ადრე უშიშარი ვიყავი.
ბავშვობაში ღამით მარტო სიარული შემეძლო, ბნელ ოთახში შესვლა და ნებისმიერი მწერის თუ ბაყაყის მოფერებაც. ბაყაყები დღემდე მიყვარს, იცით, ნამდვილი თუ სათამაშო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თევზების შემეშინდებოდა.
ჩიტები არ მიყვარს, ქათმები მომწონს, ისეთი შტერი და საყვარლები რომ არიან, მაგრამ აი ფრთხიალა ჩიტები, განსაკუთრებით გალიაში, მახსენდება და მაჟრჟოლებს.
რა ტკბილად მახსენდება – ზაფხულის არდადეგები, მთა, უზარმაზარი ვერხვები და იორი; მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში ისე დაპატარავდა და დავიწროვდა, არ ვიცი, როგორ გაქრა ასე? პრინციპში, როგორ არ ვიცი, შევარდნაძის პერიოდში ნახევარზე მეტი ტყე გაჩეხეს და თურქეთში გაიტანეს, მერე იქიდან უვარგისი ლამინატი შემოიტანეს ჩვენი ლამაზი მუხების მაგივრად. მაგრამ ეს, ბუნებრივია, არავის აინტერესებს, რადგან მთავარი მაინც დემოკრატიაა.
მოკლედ, ამ ლამაზ მდინარეში უგემრიელესი თევზები ბინადრობდნენ თავის დროზე: შამაია, მურწა, კალმახი... ყველაზე გემრიელი და ბუნებრივი, "არაქიმიური" თევზები. ჩემი დეიდაშვილი დიდი ოსტატი იყო თევზის ჭერის და ერთ ზაფხულს ისეთი "მოსავალი" მოვიდა, ყოველდღე მოჰქონდა სახლში კილოობით თევზი და ერთადერთი მოხალისე მე ვიყავი, რომელსაც არ ეზარებოდა ამ თევზების გამოშიგვნა და გასუფთავება. ხანდახან გასუფთავებისას შევკივლებდი ხოლმე, რადგან ზოგიერთი თევზი ისევ ცოცხალი აღმოჩნდებოდა და ფაქტიურად, მე უნდა მომეკლა.
იმ დღეს სკუმბრია ვიყიდეთ სუპერმარკეტში, დღეს გამოვიღე საყინულედან და აღმოვაჩინე, რომ თავიანი თევზები ყოფილა. არ ვიცი, რატომ, აქამდე არასოდეს გამიკეთებია სკუმბრია და არ ვიცოდი, თავით თუ იყიდებოდა. რატომღაც მახსოვს, საქართველოში უთავოებს ვყიდულობდით. მართალია, ნახევრად გაყინული იყო ჩემი სკუმბრია თევზები, მაგრამ თავებს რომ ვაჭრიდი, ისეთი ზიზღი ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და ისე ვყრიდი ნაგავში. აღარასოდეს ვიყიდი სკუმბრიას. ყოველ შემთხვევაში, თავიანს.
ისეთი სუსტი გულის არ ვარ, რომელსაც ჰგონია "კარგი" ხორცი ან თევზი მაღაზიაში იზრდება, მაგრამ ამის მერე უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა თევზების მიმართ.
ან იქნებ, ფსიქოლოგიურად რომ ჩავუღრმავდე, ჩემი ბავშვობა მომენატრა, ყველაზე უდარდელი და ლაღი პერიოდი, მაღლა აწეული თმა რომ მქონდა და ძველი მწვანე შორტები მეცვა; თევზების და ბაყაყების მოყვარული ბავშვი ვიყავი და მჯეროდა, აუცილებლად წავიდოდი სამხრეთ ამერიკაში იმ მწვანე შორტებით.
ახლა თითქმის ორჯერ უფროსი ვარ მაშინდელ მეზე. იორი კიდევ უფრო დაპატარავდა, ტყეც შეთხელდა და თევზებიც წავიდოდნენ... ჰოლდენ კოლფილდის იხვებთან ალბათ.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




6 comments:
რა საოცარია, ჩიტებზე მეც ზუსტად ასე ვარ. რაღაც რუსული მოთხრობების კრებული მქონდა ადრე, ულამაზესი ილუსტრაციებით. იმ გვერდის მეშინოდა, რომელზეც გალიიდან გამოფრენილი ჩიტი ეხატა! ჩემი მეგობარი, ვერიკო, თავის პატარა გოგოს ეტყოდა ხოლმე საქმიანად, ჩიტი არ გამოუშვა, თიკოს ეშინიაო. მე თვითონ მეცინებოდა ხოლმე ამაზე, მისი შვილები ლამის ახრჩობდნენ კოცნით იმ თუთიყუშს, მე კი.... მაგრამ რა ვქნა! :))) სახლში რომ რაღაც დაფრინავდეს, შეიძლება გავგიჟდე!
ბოლო სიტყვებზე გული მომეწურა... ამასწინათ ვფიქრობდი, ნეტა ზემოდან როგორ ჩანს ჩვენი ცხოვრება? როცა საცხოვრებელ ადგილს ვიცვლით, ალბათ ჭადრაკის ფიგურებივით გადავადგილდებით. როდის სად მოვხვდებით, ეს როგორ იგეგმება, ამაზე ბევრი ფიქრი არც ღირს... უბრალოდ, უკან მოხედვაა ძალიან სევდიანი. ტკბილი ამბებიც სევდიანად გაგონდება. მაშინ ხომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო, კამკამა მდინარეში თევზებს რომ იჭერდით და ასუფთავებდით, ახლა კი რამხელა ფასი აქვს!!!
ძალიან სევდიანად რომ არ დავასრულო, ერთ სასაცილო ამბავს გავიხსენებ: ასე, პირველკურსელი ვიქნებოდი, რაღაც პროექტში თარჯიმნად ვმუშაობდი, ერთი გერმანელი ექსპერტი იყო ჩამოსული რა რეგიონებში ვატარებდით. გზიდან დაინახა, მდინარეში ვიღაც თევზაობდა, იქვე სხვა ვიღაც საზამთროს აცივებდა, იქეთ მანქანას რეცხავდნენ, ბანაობდნენ... იმ კაცის სახე და სახელი არა, მაგრამ მისი გაოცებული სახე ახლაც მახსოვს :)))))))
@თინითა, მგონი, ყველაზე სევდიანი ბავშვობის მოგონებებია, იმიტომ, რომ თან ყველაზე ტკბილია და თან ისეთი, აღარასოდეს რომ დაბრუნდება. არც მინდა, რომ დაბრუნდეს, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, მაგრამ გახსენება ტკბილ–სევდიან–სასიამოვნოა.
დიდი მადლობა ასეთი, ხშირად პოსტზე ლამაზი, კომენტარებისთვის.
კომენტარი თუ კარგია, მხოლოდ იმიტომ, რომ პოსტითაა ინსპირირებული! :) ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმავეს რომ ამოვიკითხავ, რაც თავად განმიცდია და როგორც განმიცდია.
მე კიდევ ჩიტებს გალიაში ვერ ვიტან, მარტო თუთიყუშს შევეგუებოდი შინ, ისე კი ფრინველები ძალიან მხიბლავენ :)
თევზის თავების მიმართ მეც მასე ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც მარტო დარჩენის მერე აღმოვაჩინე, ქათმის გამოსუფთავება მზარავს, ამიტომ არც ვყიდულობ. ადრე არ ვიყავი ასე. :(
თბილი პოსტია, მონატრებით სავსე, სოფი...
აქ რომ შემოვდივარ, ვმშვიდდები :)
@ქეთი, აქამდე არ მიპასუხია თურმე, ბოდიში. ქათამი არასოდეს გამისუფთავებია და შემაჟრჟოლა გახსენებაზე :|
სულ მონატრებებით ვარ სავსე მე კიდევ, უჰ...
@მარ, მიხარია, თუ ასეა და შემოდი, როცა მოგესურვოს :)
Post a Comment