჩვენება ეს პოსტი. მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და ერთმა მეგობარმა გადამრია, სულ თავისი ბავშვის კუჭის მოქმედებაზე ნერვიულობდა და მერე ანუშკამ მითხრა კიდევ, როცა გეყოლება შენი შვილი, ამაზე მნიშვნელოვნად არაფერი მოგეჩვენებაო და მართალი ყოფილა. უბრალოდ, ბავშვები ძალიან წუხდებიან ამის გამო და როცა შვილი წუხს, ამ დროს დედას გული ისე ეკუმშება, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ [oh, god, Sophie, what a mummy mum you've become!]). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მგონი, გოგრაშია თავმოყრილი ბუნებაში არსებული ყველა ვიტამინი და ბავშვების გარდა, განსაკუთრებულად რეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
უკვე ერთი საათია, რაც ამ პოსტს ვწერ და ვიტანჯები. შეიძლება იმიტომ, რომ უკვე ორის ნახევარია და ძილის დროა, თან საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა. ამასთან ერთად, ყოველი წინადადების დაწერის მერე დიდხანს ვფიქრობ, რამდენად გამართულად ვწერ გრამატიკულად და პანიკა მიპყრობს იმის აღმოჩენისას, რომ არც ისე გამართულად დამიწერია და თავიდან ვიწყებ.
მორჩა, ვამთავრებ წერას და ვიძინებ, სანამ ეზრას გაუღვიძია და ჰგონებია, რომ უკვე დილაა.
ღამე მშვიდობისა, ზოგან უკვე დილა მშვიდობისაც!
პ.ს. ჯინ ვებსტერის "ძვირფას მტერს" წავიკითხე, ან შეიძლება "ძვირფასო მტერო" უფრო უხდება და აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ამ წიგნისა და თვითონ ავტორის შესახებ. ეს პოსტ სკრიპტუმი იყოს, რომ არ დამავიწყდეს.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




6 comments:
დუდანასაც ძალიან უყვარს გოგრა და ჭამს სხვა ხილთან არეულსაც, ხაჭოთიც, პეჩენიასთან ერთადაც, ხანდახან სხვა ბოსტნეულთან ერთადაც მაძლევ + ხორცი და მოკლედ, დღეში ერთ ჭამას გოგრას მინუმუმ ჭამს, რაც სეზონი შემოვიდა, თან თელავიდან ვბრუნდებოდით და გზად ორი ისეთი ვარდისფერგულიანი სურნელა გოგრა ვიყიდეთ, სირცხვილიცაა რო არ ჭამოს.
სოფი, სუფში 1 სუფრის კოვზი ზეთი ბევრი არაა? თუ ეგრე უნდა? მე რამდენიმე წვეთს ვუსხამ ხოლმე, და სიმართლე ვთქვა, ხანდახან ეგეც კი მავიწყდება.
გოგრა არ მიყვარს, გოგრის კურკები მიყვარს მოხალული :დ
მზესუმზირასავითაა, თანაც სასარგებლოა.
თაფლში არეული გოგრის გული ჭიებს ანადგურებს ნაწლავებში, თურმე : ))
მიხარია ხოლმე, ბლოგ ლისტ-ში ზევით რომ ამოხტები : ) <3
ეზრა გოგრა ბიჭი გამხდარა :*
არც მე ვიცოდი ხილი თუ იყო...
უი, ვაშლი როგორ არ უყვარს!
ხილბიჭუნა.
სოფი, ეგ რა უცნაური საღამო იყო – დავწერე, ვხარშავ–მეთქი და უცებ შენც მითხარი :)
გამიხარდა, ეზრას რომ მოეწონა გოგრა. მე კიდევ, ჩემდა გასაკვირად, მგონი შემიყვარდა ეს ხილი. ხვალაც ვაპირებ ყიდვას. ძალიან სასარგებლოა – ამას წინათ წავიკითხე მისი სიკეთეების შესახებ და კარგია, რომ შენი პატარა სიამოვნებით მიირთმევს :)
ერთ–ერთი მიზეზი, რომ შენს პოსტებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ, გამართული ქართულია, სოფი!
@ანუშკა, რამდენი ხანია, რაც აჭმევ? ეზრას ტოლსაც აჭმევდი? ზოგმა მითხრა, ბევრი არ აჭამო, შეიძლება ყვითელი ფერი დაედოს სახეზეო :/
აი, ამ ზეთს (ქართულად არ ვიცი ამ მცენარეს რა ჰქვია, Rapsöl) ვუსხამ ერთ სუფრის კოვზს, გერმანიაში ყველა ამას ხმარობს და საბავშვო რეცეპტებშიც ამდენი დოზით წერია.
@კანარიო, მეც მიყვარდა ადრე გოგრის თესლები.
არც ჭიების განადგურების შესახებ ვიცი, თაფლი კიდევ 1 წლამდე არ შეიძლება ბავშვისთვის :)
@როდე, კი, უკვე გახდა, ჯერ ხომ სტაფილოს ბიჭი იყო :) იმედია, შეუყვარდება ვაშლი :დ
@ქეთი, ძალიან და ისე მესიამოვნა, რომ შენც იმავეს აკეთებდი, რასაც მე. მეც მისი ვიტამინების გამო დავიწყე ჭამა და მომწონს კიდეც უკვე.
მადლობა და ეს კიდევ უფრო მაძლევს სტიმულს, რომ გამართული ქართული არ დავივიწყო.
me 4 tvidan vachmev fafas da 5 tvidan bostneuls. gayvitldeba ara is :D
Post a Comment