იმდენი თემა აქვს გაშლილი, ადვილი მისახვედრია, რომ ქალია და თანაც მე–20 საუკუნის, თანაც ირანელი და თანაც მეამბოხე სულის. ისეთი მეამბოხე არა ოღონდ, თავს რომ გაჩვენებენ; აი, ისეთი, ნამდვილი თავისუფალი სული რომ აქვს და რევოლუციას გარეთ კი არა, ჯერ შიგნით, თავის თავში ახდენს. ბავშვობიდან "შაჰნამეს" კითხულობს და ბანალური გმირების მაგივრად, გრძელთმიანი და გიშრისფერთვალება"ვეფხისტყაოსნისგმირებისმსგავსი" რუდაბე უყვარს.
ახლა ვფიქრობ, რუდაბეს თემას გავყვე, ისლამისტურ რევოლუციაზე დავწერო ორიოდე სიტყვა თუ საქართველოს ისტორიაზე, რომელიც ისეა გადაბმული სპარსეთთან, როცა აზარ ნაფისის ისტორიას კითხულობ, გგონია, ეს შენც გადაგხდენია და შენს ქვეყანაში მომხდარა.
ან იქნებ ყველაფერი ერთად ვთქვა.
ისტორიით დავიწყებ და მომდევნო პოსტებით (შეიძლება თანმიმდევრულად არა) სხვა თემებსაც შევეხები.
არ ვიცი, თქვენ რა გახსენდებათ, როცა სპარსეთს/ირანს ახსენებენ და მე მაშინვე წარმომიდგება ვარდების სურნელით გაჟღენთილი ისპაჰანი, შაჰ აბასის ოქროსფერი სასახლე და მის ეზოში მოსეირნე ლომები, რომლებსაც, გიორგი სააკაძე ცალი ხელით მოერევა (იმედია, არ მეშლება).
موزه مجازی ایران
თითქმის ასეთივეა ნაფისის სპარსეთი, ასევე წარმოუდგენია მასაც შაჰ აბასის პერიოდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შაჰ აბასიც და უკვე გვიანდელი აღა მაჰმად ხანი, მისთვის დიდად საამაყო გმირები არიან; ამ დროს, მე მათზე სისხლისმსმელ და დაუნდობელ მმართველებად არავინ წარმომიდგენია, მოსვენებას რომ არ აძლევენ ქართველ მეფეებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ომებში ატარებენ და ბიბლიოთეკა ცხენებზე აკიდებული დააქვთ, წიგნები ისე მაინც რომ წაიკითხონ.
რამდენადაც სისხლიანი წარსული ურთიერთობები ჰქონდათ საქართველოსა და ირანს, იმდენად ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა, ზოგჯერ მგონია, ესეც ერთი შეხედვით. სპარსეთი ბევრად მხურვალე აღმოსავლეთია, ვიდრე საქართველო. იქ ადამიანები უფრო ემოციურები და გაუწონასწორებლები არიან, ჩემი აზრით.
აზარ ნაფისი იხსენებს თავის მამის სიტყვებს, ირანელები ძალიან მოქნილი ერია და ადვილად ჰყვებიან ყველანაირ წინადადებასო. ზუსტად.
ზოროასტრული და ვნებიანი ქვეყნიდან არაბული მმართველობის ქვეშ როგორც კი მოექცნენ, ისლამი მიიღეს, ქალებს ჩადრი დააფარეს და მაშინვე ბინძურ არსებებად ჩათვალეს (თუმცა, ზოგიერთს დღემდე, სიკვდილის შემდეგ ქალწულებთან შეხვედრის სჯერა და ელის). მე–20 საუკუნემდე იცვლებოდა დინასტიები, ერთმანეთში ირეოდა მაჰმადიანობა და წარმართობა, შიიტობა და სუნიტობა... სანამ ამერიკულ–ბრიტანული პროპაგანდა არ გახდა მათთვის მისაღები და ისევე სწრაფად მოიხადეს თავზე, როგორც დაიფარეს. როგორც წესია, რაც უფრო ჩაგრულია ადამიანი, მით უკეთესად გამოსდის შემდეგ ტირანობა; ამანაც ცოტა ხანს გასტანა, 70–იანებმა ჩიარეს და აიათოლა ხომეინიმ, საფრანგეთშიც რომ ხალიჩაზე იჯდა ფეხმორთხმული, ირანი ისევ იქ დააბრუნა, სადაც არცერთი მოაზროვნე ისურვებდა დაბრუნებას.
ხშირად ვკითხულობ ხოლმე, რომ საქართველოს ირანს ადარებენ. ბევრი ისტორიული მოვლენისა და "მოქნილი" ხასიათის მსგავსებისა, ხან თავად–აზნაურობა რომ ადიოდა ცამდე და მერე ჩვენმა მიწამ სტალინიც გააჩინა, ვერ ვიტყვი, რომ იდენტური ერებია.
შეიძლება იმიტომ, რომ საქართველო ძალიან პატარაა და ყველა ერთმანეთის ნათესავია, ხალხიც უფრო თბილია, რევოლუციები ნაკლები ხდებოდა და არც ქალებს აძალებდა ვინმე თავზე დაფარებას ან მოხდას. მართლმადიდებლური რელიგიაც უმეტესად შემწყნარებლური იყო.
საქართველო, როგორც ზოგიერთი ადამიანი, უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა; არც ნება მიუცია ვინმეს, მეზობლები თვითონ აერჩია. ერის ფსიქოლოგიაზე, კულტურაზე, ენასა და გეოგრაფიაზე გავლენას სულ გარშემო და შიგნით მოთარეშე დამპყრობლები ახდენდნენ.
თუ ბედი საერთოდ არსებობს, საქართველოს უნდა ჰქონდეს, ყველაზე სასწაული და უცნაური ბედი – ერთი ბეწო, გალიაში გამომწყვდეული ჩიტისა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც განსაკუთრებულად და ყველაზე ლამაზად ჭიკჭიკებს.
_____
პ.ს. ემოციური და თუნდაც ოდნავი პათოსური გადახვევები მომიტევეთ, ხომ იცით, როგორიც ვარ :)





6 comments:
სოფი, რამდენი ხანია ასეთი განწყობის პოსტი აღარ წამიკითხავს : ) აღარსად..
კარგი არის : )
"ირანის ტაშირი გასუდრულია." (გ.რ.)
ფაროხზადეს ლექსები გამახსენა შენმა პოსტმა და კიდევ ჩვენი ფერეიდნელები.
ბოლო აბზაცზე გული შემიხტა.
@ანაბელ, მე თვითონ მომენატრა ასეთი პოსტი ძალიან და ნაფისის წიგნი დამეხმარა. მადლობა.
@თინითა, არ მეგონა, თუ ვინმე ახსენებდა ფაროხზადეს და ახლა მე შემიხტა გული :) ფერეიდნელების ისტორია კარგად არ ვიცი, სამწუხაროდ, ვისურვებდი მეტის ცოდნას ან შენ თუ რამეს დაწერდი, რა კარგი იქნებოდა.
საინტერესო წიგნი ჩანს და გააგრძელე მერეც მოყოლა =)
ირანი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ნახვაც მინდა. ასე შორიდან მგონია, რომ ძალიან ლამაზია და საინტერესო. და კიდევ, ამბობენ, ვინც ირანში ყოფილა, ქალები არც ისე დაჩაგრულად გრძნობენ თავებს ოჯახებშიო. რა ვიცი აბა.
ამას წინათ რუსთაველზე ირანელები ვნახე. ალბათ ტურისტულად იყვნენ ჩამოსულები – ქმარი, ცოლი, მოზარდი ბავშვები. ოთხივეს ისეთი სიმშვიდით და რაღაცნაირი სიდარბაისლით სავსე სახეები ჰქონდათ, ქალს კი ულამაზესი თვალები.
@ბაბისა, აუცილებლად if mum-to-be wishes :))
@ქეთი, მეც მინდა და თან არ მინდა, ჩემს წარმოსახვაში როგორიცაა, ისეთად მინდა დავტოვო.
ბევრ ირანელს არ ვიცნობ, მაგრამ ადრე დავწერე პოსტი, თუ გახსოვს, ჩემს ერთ ნაცნობ გოგოზე და ის მიყვებოდა, არავინაა დაჩაგრული, თუ თავს არ იჩაგრავსო.
Post a Comment