Wednesday, December 5, 2012

იდეალური საღამო


ძილის წინ, სანამ პიჟამოს ჩავაცმევ, ცოტა ხანს ვაცდი, რომ ლოგინზე თავისუფლად იკოტრიალოს და იცინოს ხოლმე. მერე ვაჭმევ და იდეალურ შემთხვევაში, ჩემთან მოხუტებული იძინებს; არაიდეალურში, სწრაფ–სწრაფად ჭამს, აქეთ–იქით ბრუნავს და საბანს ფეხებით იხდის. ამ დროს, მე ორი ხელი უკვე აღარ მყოფნის მის შესაკავებლად და საბნის გასასწორებლად.
დღეს ერთერთი იდეალურ საღამოთაგანი იყო. უცებ დაიძინა, მე კიდევ მის თავში ჩავრგე ცხვირი და ისეთი ტკბილი სუნი ასდიოდა, ფრთხილად დავუკოცნე ბუმბულივით თმები და უცებ ვიგრძენი, როგორ მიყვარს ეს პატარა და მოუსვენარი ბავშვი, ხან რომ უსუსურია და ხან – სასწაული ძალა აქვს, განსაკუთრებით თვალებში. ზოგჯერ მეშინია, თითქოს მუდამ სარკეში ვიყურებოდე და საკუთარ, ცოტა გამუქებულ, თვალებს ვხედავდე.

როგორი მართალია დედაჩემი, რომელიც ხშირად ამბობდა, მთავარი ბავშვის გაჩენა კი არა, ჯერ მისი აღზრდააო. მხოლოდ იმის შემდეგ შეგიყვარდება, როცა მასზე ამაგი გექნებაო, მამშვიდებდა, აქ როცა იყო ეზრას დაბადების შემდეგ; მე კიდევ, საშინლად განვიცდიდი, რომ ჯერ ისე არ მიყვარდა, როგორც წიგნებში წერენ ან ფილმებში აჩვენებენ. 
პირველ ხანებში, საერთოდ, ვალდებულების გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. თან მშობიარობის ტკივილები და სისხლები ხშირად მახსენდებოდა და ძალიან მაწუხებდა. ძუძუს წოვებაც რთული და მტკივნეული იყო თავიდან. მაგიჟებდა სრულიად შეცვლილი ჩემი ცხოვრება და არეული გრაფიკი, ყოველ ორ საათში და ხანაც საათნახევარში რომ შივდებოდა ეზრას და თავი რძის საწარმო მეგონა. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარაფერი მეგონა. მშობიარობიდან რამდენიმე თვე, ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან სიურეალურად (თუ შეიძლება ასე ითქვას) ვაზროვნებდი და თავს სიზმარში ვგრძნობდი, ოღონდ, არცთუ ისე სასიამოვნო სიზმარში.

უკვე 8 თვე გავიდა.
8 თვე.
8 – ყველაზე სიმბოლური ციფრი, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც – დასასრული. ისევე როგორც დედობას, ალბათ. ყველა ქალშია ეს საწყისი, მათშიც კი, ვისაც შვილები არ ჰყავს. 
უკვე 8 თვისაა ეზრა და ძალიან შეცვლილი, ვიდრე 8 თვის წინ იყო. პატარა ავოკადოს ბიჭი, მზიანი და ამავე დროს წუწუნა (როგორც ყველა ბიჭი), დედაზე მიწებებული (როგორც ყველა მამაკაცი :ლოლ: ), ძალიან სწრაფი და მოძრავი, ამ დროს ხელში ჭერის მოყვარული. 
ეზრა, ეზრა, გაიზარდე დიდი ბიჭი: ჯანმრთელი და ლაღი!!!


10 comments:

Unknown said...

ჩამთბა...!!!

Sophie שרה Golden said...

:) შენს მშობლებსაც ასე უყვარხარ, მიდი და ჩაეხუტე ახლავე :*

Unknown said...

მამაჩემს დღემდე ვუჯდები ხოლმე კალთაში... დედაჩემს კალთაში თავს ვუდებ ^^

Keti said...

სოფი, უთბილესი ჩანაწერია! გაიზარდოს ეზრა ბედნიერი და ჯანმრთელი ბიჭი! იცი რას ვფიქრობ? ძალიან მომინდა, როცა გაიზრდება, ქართული წერა–კითხვა იცოდეს და ეს ბლოგი წაიკითხოს, ორიგინალში და არა ნათარგმნი, რომ მიიღოს ის უდიდესი სითბო, რასაც აქ დებ :*

ჯუნა said...

გავთბი :*

Unknown said...

ქეთი, ალბათ, ვინც ამ ნაწერებს კითხულობს, ბევრ ჩვენგანს გაუჩნდება ეგ სურვილი, იმიტომ, რომ ზუსტად იგივე მომინდა წუხელ : ))

Keti said...

სალომე :))

xissunianisaxli said...

რა მაგარია და მნიშნელოვანი

Toma said...

ისე საყვარლად წერ მეც მომინდა შვილი, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არ მინდა.

Sophie שרה Golden said...

@სალომე, რა კარგი შვილი ხარ.

@ქეთი, ვიმედოვნებ, რომ წაიკითხავს, უკვე ვეძებ დედა ენას მისთვის, სახლში რომ ვასწავლო მერე კითხვა.

@ჯუნა, :*

@ხისსუნიანი სახლი, კი, ძალიან.

@ტომა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოვა დრო და აიღებ პასუხისმგებლობას მშვენივრად, შენ ეს არ გაგიჭირდება, დარწმუნებული ვარ :)