Monday, April 29, 2013

თხის რქა და "ბანანთევზა"

I'm Capricorn, - he said. - What are you?

"A Perfect Day for Bananafish" J.D. Salinger



რამდენჯერ მაქვს ეს მოთხრობა წაკითხული და მხოლოდ გუშინწინ "დავაკვირდი", სეიმური რომ თხის რქა ყოფილა. გული მომეწურა.

საშინელი სურდო მაქვს, ისეთი, ფრენი (იმავე დალოცვილი ოჯახის შვილი, როგორც ანუშკა იტყვის ხოლმე) იტყოდა, I would just roll over and die-ო.
ჯერ ჩემი ქმარი გახდა ავად ორი კვირის წინ, მერე ეზრას აუწია სიცხე და ხველება დაიწყო, თან კბილები ჩამოსდის და სასწაულ დღეში ვართ. გუშინ კიდევ დილის 5–ზე, ეზრამ რომ გამაღვიძა, ყელი ისე მტკიოდა, გიჟივით წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი თაფლის მოსაძებნად. ბავშვობიდან მჯერა (ანუ ასე მასწავლეს), უზმოზე თუ ერთ კოვზ თაფლს ნელ–ნელა მოწუწნი, ყელის ტკივილს გადაურჩები.
ყელის ტკივილს კი გადავურჩი, მაგრამ ორივე ნესტო გამეჭედა და არ ვიცი, რამდენი შეკვრა ცხვირსახოცი დავხარჯე უკვე. თვალები მტკივა და მეცრემლება.

მერე დღეს საღამოს ეზრა ისეთი ჰიპერაქტიური იყო, საწოლში ვერ ვაკავებდი და ერთი საათი მოუნდა, სანამ მოკალათდა და დაიძინა.
ხოდა ტირილი მინდოდა. ხანდახან, იცოცხლე, ისეთი ღრიალი ვიცოდი ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს მეზარებ. მერე ჩემს თავს გავახსენე, რომ სატირალი არაფერი მაქვს და დედაჩემი როგორც იტყვის ხოლმე, ღმ–ერთს არ აწყენინოო, მეც გადავწყვიტე არ მეწყენინებინა და ეზრამაც დაიძინა. მეც დავლიე კიდევ ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი და წერა დავიწყე.

Roll over and die, გადატანითი მნიშვნელობით, თორემ არც მე და მეეჭვება, ფრენისაც ეს ნდომებოდა.

მე ვარ თხის რქა სეიმურივით.
ეზრა კიდევ – ვერძი.
ანუ ჩემს ქმარს ადვილი ცხოვრება არა აქვს.

იმის თქმა მინდოდა, რომ რაღაც ბლოგს ვკითხულობდი და იქ წერდა ერთი გოგო, რატომღაც ადამიანები ველოდებით, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება ოდესმეო. ხოდა დავფიქრდი სერიოზულად.
მეც ასე ვიყავი. ეზრა რომ გავაჩინე, ვფიქრობდი, აი, გავა რამდენიმე თვე და ძველებური სოფი ვიქნები, იმავე წონის დაბრუნებას ვინ დარდობს, ან ქალაქობანაში ჩაფლავებას–მეთქი.
ლამის ერთ წელზე მეტი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში აღარ ჩადგება და საერთოდ, ეს კალაპოტი და ჩვეული საშინელი სიტყვებია. ან ვის რა ჯანდაბად უნდა.
რა ჯობია იმას, რომ ცხოვრება შეიცვალა და მეც, ყოველდღე სხვადასხვა სირთულის გადალახვა მიწევს, ვიღლები, მერე მიხარია, ვიცინი...
ბავშვის დაბადების მერე ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო, სოფი, ამას კაი ხნით ადრე უნდა მიხვედრილიყავი და არა 25–ს გადაცილებულსა და 30–ს მიახლოებულ ასაკში. ბავშვები იმიტომ მოდიან ამ ქვეყანაზე ჩვენი დახმარებით, რომ სამყარო შეცვალონ. ყველა მესია არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მშობლების სამყაროსა და მსოფლმხედველობის რაღაც ნაწილის შეცვლას მაინც ახერხებენ.
ზემოთ კი მივწერე ჩემს თავს, "კაი ხნით" ადრე უნდა მიხვედრილიყავი–მეთქი, მაგრამ ვერასოდეს მიხვდები ამას, სანამ დედა არ გახდები და ცხვირგაჭედილი და თვალებდაწითლებული არ წამოხტები გამთენიისას შენი შვილის წამოტირებაზე.

გლასები რატომ გავიხსენე?
გამოიცანით, ვინ არის ჩემი საყვარელი გლასი სეიმურის, ფრენის და ზუის გარდა?
ბესი :) გლასების ირლანდიელი დედა, ახლა ჩასუქებული [ჩემსავით], მაგრამ ერთ დროს წერწეტა [ჩემსავით] მოცეკვავე რომ იყო და წარმომიდგენია, როგორ მსუბუქად დასრიალებდა სივრცეში. ისე მიყვარს ეს ქალი, ისე მიყვარს. იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი შვილები გაზარდა, შვიდივე, ადამიანურები, კეთილები და ჭკვიანები. ძალიან კარგი დედაა ბესი, თან ცოტა ფეთიანიც, როგორც ყველა დედა. 

თქვენი საყვარელი გლასი რომელია?

8 comments:

Unknown said...

ჩემი საყვარელი გლასი ზუია :) მაგრამ ზუის საერთოდ არ მესმის, ისე როგორც ჩემი მერწყული ქმარის, და საერთოდაც მგონია რომ ზუიც მერწყულია. აი სიმორი - კაპრიკორნი, პირდაპირ ჩემ გონებას ეჭიდება კბილანებით, ისე ახლობლურად განსჯის.

სოფი, მალე გამოჯანმრთელდებით, ეს გაციებები და რაღაც არაფერია, ნუ დარდობ და ტირილი კიდე, სულაც არაა ცუდი.

Anonymous said...

საინტერესო რაღაც წავიკითხე: ,,იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი შვილები გაზარდა, შვიდივე, ადამიანურები, კეთილები და ჭკვიანები. " სულ მაინტერესებს, ჭკვიანებად, კეთილებად , ადამიანურებად, აღზრდა გვანვითარებს თუ თანდაყოლილი ეგო. სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია...

Charlotte Alexandra- :))))) ჩემი ქმარიც მერწყულია და მეც არ მესმის მისი :))))))))))))))))))))))00

მალე გამოანმრთელებას გისურვებ.

Anonymous said...

სოფი, რა მაინტერესებს იცი? ფეხმძიმობისას გაგექცა წონა და მერე ვეღარ დაიბრუნე? ან ეცადე დაბრუნებას, მაინც?

სიგიჟემდე მეშინია ორსულობის! მეშინია, რომ ძველი წონის ვეღარასდროს ვიქნები... მეშინია, რომ კაკრაზ ცხოვრება "ჩვეულებრივ კალაპოტში" აღარასდროს ჩადგება... მეშინია, რომ მეც შევიცვლები და მე კიდევ არ მინდა შეცვლა :( ქარაშუტულად ჟღერს ხო?
განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა ყველაზე ძალიან მაინც წონის მომატების და ვერ დაკლების მეშინია :))))

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, :დ არც მე მესმის და მგონი, არავის ესმის თავისი ქმრის.
ცხოვრებაში კიდევ, სეიმური/სიმორი ხომ ვიცით როგორი ტიპიც "იყო" და როგორი გოგო მოიყვანა ცოლად :|

უჰ, დავიღალე, სულ სხვა ადამიანად მაქცევს ხოლმე გაციებები და ხველება, საშინლად ნერვიული ვხდები :(

@თ, 50/50–ზეა, ჩემი აზრით. გენეტიკა და აღზრდა აყალიბებს ადამიანად იმად, რაც არის. გამონაკლისებიც არის, ხომ ამბობენ, მშვენიერ ოჯახში საშინელი შვილები ჰყავთო, მაგრამ უიშვიათესია ეგ, სიყვარულით და სიკეთის ჩაგონებით გაზრდილი ბავშვი არ არსებობს ცუდი გამოვიდეს და გლასებიც ასე გაზარდა ბესიმ, მჯერა :)))
ქმრის გაგებაზე, ზემოთ დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ მერწყული არ არის :ლოლ:

@ბლონდი, კი, ფეხმძიმობისას "გამექცა" და თან როგორ...
პრინციპში, ისეთი "ჩასუქებულიც" არ ვარ, როგორც პოსტში ვწერ, უბრალოდ, სხვანაირი ვარ, "არაგამხდარი" :)))
მშობიარობის მერე ძალიან სწრაფად დავიკელი, სადღაც ორ თვეში ისევ წერწეტი ვიყავი (ნუ მთლად ადრინდელივით არა, მაგრამ შედარებით), მაგრამ მერე "ავუშვი" – მეთქი, ძუძუთი კვებას ბევრი ვიტამინები სჭირდება და შუაღამისას ვჭამდი ისეთ კალორიულ რაღაცებს, ახლა რომ ვიხსენებ, ვგიჟდები.
საქმეც ეგაა, რომ დიდად არ ვცდილობ და ისევ გამირბის წონა, ამიტომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, რამდენად მოინდომებს, ამიტომ შენ არ შეგეშინდეს. კალაპოტი კიდევ სისულელეა, მიხვდები, როცა დრო მოვა :)

unaamarga said...

„სიმორ გლასი
შინ მოსვლაში“ - სწორად მახსოვს? :) აუ, თაფლი ჩემთვისაც უებარია ყელის ტკივილის დროს. ჩემთვის არ უსწავლებიათ, თვითონ მივაგენი.

Sophie שרה Golden said...

@უნაამარგა, ალბათ. ქართულად არ წამიკითხავს. ეგ ალბათ ინგლისურის ეს ვარიანტია: "Did you see more glass?" – სიბილი დედას რომ გულს უწყალებს ამით?

ხო თაფლი კარგია, თუმცა ზოგი ამბობს, დიდადაც არ შველის და ფსიქოლოგიური მომენტიაო, რა ვიცი, მე კი მჯერა და :დ

Anonymous said...

ჩემი საყვარელი გლასი ბუბუა, მსოფლიოში საუკეთესო და და დედა, მოკლედ შეჭრილი თმით, გაჩხიკულ ფეხებზე ამოცმული ჯინსებით და გამოშვერილი ყურებით :)

Sophie שרה Golden said...

@Mariefille, ალბათ, ყველას ის გლასი (და დედებს დედები) მოგვწონს, ვისთანაც ჩვენს თავს რაღაცნაირად ვაიგივებთ, ხო?