Tuesday, May 21, 2013

ჩიტები, სიამაყე და გოთები – სუბ–პოსტები

სუბ–პოსტების კიდევ ერთი გამოცემა.

1. 
2008 წლიდან ჩემი ბლოგის "ჰედერზე" ეწერა, ჩიტივით თავისუფალი სოფი გოლდენიო და დღეს მივხვდი, უკვე დრო მოვიდა შესაცვლელად. თავად ნახავთ, როგორც შევცვალე.

რამდენიმე დღის წინ რაღაც წიგნს ვკითხულობდი (ისეთს, საერთოდ არ შეესაბამება ამ თემას) და უცებ ჯონათან საფრანივით გამინათდა გონება, რომ არ არსებობს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ვისაც სჯერა, რომ არსებობს, ის კიდევ უფრო არათავისუფალი და დამოკიდებულია.
ყველაზე თავისუფალი (ყველას თავისებურად ესმის ეს ცნება, ხომ იცით) და დამოუკიდებელი ადამიანიც კი დამოკიდებულია. ბოლოს და ბოლოს, მიზიდულობის კანონზეა დამოკიდებული და დედამიწაზე, ჟანგბადზე, ბუნების წიაღსა და მასში მოყვანილ საკვებზე.
ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა, მხოლოდ სულელებს და იდეალისტებს სჯერათ ბოლომდე თავისუფლებისო და სასწაულად მომხვდა მაშინ გულზე, იმიტომ რომ მაშინ დიდად იდეალისტი ვიყავი (ხანდახან სულელიც).

მოკლედ, მე არ ვარ ჩიტივით თავისუფალი.
ერთ დროს ვიყავი (ან მჯეროდა, რომ ვიყავი) და მეგონა, საითაც მინდოდა, იქ გავფრინდებოდი და გავფრინდი კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ფრენა სულ არ გაბედნიერებს ადამიანს.
თუმცა, მთლად ასეც ვერ ვიტყვი. ადამიანის ხასიათსა და ასაკზეა ყველაფერი დამოკიდებული; 30–ს გადაცილებული ჰიპი ცოტა საცოდავად მეჩვენება, ისევე როგორც 18 წლის ჰალსტუხწაჭერილი, თანამდებობაზე მეოცნებე უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი ტიპი.

2.
ჩვენ, მოკვდავი ქალები და კაცები, ბევრ იმედგაცრუებას ვიტანთ დილიდან საღამომდე, ცრემლებს ვიკავებთ და ტუჩებს ვიკვნეტთ... გვკითხავენ, რა მოხდა და არაფერიო, ვუპასუხებთ. ეს სიამაყეა. სიამაყე კი მაშინ არის კარგი, როცა საკუთარი ტკივილის დამალვით სხვების გრძნობებს ვუფრთხილდებით.

ეს ჯორჯ ელიოტის ჩემი უხეში თარგმანია. ახლა მის "Middlemarch"–ს (აი, ეს როგორ ვთარგმნო, არ ვიცი) ვკითხულობ და მოულოდნელად აღტაცებული ვარ. ინგლისურ ლიტერატურაზე, სიმართლე გითხრათ, არასოდეს ვგიჟდებოდი და მოსაწყენად მეჩვენებოდა. ძალიან ადრე დიკენსის პატარა მოთხრობები მიყვარდა და ვირჯინია ვულფის მოთხრობები, ჯეინ ოსტინის "Pride and Prejudice"–იც სიამოვნებით მაქვს წაკითხული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე მათ ციტატებს ვიხსენებ (სელინჯერისგან განსხვავებით).
საკმაოდ სქელტანიანი წიგნია. ფოსტალიონმა ამანათი რომ მოიმიტანა და გავხსენი, ცოტა დავიბენი, უფრო მცირეს ველოდი. ცოტა გულიც დამწყდა, მეგონა, "ულისესავით" სამუდამო ხელშეუხებელ განსასვენებელს დაიდებდა თაროზე, მაგრამ ძალიან ადვილად იკითხება და გვერდებს არ ითვლი, როდის დავამთავრებო.
ვისაც წაკითხული გაქვთ, სიამოვნებით წავიკითხავ თქვენ შთაბეჭდილებას, კრიტიკას ამ წიგნის შესახებ.

3.
გუშინ ჩვენთან კლარა ცეტკინის პარკში Flohmarkt/Fleamarket (ანუ ნაგვების ბაზრობა) იყო. უვარგისი ნივთებისა და ძონძების გარდა, ბევრი საინტერესო და ლამაზი რაღაცებიც გამოაქვთ ხოლმე და ზოგჯერ შეიძლება კარგი რამეც კი იპოვო, თუ გაგიმართლა.
თავიდან ეზრას ბებიასთან დატოვება გვინდოდა, მაგრამ დილით არაფრით დაიძინა, იდგა თავის საწოლში, ხან ტიროდა და ხან – მღეროდა. ამიტომ ავდექით და თან წავიყვანეთ. სადღაც ერთ საათში ისე დაიქანცა, თავი ჩამოუვარდა და ვიღაც უცხო გერმანელმა მოხუცმა თავი ვერ შეიკავა, საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილაო. ისეთ საზაფხულო ეტლში იჯდა, რომელიც დასაძინებლად მოუხერხებელია და ამიტომ ხელში ავიყვანე და პარკში სასიამოვნოდ მომზიანო და თან ჩრდილიანი ადგილი ვიპოვე, სადაც ნახევარი საათი ეძინა ეზრას და მე გამვლელ–გამომვლელებს ვათვალიერებდი.
საბოლოოდ, ჩემმა ქმარმა ვერ იპოვა, რასაც ეძებდა, მეც ხელიდან გამისხლტა ის მწვანეთვლიანი ვერცხლის ბეჭედი (მწვანე ქარვის, წარმოგიდგენიათ?), იმიტომ, რომ ეზრას გაღვიძების შემდეგ უკან დაბრუნება დაგვეზარა. ახლა კიდევ მინდა იმავე ბაზრობაზე წასვლა და იქნებ, ის ბეჭედი კიდევ იყოს. თითზეც ზუსტად მქონდა და ფერიც – როგორსაც დიდი ხანია ვეძებ. მართალია ახლა ბეჭდებს ნაკლებად ვიკეთებ, მაგრამ ჩემს "ჩიტივით თავისუფლებას" მახსენებს და მინდა.


მთელი წინა კვირა ლაიპციგში გოთების ფესტივალი იყო და ქუჩაში სასწაულად გამოწყობილი ადამიანები დადიოდნენ. ერთი მომენტი ლამის მეც მომინდა ისე ჩამეცვა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სულაც არ მომწონს და გადავიფიქრე. ისე, სასაცილო ისაა, ბავშვისთვის როგორი უმნიშვნელოა გარეგნობა და ჩაცმულობა. ხო ხშირად გვხვდებოდნენ ქუჩაში სეირნობისას გოთები და ეზრა მათაც ისევე უცინოდათ (და ისინიც პასუხობდნენ, ნუ, ვისაც იმიჯი ამის ნებას აძლევდა), როგორც უცხო გერმანელ მოხუცებს (მოხუცი ბებიები მაინც ყველგან ერთნაირები არიან), რჩევებს რომ არასოდეს იშურებენ.

ესეც მაისის კიდევ ერთი დასრულებული კვირა. უბრალოდ, დღეს აქ დასვენების დღე იყო და ამიტომ ჩემთვის კვირა ორ დღეს გაგრძელდა.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

6 comments:

Keti said...

ცვლილებების დრო. მომეწონა შენი ახალი ჰედერი :) თუმცა, ჩიტივით თავისუფლების შეგრძნება ალბათ სულ ვერ ტოვებს ადამიანს, მიუხედავად გაზრდისა და ახალი ვალდებულებებისა.
ეზრას ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ბავშვებივით ყოფნას მოაქვს ბედნიერება და თავისუფლება. აი, ეზრა ადამიანებს უცინოდა და მათი იმიჯი სულაც არ აინტერესებდა. ის იღებს ადამიანებს ისეთებად, როგორებიც არიან <3

ისე ინტერესით ვკითხულობ ხოლმე პოსტის იმ ნაწილებს, სადაც წიგნებზე წერ, სოფი. ისე ხდება, რომ მე ხშირად შენთან ვპოულობ ჩემთვის უცნობ ავტორებს და ვფიქრობ, თუ შემხვდა მათი წიგნები აქ, გამახსენდები და მეტ ყურადღებას მივაქცევ..


"მერე გამახსენდა რომ სულაც არ მომწონდა" – საყვარელი ხარ, სოფი :) ბედნიერი დღეებს გისურვებ!

Tina Nadiradze said...

თავისუფალი ხარ, როცა გონებას შეუძლია თავისუფლად იფრინოს აქეთ-იქით და შენც ხან სად წაგიყვანოს, ხან სად. ესაა ჩემთვის თავისუფლება. დავით კაკაბაძემ იმერეთის გორაკები დახატა ისე, როგორც ისინი თვითმფრინავიდან გამოჩნდებოდა. იმ დროისათვის მას თვითმფრინავით საერთოდ არ ეფრინა. თავის წარმოსახვით დახატა. ქეთის ვეთანხმები. ვისაც გულწრფელი გაოცება, აღფრთოვანება, ბავშვივით მოქცევა შეუძლია, ის თავადაა თავისი ბედნიერების ავტორი.

Anonymous said...

თავიდან სიტყვა "გოთი" რომ დავინახე, არ დავწერ კომენტარს-მეთქი. მაგრამ ისე ჩამთრევად წერ, რომ ვერ შევძელი <3


აი ხომ ხედავ, გათხოვდი და დრო არ გრჩება სხვა რაღაცეებისთვის :ევილ:

nastasia said...

როგორ მიყვარდა მეც გერმანიაში ცხოვრებისას ფლომარკტებზე ბორიალი და რა მართალია ელიოტი :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, მადლობა. ნამდვილად, არასოდეს ტოვებს, უბრალოდ სხვანაირ თავისუფლებაში იზრდება, უკვე თავშეკავებულ და ათასჯერ მოზომილში :)
მიხარია ძალიან. ჯორჯ ელიოტი ძალიან საინტერესო მწერალია, კაცის სახელი აიღო, რადგან იმ პერიოდში ქალ მწერლებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ და დიდხანს ყველას კაცი ეგონა. ქართულად შეიძლება იყოს კიდეც, ოღონდ ალბათ ძველი თარგმანი, ახალი არსად შემხვედრია და არც გამიგია ვინმეს ეთარგმნოს.

@თინა, ზუსტად!!!!!!!!!!!! გონების და სულის თავისუფლებაა ზუსტად ის მთებს რომ გადაგადგმევინებს ადამიანს და თუ კაკაბაძესავით უნიჭიერესი ხარ, დაგახატინებს კიდეც.

@ქეით, გოთების საწინააღმდეგო გაქვს რამე? ^ ^
ეგ იმიტომ, რომ გათხოვება ბევრ სხვა რამეებზე მნიშვნელოვანია :პ

@ნასტასია, ხო მე ადრე უფრო მიყვარდა, ახლა კიდევ დავიწყე შემჩნევა, თურმე რამდენი უვარგისი ნივთია დედამიწაზე :დ

Anonymous said...

:D :D :D :D :D :D :D :D