მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
გიორგი ლეონიძე "ყივჩაღის პაემანი"
ზოგჯერ უცნაურად გამახსენდება ხოლმე ქართული ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ დაზეპირება ყოველთვის სასწაულად მიჭირდა, არის ლექსები, რომლებიც უადვილესად მაქვს ნასწავლი და შესაბამისად, არც მავიწყდება. მიყვარს "ყივჩაღის პაემანი". რომ დაფიქრდე, ძალიან თავხედური ლექსია, ანუ ყივჩაღია თავხედი და საკადრისსაც ხომ იღებს ქმრისგან, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომწონს, საძროხე ქვაბია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სასწაულად ლამაზად ჟღერს. არა?
მაინტერესებს, თქვენ თუ გაქვთ საყვარელი ლექსები და წარმოდგენები მათზე, ან საყვარელი ფრაზები და მეტაფორები პოეზიიდან.



4 comments:
მეც ძალიან ხშირად ასე თავისთავად მომდის ხოლმე ფრაზები და ამ "მოსვლას" დიდი ემოციით ვეგებები. :) ამასწინათ, შუა მუშაობაში გამახსენდა "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი"... ხანდახან, სახლის დალაგების დროს და ა.შ.ტელევიზორში გაგონილ რაღაც სიტყვას გონება აჰყვება ლექსის ფრაზით, მაგალითად: "ის უცხო მხარეს გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალები"...
გრიგოლ რობაქიძემ იცოდა ასეთი სიტყვების "გაგემრიელება", საძროხე ქვაბის, მაგალითად. გახსოვს, რა კარგად აღწერდა, ძროხა რომ წყალს სვამდა დიდი ყლუპებით და მუცელი ევსებოდა გრილი წყლით? :) ჩემს ბავშვობაში ბებო გახსნიდა ხოლმე ცხელ წყალში ქატოს, მერე ურევდა, ფაფად აქცევდა, სანამ ძროხას აჭმევდა, მიყვარდა ამის ცქერა და ქატოს სუნი.
ერთ–ერთი ბოლო შთაგონება ტონინო გუერას ლექსია. ამას წინათ სადღაც წავაწყდი, ახლა ბლოკნოტში მიწერია ჩემი ქმრის ხელით გადაწერილი:
"სწავლა შევძელი დედაჩემის დამსახურებით, თვითონ კი ჯვარს სვამს ხელმოწერისას. ვიცნობ ქალაქებს, დედაჩემის დამსახურებით,ქვეყნის დასასრულს, თუმცა კი დედა სამოგზაუროდ არ ყოფილა თვითონ არასდროს. გუშინ ვიყავით ერთად კაფეში, მე წავიყვანე, თვითონ უკვე ვერაფერს ხედავს..."აი, დაბრძანდით, რას ისურვებთ, ნამცხვარი გნებავთ?"
მგონი ახლადაღმოჩენილები რომ უნდა გამოგიგზავნი ის დროა :)
@Tinita, შენი ლამაზი კომენტარები მთელ პოსტს უდრის ხოლმე, გმადლობ :) მეც მახსოვს ქატოს სუნი, უფრო სწორად, შენ გამახსენე ახლა. გუერა კი როგორი სევდიანია...
@ნატა, ნამდვილად.
Post a Comment