ეს იქნება პატარა, პოსტ–საბჭოთა ტრავმებით სავსე სოფი გოლდენის პოსტი, რომელსაც ეს "გვარი ფსევდონიმი" საერთოდ არ შეეფერება, თუ პირდაპირი გაგებით შევხედავთ.
საიდან დავიწყო?
ოთხშაბათ საღამოს ეზრამ თავისი ბებია მიაძინა და მერე თვითონაც დაიძინა, ამიტომ მე და ჩემი ქმარმა ნაყინის საჭმელად წასვლა გადავწყვიტეთ ლაიპციგში ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში, რომელსაც მე "ნაჭრებისა" და კონსიუმერიზმის უფსკრულს ვეძახი; რომ წარმოვიდგენ, რამდენი ტანსაცმელი იკერება ყოველდღე და რამდენი ნივთი კეთდება, რომლებიც ვიტრინებსა და შიგნით, მაღაზიების თაროებზე აწყვია, გულისრევის შეგრძნება მიპყრობს. ან მერე სად მიდის ეს ყველაფერი? რომელ ოკეანეში იძირება, როცა რაც უფრო აღმოსავლეთისკენ მივდივართ ევროპაში, ყველაფერი მცირდება და ბოლოს იმ ქვეყნებს მივაღწევთ, სადაც ხალხს შუქისა და გაზის გადასახადის გადახდა უჭირს, ან ყვითელ ავტობუსებს ელოდება საათობით...
სანამ იქამდე მივაღწიეთ, სადაც ჩვენი კოშერი Ben and Jerry's ნაყინი იყიდება, მილიონი მაღაზიის გავლა მოგვიწია და ბუნებრივია, რამდენიმემ შეგვიტყუა კიდეც.
თან ამ ბოლო დროს აბსოლუტურად ყველა ტექნიკა, რაც კი მაქვს, ისე დაძველდა, მალე ანტიკვარად გამოცხადდება: ჩემი 2006 წლის დროინდელი ლეპტოპი ფუჯიცუ სიმენსი, 2007 წლის მობილური ტელეფონი ნოკია, 2008 წლის 8 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა ოლიმპუსი. გადავწყვიტეთ, ჩემი პროლეტარული ხასიათი რამდენიმე საათით მაინც გაგვეჩუმებინა და ელექტრომაღაზიაში შევედით. ცოტა ხნით კი შემიპყრო აღტაცებამ და ყველანაირი "iThing" მოვსინჯე; რად ღირს ის თხელზე თხელი და მსუბუქი ეფლ მაკბუქი და ბოლო აიფედი, აიფონ5 და ფოტოაპარატების ზღვა 22 მეგაპიქსელამდე რომ ადის, მაგრამ რომ გამოვედით გარეთ და სასიამოვნო, თოვლიან–სუსხიანი ჰაერი ჩავისუნთქე და ჩემი გონება კაპიტალიზმის ნივთებისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ საშინლად საშინლად ტრავმირებული ადამიანი ვარ.
ტრავმირებული თუ არა, მაშინ ისეთ ქვეყანასა და ოჯახში უნდა დავბადებულიყავი, სადაც არ იციან, რა არის გაჭირვება და უშუქობა, სადაც ბავშვებს სხვების სიყვარულითა და სიბრალულით არ ზრდიან.
რა ვქნა, რომ ყოველთვის საშუალო კლასს ვეკუთვნოდი: მთელი ჩემი ოჯახი მასწავლებლებისა და ალტრუისტი ექიმებისგან შედგებოდა, რომლებსაც ყოველთვის საბჭოთა და მერე ქართული პატიოსანი ხელფასები ჰქონდათ, მხოლოდ განათლება და სურვილი, რომ შვილებსა და შვილიშვილებსაც განათლება მიეღოთ და ფულის დახარჯვა რაშიც არასოდეს ენანებოდათ, წიგნები იყო და მეც ზუსტად ასეთი გავიზარდე.
ჰოდა, ახლაც საშუალო კლასი ვართ მე, ჩემი ქმარი და ეზრა: გვყავს ციცქნა მანქანა, ვცხოვრობთ ციცქნა ბინაში და ყველაზე მასიური, რაც გვაქვს – ეზრას სათამაშო დათუჩაა.
მადლობა ღმ–ერთს, შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ ჩემი 2006 წელს ნაყიდი ლეპტოპი შევცვალოთ, რადგან ალბათ კიდევ ამდენივე წელი აღარ შევცვლი ახალს, მაგრამ ძალიან ძნელია სოფი გოლდენისთვის ამის გაკეთება და იმ ფულის დახარჯვა, რომელიც მძიმე მუშაობით მოდის და იმ ზემო კლასებში უნდა წავიდეს, რომელიც ძვირფას ტექნიკას ქმნის და ვინ იცის, რამდენ ადამიანს უწევს ექპლუატაციას, როცა თავის ნაწილებს აწყობინებს.
იუდაიზმში ამბობენ, ადამიანმა სიამოვნება უნდა მიიღოს ცხოვრებისგანო.
მე ვერ ვიღებ სიამოვნებას, ვერ ვისიამოვნებ დიადი მაკბუქით, როცა ციცქნა ბინა და მანქანა გვაქვს, როცა ვფიქრობ, ეზრას მომავალში კარგი განათლება უნდა მივცეთ, როცა ვიხსენებ, რამდენ ადამიანს უჭირს საქართველოში, როცა ვუყურებ ამ საშინელ კონსიუმერიზმს და ერთადერთი, რაც მინდა – ყველა ფარდის ჩამოფარება და ყველა სოციალური წერტილის გათიშვაა.
აქ პოსტსაც დავასრულებ და როცა გადამივლის, მერე ისევ მოვალ.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




10 comments:
......
99 ფრანკშია რარაც ასეთი ფრაზა, შინაარსით- "მე გაიძულებთ მოგინდეთ ნივთები, რომლებიც არ გინდათ და იყიდოთ ისინი" თუ რაღაც ასეთი. ჩემი 800- ლარიანი ლეპტოპი თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო 1500- ლარიანი, მაგრამ ჩემთვის- უბრალო იუზერისთვის, არანაირი განსხვავება არ იქნებოდა. მე შემიძლია ვიყიდო 1000-ლარიანი მობილური, რომელზეც თამაშებს ვითამაშებ (იგივე ფუნქციებს გადასარევად მისრულებს 300-ლარიანი-ვამოწმებ მეილს, დავძვრები ინტერნეტში, ვაწარმოებ დღიურს). ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან გეთანხმები.
@Rode De, დიახ, ზუსტად ასე ......
@პერწკლი, კი არის მსგავსი ფრაზა და როგორი მსხვერპლები ვართ მარკეტინგის, რომ დაფიქრდე, გაგიჟდები. გამიხარდა, რომ მეთანხმები და მარტო არ ვყოფილვარ.
რა კარგია, ამ თემაზე რომ დაწერე. მეც რამდენჯერ მიფიქრია. მინდა, მოვიშორო ის თითქოსდა დანაშაულის გრძნობა, რაც ახლავს იმ კატეგორიის ნივთების შეძენას, რაც შენ ახსენე. ჩვენი ბავშვობის მერე ღირებულებები მკვეთრად შეიცვალა და ჩვენი ასეთი მდგომარეობაც ამის გამოა. იმ სისტემის შექმნაში, რაც გვაღიზიანებს, ბევრი შრომაა ჩადებული, ამიტომ ისინი (დასავლელი ქონზუმერიზმის წარმომადგენლები)გამიჯნავენ თუ არა want–ებს need–ებისგან, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს...
რა კარგად მესმის, როცა ამბობ, მენანება ის შრომა, ამ ნივთის საყიდელ ფულს რომ ხმარდებაო. მეც ასე ვარ... უბრალოდ იფიქრე, რომ იმსახურებ, რაც ჯერ გინდა, შემდეგ კი მართლა გჭირდება.
ჩემი მობილი და ფოტოკამერა უფრო მოხუცები ყოფილან :)
სოფი, მე ასე ვუყურებ ხოლმე შენაძენებს – თუ ვყიდულობ, აუცილებლად საჭიროების გამო და ჩემი შემოსავლების გათვალისწინებით. არასდროს მქონია ვინმესთვის ნივთებით და ბრენდებით თავმოწონების სურვილი, საზოგადოებრივი აზრი ამ შემთხვევაში არასდროს მაინტერესებს. რაკი ვყიდულობ რამეს, ვფიქრობ ხოლმე: მე მომეცა ამის შეძენის საშუალება ჩემი შრომით და ალბათ "ზემოდან" ნებითაც, ჰოდა მშვიდად და სიხარულის გრძნობით ვიღებ მერე. :)
მახსოვს დალაილამას ეწერა თავის წიგნში The art of happiness ბედნიერებას საგნებში ვერ იპოვიო, და პირიქით შეილება უფრო უბედური გახდეო. ამიტომ სანამ რამეს იყიდი, დაფიქრდი გჭირდება ეს საგანიო? შეგიძლია მის გარეშე ყოფნაო. და ეს სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს ჩემთან. ჩემტან საგნებში დახარჯული ფული უფრო მეტი შფოთვის გამომწვევი მიზეზია.
უმრავლეს დროს როცა ფულს ვხარჯავ ტექნიკაში, ტანსაცმელში და ხანდახან საჭმელში (განსაკუთრებით დღესასწაულების დროს) საშინელი დანაშაულის გრძნობა მიბყრობს. კიდევ კარგი ხშირად არ ვყიდულობ ნივთებს.სხვათაშორის ჩემი ლეპტოპიც 2006 წლიდანაა და მეხსიერებას ვუცვლიდი შიგდაშიგ რომ ეცოცხლა და ცოცხლობს მშვნივრად ჩემი ზარბაზანა :) ორი რამეა რაც არ იწვევს სინდისის ქეჯნას 1. მოგზაურობაში დახარჯული ფული და 2. ჩემებს რომ ვუგზავნი (ცოტას მაგრმ მაინც)
@თინიტა, ბევრი შრომაა ჩადებული, გეთანხმები, მაგრამ კალიფორნიაში შექმნილ და ჩინეთში დამზადებულ აიფონს რომ ვხედავ, დაჩაგრული მუშების მეტი არაფერი წარმომიდგება თვალწინ, საათში ორ დოლარსაც რომ არ უხდიან :|
მიჭირს ძალიან საჭიროებაზე წინ სურვილი დავაყენო.
@ქეთი, მეც უმეტესად საჭიროების გამო. რომ დავფიქრდე, სასწაულად დაძველდა ჩემი ლეპტოპი და მილიონჯერ მაქვს გადაყენებული ვინდოუსი, მაგრამ მერე ვფიქრობ, იქნებ კიდევ ერთხელ გადავაყენო, შევაკეთო და მქონდეს... ხომ იცი, ადამიანში ყოველთვის კონფლიქტია: რატომაც არ უნდა მქონდეს ახალი და ძვირფასი ნივთი და მეორე: ის ჭია რომ გღრღნის, რაც მე ამ პოსტის წერისას.
@ტომა, ხანდახან საჭმელშიო, კარგი იყო, მე მგონია, ადამიანები ყველაზე ბევრ ფულს საჭმელში ვიხდით ზუსტად და მერე დანარჩენში. აი, შენებისთვის გაგზავნილი ფული ყველაზე მნიშვნელოვანია და საამაყოც.
ჰოდა, რომ გაქვს საჭიროება, უნდა იყიდო, სოფი, თანაც მშვიდად და სიხარულით :*
სოფი)) სულ შემოვდივარ აქ მაგრამ რსაც ქვია შემოვრბივარ და გავრბივარ, 3-4 დაგროვილ პოსტს გადავიკითხავ და დამუხული მივიდვარ და სულ სინდისი მქენჯნის რომ არ ვტოვებ კომენტარს.
ზუსტად მსგავსი აზრები მიტრიალებს ამ ბოლო დროს თავში.. ჩემი ლეპტოპიც 5 წლისაა და უკვე ძალიან მაწვალებს, ჰოდა ხმამაღლა გავბედე მაქბუქზე ფიქრი და სულ რომ მინდოდა გადავწყვიტე უფრო რეალურ ოცნებად მექცია, ასე ვთქვათ მშობლებისთვის შეპარების სტადიაზე. ჰოდა ის საოცარი ფასები რომ ვნახე, ძალიან ძალიან შემრცხვა ერთის ამ ქვეყანაზე---ღმერთის. დედა ყვებოდა ამას წინათ რომ მისი ნათესავი სისხლს აბარებს რომ შვილები გამოკვებოს მე კი..
ძალიან გრცხვენია და თავს დამნაშავედ გრძნობ..( საშინელება..
@ქეთი, :)
@ანა, როგორ მიხარია, რომ არ გავიწყდები :* ხო, მეც ზუსტად ასეთი ფიქრები მიტრიალებს თავში, როცა მაკბუქი მინდება... :/
Post a Comment