Sunday, May 12, 2013

ლილუს პაპა, დედის დღე და მენტალური არასტაბილურობა

ამ ერთ პოსტში სადღაც სამი სუბ–პოსტი უნდა ჩავატიო ახლა.

1) 9 მაისი

საერთოდ, 9 მაისს უნდა დამეწერა დიდი, ჩემებური სოციალისტური და გულიანი პოსტი (heartful - ამ ბოლო დროს ეს სიტყვა ავიჩემე და სულ ამას გავიძახი. აზრზე არ ვარ, საერთოდ, ასეთი გაგება თუ არსებობს ინგლისურში, მაგრამ მე მომწონს).
მოკლედ, ის უნდა დამეწერა, რომ ძალიან გულისამრევი იყო ქართველი სოციალური მედიის "მონების" ტვიტები თუ სტატიები, თუ მოწოდებები, რას ზეიმობთო, კომუნიზმის გამარჯვებას ფაშიზმზეო (ვითომ ერთი ტირანიის მეორეზე). ამ დროს მინდა ხოლმე, იმ უტვინო ხალხს თავში წამოვარტყა და გავახსენო, რომ მათი პაპები, დიდი პაპები, ან პაპების ძმები – აუცილებლად იქნებოდნენ მეორე მსოფლიო ომში; ისინი თუ არა, ვიღაც, მათი ახლო მეზობელი და ნათესავი მაინც.

ფილტვებში ტყვიის ანასხლეტებიც ექნებოდა ჩარჩენილი (ლილუს ზაქრო პაპასავით) და მხოლოდ სტალინის სიყვარული კი არ აბრძოლებდათ, იმის სჯეროდათ, რომ თავის სიცოცხლეს სიკეთესა და თანასწორობას სწირავდნენ; იმათ წინააღმდეგ მიდიოდნენ, ვისაც არიელების გარდა სხვა ადამიანები ცხოველებად მიაჩნდათ და პატარა ბავშვებს გაზის კამერებში ყრიდნენ ან მათზე დაუნდობელ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.
კარგი, კაცებს იმდენი მგრძნობელობა არ აქვთ, მაგრამ ქალს, განსაკუთრებით იმას, ვისაც ოდესმე ბავშვი გაუჩენია და გაუზრდია, სისხლი გაეყინება იმ ისტორიების წაკითხვისა თუ მოსმენისას, რასაც გერმანელი ნაცისტები აკეთებდნენ.
ხანდახან ღამით მეღვიძება და ფართოდ გახელილი თვალებით ვზივარ ხოლმე. არ მჯერა, სად ვცხოვრობ. მერე იმას ვიხსენებ, რა სახელი და გვარის კაცები ცხოვრობენ ჩემს ოთახში, და აი, მაშინ კი მართლა მეყინება სისხლი – რა გველოდა იმ პერიოდის გერმანიაში რომ გვეცხოვრა.

 2010 წლის 9 მაისი. მე ბერლინის დალაშქვრისას 

ამიტომ, მგონია, რომ ადამიანებმა ცოტა თავი უნდა გაანძრიონ და ის არ თქვან, რასაც ვიღაცები საიდანღაც ტვინში უტენიან. 9 მაისი კომუნისტური სისტემის გამარჯვების დღე არ არის, იმ ადამიანების გამარჯვების დღეა, რომელთა შორის, მაგალითად, ჩემი პაპის ძმა იყო, რომელიც არ დაბრუნებულა სახლში, ლილუს პაპა და პაპის ძმა, არც ის დაბრუნებულა... კიდევ ათასობით სხვა ქართველი, რომლებიც იბრძოდნენ და გული სიხარულით ჰქონდათ სავსე, რადგან იცოდნენ, რისთვისაც იბრძოდნენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

2) დედის დღე

მშვენიერი გადასვლა, პაპებიდან დედებზე :)
12 მაისი დედების საერთაშორისო დღეს ითვლება.
შარშან, სულ მთლად ახალი დედა რომ ვიყავი, ეზრა ერთი თვის იყო და მისი მუცლის ტკივილები ზენიტში, მაშინ ერთმა ჩვენმა მეგობარმა მომწერა და მომილოცა. ძალიან, ძალიან გამიხალისა ის დღე. მანამდე, მგონი, მეც არ ვიცოდი, დედის დღე თუ იყო 12 მაისი, რადგან მთელი ცხოვრება 3 და 8 მარტს აღვნიშნავდი ხოლმე და დედაჩემს მისალოც ბარათებს ვჩუქნიდი (ჩემი საშინელი ხელნაწერით).
დღეს ჩემი ქმრის დედას ვუყიდე შოკოლადის კოლოფი და ჩემს თავსაც, რადგან ჩემს ქმარს დაავიწყდა. არადა, წინა კვირას რაღაც "ცოლების კლუბში" ვიყავი და იქ ყველა წუწუნებდა, ქმრებს ავიწყდებათ თარიღებიო და მხოლოდ მე ვთქვი, ჩემსას არასოდეს არაფერი ავიწყდება–მეთქი. აი, თუ არა. არასოდეს თქვა არასოდეს, როგორც ამბობენ.
თქვენც გილოცავთ, ახალბედა თუ გამოცდილო დედებო, ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ!!! სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ხანდახან ვგიჟდები ხოლმე, ხომ იცით, ეზრა როცა არ მიჯერებს, არ იძინებს და საწოლიდან ხტება.


3) Shrink

"ცოლების კლუბი" რა ხილია?
სინამდილეში არაფერი კლუბი არ არის. ჩვეულებრივი single–ებიც გვიერთდებიან ხოლმე. ჩვენს თორა ცენტრში (ახალგაზრდული ცენტრი, ძაააალიან ადრე ვახსენებდი ხოლმე, რადგან ჩემი ქმარი ზუსტად იქ ვნახე პირველად) ვიკრიბებით კვირაში ერთხელ, თორას ვსწავლობთ, შუალედებში ქალურ რაღაცებზე ვსაუბრობთ და ტკბილეული მიგვაქვს (მე – გოზინაყი, ბუნებრივია). მე, როგორც ყოველთვის, ზოგჯერ ძალიან მწყინდება და თავს ჩემს ქურქში ვერ ვგრძნობ, ამიტომ ვდგები და მოვდივარ ხოლმე. გარეთ რომ გავალ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ, უკეთ ვარ და ნელა გავისეირნებ ხოლმე სახლისკენ.
ბავშვობიდან მაქვს ასეთი ჩვევა, ბოლომდე არსად/ვერსად ვგრძნობდი თავს კომფორტულად და გემრიელად, მხოლოდ ჩემს სახლში ან სუფთა ჰაერზე. არ ვიცი, ეს რას უნდა ნიშნავდეს, ფაქტია, რომ რომანტიკოსი პოეტებისა არ იყოს, ხალხმრავლობაში ისეთ მარტოობას ვგრძნობდი ყოველთვის, ფრენივით I could roll over and die. ჰოდა, აქაც ასე მჭირს ხანდახან. ჩემი ქმარი უკვე მიეჩვია, სადმე რომ წავალ და შეიძლება ათ წუთში უკან ისე დავბრუნდე, დანიშნულების ადგილამდე მისულიც არ ვიყო, რადგან გავედი და ვიგრძენი, რომ წასვლა არ მინდოდა.
რისი ნიშანია და ჩემი ემოციურობის, მენტალური არასტაბილურობის (საკუთარი თავის საუკეთესო shrink ვარ), 28 წლის ასაკში ისევ ჰოლდენ კოლფილდობის...


პოსტის დასასრულს:
იცით რა წიგნი ვიყიდე?
ოჰ, უნდა იცოდეთ.
"Seymour - an introduction" – ჩემი გული და სული წაიღო ამ წიგნმა. გლასების ისტორიებიდან მხოლოდ ეს არ მქონდა წაკითხული და ახლა ეს მწვანეყდიანი თხელი წიგნი ჩემს თეთრ კარადაშია, ნახევარი უკვე წავიკითხე და ნახევარს ახლა მივუბრუნდები. სრულიად ჩემი სამყაროა, არსად გაქცევა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა არ მინდა. თუ არ წაგიკითხავთ, იშოვეთ როგორმე რა.

მშვიდ და ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

7 comments:

Unknown said...

როგორ არ წაგვიკითხავს. დიოგენემ გამოსცა სელინჯერი სრულად <3
მიხარია ხანდახან შენს ძველ ფოტოებს თუ ჩასვამ პოსტში, რაღაც ახლობლობის განცდა მიჩნდება :)

თორნიკე said...

მეც მაქვს ხშირად მსგავსი შეგრძნება.კონკრეტული სიტუაციიდან გაქცევის სურვილი,რადგან ძალიან ცუდად ვგრძნობ ხოლმე თავს.შეიძლება ძალიან ჩვეულებრივი სიტუაცია იყოს,მაგრამ რომ მივდივარ ვთავისუფლდები და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.ზოგჯერ მეუხერხულება და ვრჩები.ოღონდ რა ტანჯვაა.ჰოდა,ყოველთვის უნდა ადგე და წახვიდე ადამიანი!:) 9 მაისი არც მახსოვდა.ვფიქრობ,რომ საბჭოთა კავშირში და ფაშისტურ გერმანიაში ძალადობისა და ტერორის სხვადასხვა ფორმები,მაგრამ მაინც ერთი ტიპის სისტემა იყო...შესაბამისად ,,ფაშიზმზე გამარჯვება''ცოტა ალოგიკური მგონია.თუმცა რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ნამდვილად არაფერს ვერჩი,ვინც დაიღუპა.

Anonymous said...

"მოკლედ, ის უნდა დამეწერა, რომ ძალიან გულისამრევი იყო ქართველი სოციალური მედიის "მონების" ტვიტები თუ სტატიები, თუ მოწოდებები, რას ზეიმობთო, კომუნიზმის გამარჯვებას ფაშიზმზეო (ვითომ ერთი ტირანიის მეორეზე). ამ დროს მინდა ხოლმე, იმ უტვინო ხალხს თავში წამოვარტყა და გავახსენო, რომ მათი პაპები, დიდი პაპები, ან პაპების ძმები – აუცილებლად იქნებოდნენ მეორე მსოფლიო ომში; ისინი თუ არა, ვიღაც, მათი ახლო მეზობელი და ნათესავი მაინც."
ზუსტად.
მეც მაგაზე "გავუჭედე" ერთერთს. ნუ მოკლედ.


არ ვიცი, რამდენად კარგი ადამიანი ვიქნები ამას რომ დავწერ, მაგრამ რავიცი: ძალიან მომწონს შენი ის პოსტები, სადაც სიტყვა "ღმ–ერთი" არ გიწერია. უფრო სწორად პოსტი კი მომწონს და ღმერთისაც მწამს მართლმადიდებლურად, მაგრამ ტირეთი რომ წერ ამ სიტყვას, თითქოს თევზის ფხა მეჩხირებაო ყელში.
3 წლის რომ ვიყავი, მაშინ გამეჩხირა. და მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოთი ვარ თევზი, მისი ჭამისას სულ მინი-ისტერიული მინი-შოკები მემართება. მტკიცედ ვარ ხოლმე დარწუნებული, რომ აი დღესაც 23 წლის შემდეგ ისევ გამეჩხირება ეს ფხა და ისევ ძალიან ბევრს ვიტირებ.

დედის დღე ჩემთვის ჯერ უცხო ხილია. ვერ ვაკავშირებ საკუთარ თავთან. და საერთოდაც, დედაშვილობის საკუთარ თავზე მიღება ჩემთვის ისეთი უჩვეულო რამეა, რომ რამდენჯერაც შენს, ანუშკას (ანუ შარლოტ ალექსანდრას), ნასტასიას და ახლა უკვე ბაბისას ბლოგებს ვხსნი, იმდენჯერ უხერხულობისგან ვიკრუნჩხვები. ალბათ მოვა დრო, როდესაც შვილებზე დაწერილ პოსტების რაობას გაგებით კი არა, სიყვარულითაც მოვეკიდები. თორემ გაგებით ახლაც ვეკიდები.

მაპატიე, როგორმე უნდა მეთქვა. ან შეიძლება მე ახლა ცუდ ხასიათზე ვარ (რაც საკმაოდ დიდი სიხშირეა ჩემს ცხოვრებაში) და აფეთქებულზე დავწერე ეს კომენტარი.

მიხარია შენი სურათები.
ბლოგოსფერო იმიტომ მიყვარს, რომ შენნაირი ბლოგერი არსებობს. აი რომ გახსნი ბლოგს და გემრიელად ჩაუჯდები.
ასე შორს ხარ და მაინც ასე ახლოს.
მენატრები <3

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, მე კიდევ ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მგონია, მე არ ვარ, ვიღაც უცხო გოგოა =))

@თორნიკე, რა ვიცი, ხან მგონია, რომ ყოველთვის წასვლა და გაქცევა პრობლემას არ აგვარებს. ჯობია ზოგჯერ დარჩე და შენი ემოციები დაძლიო. რა ვიცი, ჯერ ვერც მე მივაღწიე ასეთ სიძლიერეს.
ყველას აზრს პატივს ვცემ და შენ იცი, როგორც ფიქრობ, მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ თემას, ხომ იცი :)

@ქეით, იცი როგორ შეხედე ღმ–ერთს რომ ვწერ? წარმოიდგინე, რომ იმიტომ გეჩხირება ყელში ფხა, რომ შენი ბავშვობის შიში გადალახო და ჩემი ბლოგი ამაში უნდა დაგეხმაროს და მდგომარეობიდან გამოგიყვანოს. სერიოზულად გეუბნები, როცა რაღაც ძალიან არ მოგვწონს და ნერვებს გვიშლის, ზუსტად იმითაა კარგი, რომ გვეხმარება რაღაცები გავიხსენოთ და დავძლიოთ.
რა დიადი ფსიქოლოგ–ფილოსოფოსი გავხდი "სიბერეში", ხომ ხედავ :პ

შენი კომენტარები ყოველთვის განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ გულწრფელი და ნამდვილი ხარ. :*
იცოდე, I CARE about you a lot. Care–ის ქართული ეკვივალენტი არ მეგულება, ანუ ვიღაცა ყოველთვის რომ გახსოვს და მასზე გეფიქრება, გული შეგტკივა, ამას ვგულისხმობ :*

Anonymous said...

კარგი ეგრე ვიზამ <3 <3 <3

Keti said...

"სულ მთლად ახალი დედა" :*

Sophie שרה Golden said...

@ქეით, ყოჩაღ!!! :დ

@ქეთი, სასაცილოდ გამომივიდა ხო? :დ :* ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებ!