Monday, November 26, 2012

ჯინ ვებსტერის გოგოების თვე

გამოიცანით, ახლა რას ვკითხულობ? ჯინ ვებსტერის "პატი კოლეჯში"–ს (პირდაპირი თარგმანი ძალიან ულამაზო გამოდის "როცა პატი კოლეჯში წავიდა"). უკვე მესამე წიგნია ვებსტერის, რაც წამიკითხავს, და უფრო უკეთესს ველოდი. თუმცა, ეს მისი პირველი წიგნია და ნახევრად ავტობიოგრაფიული, შესაბამისად მშრალი და ძალიან "მწვანე" ანუ გამოუცდელი მწერლის დაწერილი.
შეიძლება 20 წლამდე რომ წამეკითხა, მომწონებოდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან დიდი ვარ ამ წიგნისთვის. თანაც თვითონ წიგნი ცუდი ხარისხის გამოდგა, სახლში, პრინტერზე ამობეჭდილსა და აკინძულს ჰგავს, ყველანაირი წინასიტყვაობისა თუ სარჩევის გარეშე. პრინციპში, იაფიც იყო და სხვანაირი ვერ იქნებოდა. სავარაუდოდ, წელს მეტ წიგნს აღარ ვიყიდი, რადგან ბოლო თვეებია მთელი ჩვენი შემოსავალი წიგნებსა და ეზრას ტანსაცმელში მიდის.


ჯინ ვებსტერი თავისი დროის ფემინისტი იყო, ბებია სუფრაჟისტი ჰყავდა, თუ არ ვცდები. მერე სოციალიზმითაც დაინტერესდა და სტუდენტურ გამოსვლებშიც იღებდა მონაწილეობას. ოღონდ უცნაური სოციალისტი, მობურჟუო, მდიდრულად ჩაცმა და ჩაის საღამოები რომ უყვარდა. თავის თავს ფაბიანისტს ეძახდა, ანუ ისეთ სოციალისტს, რომელიც რევოლუციისკენ არ მიილტვის და უფრო მოლოდინშია. მოკლედ, მობურჟუო, როგორც უკვე ვთქვი. მამამისი მარკ ტვენის მენეჯერი იყო, მარკ ტვენი კი – ჯინის დედის ბიძა, რამდენადაც მახსოვს. როცა მარკ ტვენი ძალიან ცნობილი გახდა, ვებსტერის მამა გაათავისუფლა და რამდენიმე ხანში ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა.
ჯინ ვებსტერსაც საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. თავისი კოლეჯის მეგობრის ძმა შეუყვარდა, რომელსაც ფსიქიკურად დაავადებული ცოლი და შვილი ჰყავდა (ზუსტად მისი პროტოტიპია "ძვირფასო მტეროში" შოტლანდიელი ექიმი მაკრეი). როცა უკვე დაქორწინება შეძლეს და ბედნიერები ეგონათ თავი, ჯინ ვებსტერი უკვე 40 წლამდე იყო და მშობიარობისას დაიღუპა.
როგორც ჩანს, იმ პერიოდში ბევრი ქალი იღუპებოდა მშობიარობისას ამერიკაში. ექიმები საჭიროდ არ თვლიდნენ მშობიარობის მიღების წინ ხელების დაბანას და ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, რაც ძალიან მაღალ სიცხეს იწვევდა და ამის შედეგად მელოგინეები იღუპებოდნენ.
საშინელებაა, რომ დაფიქრდე. დღეს 40 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი ქალი აჩენს ბავშვს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო კმაყოფილი ვარ, რომ ამ საუკუნეში მიწევს ცხოვრება.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

პ.ს. ბლოგის სტატისტიკას გადავხედე და ისეთი გულისამაჩუყებელი საძიებელი სიტყვებით შემოსულან ნოემბერში ჩემთან: კეთილი გული, სითბო, მზე, სიყვარული...
მიხარია. შემოდით, შემოდით და ბედნიერები იყავით.

5 comments:

Unknown said...

რა საინტერესო რამეა, მაგრამ დამთრგუნველი....

სოფ, სტატისტიკას, კონკრეტულად მაგის სანახავად, საიდან ამოწმებ? მე მიჩენს ვიზიტორების რაოდენობას, რომელი ლინკებიდან შემოვიდნენ და გრაფიკულ მონახაზს... მეტს არაფერს.

Sophie שרה Golden said...

@სალომე, შედიხარ stats–ში და მარჯვნივ არის traffic sources, ხო? დააჭირე more–ს და ქვემოთ ჩაუყევი, დეტალურად განახებს, რომელი საიტებიდან და რა search keywords–ით შემოვიდნენ.

Unknown said...

მადლობა.
რატომღაც, ბოლომდე არასდროს ჩავსულვარ :დდ

Anonymous said...

ახლა გამოვიწერე ქინდლის ვერსია 'ძვირფასო მტერო"-სი, ჩავუჯდები.

სოფი שרה Golden said...

@სალომე, არაფრის :)))

@პერწკლი, წესით შენ უნდა მოგეწონოს :დ წითელთმიანი გოგოა "მთავარ როლში" :)