წინა პოსტი რა სასწაულად "დედური" ყოფილა, ახლა დავაკვირდი.
ასეთ პოსტებს რომ დავწერ და მერე გადავიკითხავ ხოლმე, ვფიქრობ, რისთვის ვწერ, ვის აინტერესებს და ხომ არ ჯობია, უბრალოდ დღიური ვწერო და იქ შევინახო ეს ამბები. თუმცა მფრინავი თეფშების და U6–ის ამბავი განსაკუთრებულად ინტიმურად არ მეჩვენება.
გეტყვით, რატომ ვაგრძელებ წერას ბავშვზე, დედობაზე, ძუძუთი კვებაზე, პოსტპარტუმ ამბებზე, ცოტა დაჩლუნგებულ გონებაზე და ა.შ.
ერთი მეგობარი მყავს (მეგობარი აქ ძალიან ზოგადი ცნებაა, სიმართლე რომ ვთქვა) და ჩემზე ერთი წლით ადრე გააჩინა იმანაც ბიჭი. ადრე უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არც მაშინ გვესმოდა ერთმანეთის და უბრალოდ, რაღაც–რაღაცები გვქონდა საერთო.
ერთი, რომ სასიხარულოა, როცა შენს მეგობარს ბავშვი შეეძინა და კიდევ უფრო გიხარია, ერთ წელში შენც რომ იგივე სქესის ბავშვი გეყოლა და გგონია, ახლა შეგიძლია მოუყვე რაღაცები და მანაც თავისი გამოცდილება გაგიზიაროს.
ეს ჩემი მეგობარი სიამოვნებით მიზიარებდა ხოლმე ბევრ რამეს, ოღონდ მაშინ, როცა უკვე გვიანი იყო.
მეშვიდე თვიდან ეზრას დამატებითი საჭმლის მიცემა რომ დავუწყე, რამდენიმე ხანში საშინელი კუჭის შეკრულობა დაეწყო და არ ვიცოდი, რა მექნა. ვისაც ჯერ შვილი არ ჰყავს, დახურავს მაშინვე ამ პოსტს, მაგრამ ვისაც ჰყავს, იცის, რომ ამქვეყნად შენი შვილის კუჭის მოქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჰოდა მაშინვე ვკითხე ჩემს იმ მეგობარს. პასუხი სადღაც ათი დღის შემდეგ დამიბრუნა. ბუნებრივია, ამ ათ დღეში გამოსავალი მე უკვე ნაპოვნი მქონდა და ეზრაც უკვე ბედნიერი ბურთულა იყო.
მეწყინა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სასაცილო მიზეზი მითხრა, თუ რატომ ვერ მოახერხა მანამდე პასუხის მოწერა. პასუხის, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე სიტყვისგან შედგება.
[ვისაც აინტერესებს და მსგავსი პრობლემა აწუხებს: საშიში არაფერია, უბრალოდ დედის რძიდან ე.წ. მყარ საკვებზე გადასვლა კუჭის შეკრულობას იწვევს ბავშვებში. მე ეზრას შავი ქლიავის ჩირის კომპოტს ვასმევდი და კიდევ აქ იყიდება ძალიან კარგი ფირმა Hipp–ის ქლიავის პიურეები, რომელიც ეზრას დღემდე უყვარს. ძალიან ბევრის მიცემაც არ შეიძლება, მერე საერთოდ კუჭის აშლა რომ არ დაეწყოს ბავშვს. სულ ვამბობდი, ბავშვს "ხელოვნურ" პიურეს არ მივცემ–მეთქი, მაგრამ ეს ფირმა ერთერთი საუკეთესოა გერმანიაში და ვენდობი მათ "ბიო–ეთიკას".]
ახლა მსგავსი სურათის მეორე მხარე. მე რომ ჩემი ეს მეგობარი სულ დაგვიანებით მაძლევდა რჩევებს და როცა მართლა მჭირდებოდა, არ ჩანდა, გადავწყვიტე, მე სხვანაირი ვყოფილიყავი და ორსულებსა თუ ახალბედა დედებს დავხმარებოდი (შეძლებისდაგვარად). ხოდა, იცით, როგორი ფემინისტი ვარ (ნამდვილი ფემინისტი, ქალების მხარდამჭერი და მოთანაგრძნე), რეალურად იქნება თუ ონლაინ ჩემი გამოცდილების გაზიარება არ მეზარება.
ჩემს კიდევ ერთ მეგობარს შეეძინა ბიჭი რამდენიმე თვის წინ და შემომჩივლა, რომ საშინელი მუცლის ტკივილები ჰქონდა პატარას და არ იცოდნენ, რა ექნათ. თან ის და მისი ქმარი ძალიან ახალგაზრდები არიან (22 წლისები), ახლობლები საერთოდ სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მარტო ზრდიან ბავშვს. ეზრასაც ჰქონდა კოლიკები თითქმის 4 თვე და არასოდეს დამავიწყდება, როგორი ტკივილების შემოტევა ჰქონდა ხოლმე და აღარც ალუბლის კურკების თბილი ბალიში შველოდა და არც მუცელზე დაწვენა. მოკლედ, სამი თვის წინ დიდი წერილი დავუწერე და იმედი მქონდა, რომ მათი პატარა უკეთ იგრძნობდა თავს.
პასუხი დღემდე არ მიმიღია.
გასაგებია, ყველა ადამიანს უნდა, რომ ერთი პატარა მადლობით მაინც უპასუხონ. მე ისიც მაინტერესებდა, გაუარა თუ არა ბავშვს ტკივილებმა. დავურეკე რამდენჯერმე და მივხვდი, რომ მხოლოდ მე ვწუხდი და თვითონ დიდად თავს არ იკლავდა. მერე "ძველიც" გამახსენდა, რომ იმავე მეგობარს ეზრას დაბადება არც მოულოცავს და არასოდეს მოვუკითხივართ.
როგორც ვიტყვი ხოლმე, დათა თუთაშხია, იჯექი შენთვის მშვიდად–მეთქი, მაგრამ არ შემიძლია. ეს თუთაშხია კიდევ ძალიან ეგოისტად მეჩვენება ახლა.
იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებისგან ყოველთვის სხვადასხვა პასუხს ვიღებთ, ხანაც არ ვიღებთ. მერე გვწყინს და მათ თავს ვანებებთ.
ასე, აქამდე მილიონჯერ უნდა დამენებებინა ბლოგისთვისაც თავი, მაგრამ ერთი, რომ მე თვითონ მჭირდება, მეორე – ვიცი, რამდენიმე ადამიანი არსებობს, რომელიც სიამოვნებით კითხულობს და ვინ იცის, იქნებ რაღაცაში ეხმარება კიდეც ჩემი ნაწერები.
ამიტომ, ვწერ და ვიქნები. ვწერ იმაზე, რაც ამ მომენტში მაფიქრებს და მაწუხებს. თქვენც მომწერეთ, რა მოგწონთ და რა – არა; ეს ჯობია საერთოდ არმიწერას (ამაზე ახლა ის გამახსენდა ბევრი ბლოგერი კომენტარს რომ არსად წერს და არც მიწერილზე გპასუხობს და გავბრაზდი, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს).
ბედნიერი ოთხშაბათი გქონდეთ!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




22 comments:
სოფი, რა თქმა უნდა , შენს ბლოგზე იმ თემაზე უნდა წერო, რაც გსურს. მე მომწონს შენი დედური და ფემინური ამბები. შვილის აღზრდაში ვერ მეხმარება, მაგრამ სხვა ქართული ბლოგი არ მახსენდება, ასეთი იყოს – უშუალო და თბილი – ზოგადად და ინფორმაციული – ამ საკითხებზე.
არც მე მიყვარს პასუხად მიღებული უყურადღებობა, ამიტომ ნელ–ნელა პასიური გავხდი.
ბედნიერ დღეებს გისურვებ :)
მე კიდევ სახელი "ეზრა" უფრო და უფრო ძალიან მომწონს და სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო. თან მგონია, რომ ამქვეყნად ერთი ეზრა არსებობს მხოლოდ, პატარა და თეთრი და ლაიპციგში ცხოვრობს : )
მიუხედავად იმისა რო დედობის ბედნიერებისგან ჯერ ძალიან შორს ვარ სიამოვნებით წავიკითხავდი პოსტებს შენს დედობრივ გამოცდილებაზე^^
@ქეთი, მიხარია, რომ მოგწონს და ყოველთვის ველოდები შენს კომენტარს, აზრს, რას მომწერ ხოლმე.
მესმის შენი, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ, გააგრძელე წერა გთხოვ. ისე მიყვარს შენი ბლოგი, სულს მიმშვიდებს.
შენც ასევე!!!
@ნატალია, ხო, როგორი სახელია, გაგაგიჟებს სიყვარულით, მე ასე ვარ ახლა, ხომ წარმოგიდგენია :ლოლ: ამქვეყნად არა, მაგრამ ლაიპციგში, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჩემი ეზრა არსებობს :)
@კრაფტი, წაიკითხე 2012 წლის აპრილიდან, 90% ამაზეა :ლოლ:
ეს უპასუხობა და უყურადღებობა მაგიჟებს ხოლმე იმ ადამიანებისგან,ვისაც მეგობრად ვთვლი.მით უმეტეს მე მთელი გულით და სულით ვცდილობ ყურადღება არ მოვაკლო/დავეხმარო როცა სჭირდებათ და ა.შ.ამ მხრივ ძალიან მძიმე გამოცდილება მაქვს.ბოლოს საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზდები ხოლმე.მერე ისევ იგივე მეორდება.აშკარად ვერ დავაღწევ თავს.
ჰო,ნამდვილად გასაბრაზებელია ის,რომ შენს ბლოგზე დაწერილ კომენტარს არ უპასუხო ადამიანმა.ისე მიხარია ხოლმე შენი კომენტარები მხვდება ხოლმე.ესეც გარკვეული ტიპის დიალოგია,რაც უფრო საინტერესოს ხდის ამ სივრცეს.შენიდან გადავდივარ ხოლმე რამდენიმე ბლოგზე,სადაც მერე კომენტარები მხვდება.გამიმართლა:)საუკუნის წინ ბლოგი რომ მქონდა ჯერ კომენტარის დანახვისას და მერე პასუხისას დიდ სიამოვნებას ვიღებდი.ძალიან მიხაროდა.
თორნიკე, უყურადღებობა საშინელებაა და მგონი, ისეთივე დაავადებაა, როგორიც სხვა ფიზიკური რამე შეიძლება იყოს :|
მე მახსოვს შენი ბლოგი, მგონი ლიტერატურაზე წერდი ხო? ცუდია, რომ აღარ წერ. საერთოდ წაშალე თუ შეიძლება ისევ სადმე ნახვა? მე ძველი ბლოგების კითხვაც ძალიან მიყვარს.
არა,არაფერი აღარ არის იმ ბლოგზე.
სოფი როგორ ხარ?
ეხლა ზუსტად ვიჯექი, ფეისბუქს ვათვალიერებდი და გეფიცები აღნიშნულ პრობლემაზე ვფირობდი.
მარტივ მაგალითს გეტყვი: მე რომ შვილი გამიჩნდა , ერთმა ისეთმა მეგობარმა არ მომილოცა, არც დამირეკა, არც მომწერა, საერთოდ არც შეიჩნია, რომელმაც თავად იმშობიარა 2 თვით ადრე ჩემამდე და მე ყოველ დღე ვურეკავი, მოვიკითხავდი, 1თვის თავზე საჩუქრით ავბრძანდი მასთან და ა.შ მსგავს დეტალებს ვინ დაეძებს, უბრალოდ გული დამწყდა საშინლად.
ასევე მილიონი მსგავსი მაგალითი მაქვს მე ჩემს ირგვლივ, სრული იგნორისა და უყურადღებობისა, მაშინ როდესაც მე ნამდვილად არ ვიქცევი ასე. თავის დროზე, როდესაც ჩემი მეუღლის ასე ვთქვათ შესწვლის პროცესში ვიყავი სწორედ ამ თვისებამ მომხიბლა. ყურადღებამ და იმან რომ თავადაც აქცევდა ამას დიდ ყურადღებას :)))))))))))
მოკლედ, მერე ვზივარ და ვნერვიულობ, ნეტა მე!
სოფი, წერე, წერე, ყოველ დღე შემოვირბენ ხოლმე რამე ახალი ხომ არ არის მეთქი :) რამე ახალი თუ არის, უცებ არ ვკითხულობ, ვიცდი საღამომდე და მერე გემრიელად ჩავუჯდები ხოლმე. ახლა წერის მიტოვება იქნება? :))))
მეგონა, მარტო მე მყავდა მასეთი ადამიანები გარშემო და მარტო მე ვიხეთქავდი გულს (თან საკმაოდ ახლობელი ადამიანები) :)))) თანდათან ვცდილობ, რაც შეიძება ცოტა მოვითხოვო ადამიანებისაგან და რაგაცეების გატარება ვისწავლო, თორემ ისევ მე მტკივა გული :) რაც შეგეხება შენ, მინიმუმ ერთი ადამიანი აგერ ვარ, ვინც გელოდება და ვისაც უნდა რომ წერო, მითუმეტეს, რომ ზუსტად 2012 წლის აპრილში გაჩნდა ჩემი შვილიც :)
რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი ბლოგებზე, რომლებსაც ვკითხულობ (და ასეთი ძალიან ცოტა დარჩა) და მაშინ მივხვდი, რომ შენი დაწერილი ამბები პამპერსებზე და მწვანე სალათებზე ხშირად და ბევრად მირჩევნია სხვის პოლიტიკურ, ლიტერატურულ, კულტურულ და ა.შ. მიმოხილვებს ან სულაც ფილოსოფიურ წიაღსვლებს.
არ ვიცი, შენ გაქვს რაღაც "ქიშმიში", რომლითაც საინტერესოდ წერ სავალდებულო აცრებზეც თუ უბრალოდ ასეთი ტიპი ვარ და ჩვეულებრივი ადამიანების რუტინული ამბები უფრო მაინტერესებს, თუ ორივე ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ მომწონს შენი ბლოგი ისეთი, როგორიც არის.
პასუხს რაც შეეხება. მე ვისწავლე წერილების წერა ისე, რომ პასუხს არ ველოდო. და საქმის კეთებასაც ვსწავლობ. მადლი ქენი ქვაზე დადე და ნუ დაელოდები იმას, დაგხვდება თუ არა. მოტივი იმის წინ დახვედრა კი არა, თვითონ მადლის კეთების პროცესი უნდა იყოს. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყობა. ცოტა ეგოისტურიც კი გამოდის, მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალია so far.
თუ ჩუქნი აჩუქე იმიტომ, რომ შენ გინდა და არა მადლობას ელოდები. რჩევის გაცემაზეც იგივე. მოკითხვაზეც. მოტივი უნდა იყოს თავად ამ ქმედების განხორციელება. ეგაა და ეგ. აი, ასე მარტივად. ყოველთვის არ გამომდის (ნამეტანი ბუდასავით გასხივოსნებული რჩევაა), მაგრამ როცა გამომდის კარგია :)
სოფი,პირველ რიგში იცოდე რომ "ეზრა"ს ამბები სულ მაინტერესებს, შეიძლება იმიტომაც რომ მინდა წინასწარ ვიცოდე რა მელოდება როცა ოდესღაც მეც მეყოლება ბავშვი )) მართალია შორეული პერსპექტივაა მაგრამ მაინც 21 წლის ვარ უკვე)) ასე რომა უცილებლად წერე ))
მეორე, ის რომ მიხარია რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ. მე მეგონა მარტო მე ვიყავი ისეთი რომელაც მსგავსი პრობლემები აწუხებდა. უყურადღებობა.უპასუხისმგებლობა. ამ ბოლოს განსაკუთრებით ხშირად ვაწყდები უნივერსიტეტში.შესაბამისად მუდმივად სხვისი საქმეს კეთებაც (რომელზეც არავის ცხოვრებაში ჩემთვის მადლობა არ უთქვამს) ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.
მართალია სულ სხვა თემაა მაგრამ მაინც მინდა ბოლო შემთხვევა გაგიზიარო.იდეაში ესეც ადამიანის თავხედობას და "ფეხებზემკიდიაობას" ეხება.
დიალოგი მე და ჩემს ჯგუფელს შორის რომელიც ისეთ გოგოებს განეკუთვნება, ზედმეტად ბიჭურები და ცინიკოსები რომ არიან. ხმამაღლა რომ იციანიან, და "ჟუტკი" ხუმრობები რომ აქვთ.
ჯგუფური პროექტის გაკეთება გვევალება ერთ-ერთ საგანში. როგორც ყოველთვის ჩემი არცერთი ჯგუფის წევრი არ დაინტერესდა საერთოდ რას ვაკეთებთ, არც არავინ მოიწერა.სავარაუდოდ გაახსენდებოდათ წინა დღის 12 საათზე და შექმნიდნენ პანიკას.( ვითომ ? არც ეს ვიცი)
მე როგორც მუდმივი ლიდერი, გავაკეთე გრუფი facebookში სა მობილიზებისკენ მოვუწოდე, ასევე განვუმარტე დავალება. ერთ-ერთმა ბიჭმა მითხრა რომ მთავარია პოზიტიური განწყობა და "რაღაც"(ხაზს ვუსვამ) გამოგვივა.
ამ ზემოთხსენებულმა გოგომ კი რომელსაც განვუმარტე რომ 8 პროექტი მაქვს ერთ კვირაში გასაკეთებელი პასუხად მითხრა რომ მას სამაგიეროდ ჰყავს ქმარი და კატა მოსავლელი )))
ნუ რა თქმა უნდა მე იუმორში ვუპასუხე იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს არვიცი როგორ შეიძლება ელაპარაკო.და მან მიპასუხა რომ თურმე მე ვარ ნიშნის მონა და ვცდილობ ლექტორის თვალში ქულები დავიწერო, ასევე ცინიკური პათოსით. და ყველაზე მნიშვნელოვანი: " შენ არ გესმის რომ ცხოვრებაში მაგაზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, მეგობრობდა და სიყვარული" ეს უკვე ადამიანური წრფელი პათოსით.
ამაზე კი ეს გავეცი პასუხად. ამავე პროექტზე სემესტრის შუაში გასაკეთებელი გვქონდა საკმაოდ მოცულობითი მიმოხილვა და გაცნობითი პრეზენტაცია, რომელიც მე დავწერე. არავის დაურეკია. შემდეგ ლექციის შუაში შემოვიდნენ და ისე უყურეს ჩემს პრეზენტაციას როგორგც დამსწრე საზოგადოებამ.ვკითხე" მაინტერესებს რომელმა ერთმა გამოხატეთ ჩემს მიმართ მადლიერება, სიყვარული და მეგობრული ხელის ჩამორთმევა ?)
პასუხი: კაი კაი წადი დამშვიდდი და დაიძინე) :*
ზოგჯერ მგონია ეს სამყარო მრუდეა.
პ.ს ის ღამე არ მეძინა.
@თორნიკე, ეჰ ცუდია :(
@თი, კარგად (ხან ვგიჟდები, მაგრამ მაინც). შენ როგორ ხარ? ადამიანური ადამიანი ხარ და ამიტომ ზიხარ და განიცდი. მე კიდევ დედაჩემმა მითხრა ზუსტად ისე, რაც შენ დაწერე: ჩემს მაშინ საქმროს (ახლა ქმარს) რომ ვხვდებოდი, აუცილებლად დააკვირდი, რამდენად ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანიაო :))
მეგობრებზე კიდევ აღარ ვიცი, ვინ მეგობარია და ვინ – არა, ვერასოდეს გაიგებს ადამიანი...
@მზია, მადლობა, მიხარია "მზიანობა" ბლოგზე. არა, რას მივატოვებ.
@ანონიმო, ეჰ, მიხარია, რომ გესმის ჩემი და მეც თურმე ის დავწერე, რაც შენ გაწუხებს. არ ვიცი, მეც მინდა ვეცადო და ნაკლები მოვითხოვო ადამიანებისგან და ბევრს არც ვითხოვ, ერთი ბეწო მადლობას და მორჩა :|
რა კარგია. გოგო გყავს თუ ბიჭი?
@ნატოშა, ყველაზე საყვარელი და ფუმფულა ბუდა ხარ :* ვიცი ეგ ყველაფერი, მაგრამ ან ბოლომდე ვერ ვწვდები და ან უბრალოდ, არ მინდა გავიგო :დ მოსე, ქრისტე, ბუდა, კრიშნა – ყველა, შენსავით, მეუბნება/მეტყოდა, მაგრამ რა ვქნა, რომ მინდა მადლობა მითხრან და დამაფასონ. განსაკუთრებით ახლო ადამიანებისგან გვწყინს ხოლმე, თორემ ვიღაც უცხო გულს ვერ დაგწყვეტს.
იქნებ, ცოტა კიდევ რომ მომემატება ასაკი, შედარებით მსუბუქად შევხედო ყველაფერს (სიბერემდე სწავლისააო).
ჰაჰა ეს "იზიუმინკა" რა კარგად ჟღერს ქართულად შენგან, ვიცინე :დ დიდი მადლობა, რომ ასე ფიქრობ.
@ანა, მაინც 21 წლისა ვარ–ზე ვიცინე ბევრი :დ ჯერ ახალგაზრდა ხარ ძალიან პამპერსებისთვის და უძილობისთვის. You should have fun first.
ეგ გოგო როგორ ნათლად წარმოვიდგინე, არ იცი. როგორ ვერ ვიტან მსგავს გოგოებს, ყოველთვის მძულდნენ და საერთოდ ახლოს არ ვიკარებდი და არ ვურთიერთობდი.
გაგაგიჟებენ, საერთოდ ადამიანობის არაფერი სცხიათ და აქეთ შენ დაგადანაშაულებენ :(((
მრუდეა სამყარო, მრუდე და ჩვენნაირ ზედმეტად sensitive ადამიანებმა ალბათ უნდა ვისწავლოთ, რომ გულთან ახლოს არ მივიტანოთ ყველაფერი და ვიცოდეთ, თუ იმას არ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ, ამაშიც რაღაც ჭეშმარიტებაა, ესე იგი, we are strong enough and capable to move on and do it again.
დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი და დიდი კომენტარისთვის :***
კი სოფი ნამდვილად გეთანხმები ადრეულ ქორწინებებზე და ბავშვებზე) მიუხედავად იმისა პაწუკა რამხელა სიხარულია, როცა ჩემს ერთ გათხოვილ( ჩემივე ასაკის) მეგობარს ვუყურებ როგორი ”დაღლილი” გახდა ამ ყველაფრის მერე,უფრო და უფრო იქით ვდებ მსგავს მნიშვნელოვან საკითხს. იმ დროისთვის ვდებ,როცა მართლა დიდი ვიქნები და აღვიქვამ ბავშვს როგორც ადამიანს და არა თოჯინას=))
რატომღაც ისიც მგონია რომ 16-20 წლის ასაკში გაჩენილი ბავშვები ტუტუცები და გაუზრდელები არიან, იმიტომ რომ მათი მშობელიც ბავშვია და ჯერ თვითონაც არ ჩამოჰყალიბებია ქცევისა და ცხოვრების კოდექსი))
რაც შეეხება გულთან ახლოს მიტანას, ეს დიდი დანაშაულია საკუთარი თავის მიმართ( როგორც ჩემი საყვარელი სერგეი ბეზრუკოვი იტყოდა generally ”нервные клетки не восстанавливаются")) და ამ გოგოსთან ჩხუბის მერე,ბოლო დღეებია ძალიან მშვიდად ვუყურებ ყველაფერს, ალბათ უკვე აღარაფერი გამაოცებს.თანაც ბევრად ჯობია სახლში იჯდე შენთვის მშვიდად,არავის opinion-ის გათვალისწინება არ გიხდებოდეს,ყავას მიირთმევდე და აკეთებდე სხვის ბეევრ საქმეს ისევ საკუთარი თავისთვის,და თუნდაც ათენებდე ამის გამო. ვიდრე!- ამ ადამიანებს კუდში სდიო და რაიმე მოსთხოვო. This is the biggest mistake ever.
ერთ-ერთ აქაურ კომენტარში წავიკითხე ”მადლი ქენი ქვაზე დადე და ნუ დაელოდები იმას, დაგხვდება თუ არა. მოტივი იმის წინ დახვედრა კი არა, თვითონ მადლის კეთების პროცესი უნდა იყოს. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყობა.” მართალია ეს ყველაფერი უბრალოდ როცა სენსიტიურები ვართ ზედმეტად, გვწყინს მეგობრისგან არმოკითხვა,შენ რომ სულ ცდილობ ასიამოვნო და she's takin' that for granted, როცა უინიციატივოები არიან და შენ უკეთებ ორგანიზებას ყველაფაერს) როცა არავინ ცდილობს შენს გახარებას და სურპრიზირებას (ჰაჰა surprising-ის ქართული ვერსია:). არადა ჩვენ ხომ სწორედ ასეთი უბრალო გრძნობებისთვის ვცხოვრობთ და გვიღირს ცხოვრება.
სულ იმას ვამბობ ტრაგედიაა როცა ადამიანი წვრილმანებს არ აქცევენ ყურადღებას,იმიტომ რომ ყველაფერი წვრილმანებისგან შედგება, ისევე როგორც კარგი მანქანა ბევრი ჭანჭიკისგან, ალუმინისგან და სხვა მცირე 1000-ობით დეტალისგან..
რამხელა კომენტარებს გიწერ მცხვენია, მაგრამ მიხარია რომ პირიქით გახარებ ამით)
შენ კიდევ შენი კომენტარით გამახარე ძალიან, რაც მთავარია we are strong enough and capable to move on and do it again!)
@ანა, ნამდვილად ასეა.
რა კარგად შენიშნე, რომ ზუსტად ამისთვის ვცხოვრობთ ადამიანები – ერთმანეთი გავახაროთ და გავაოცოთ, მაგრამ ამაზე სადღაც 50% ადამიანებისა არც ფიქრობს და როგორ უყვარს ყველას to take things for granted, აი ესეც მაგიჟებს ხოლმე გემოზე. იქნებ მეც ასეთი ვარ ხანდახან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არა.
რას ამბობ, შენი დიდი კომენტარები მერე იმდენ რამეზე მაფიქრებს. მადლობა :*
ბეზრუკოვი <3 იმ დღეს ვნახე ახალ ფილმში "10", ფეხბურთელის როლში, მძიმე ფილმია და ბეზრუკოვის ნიჭიერობა ხომ იცი, ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს.
შენ შეხვედრიხარ ხო ჩვენს სერგუნს, ფეისბუქიდან მახსოვს, თუ არ ვცდები, სურათი გედო.
სოფი,მომაგონა ოერტეზე იყო პრემიერა ამას წინათ) ლექცია მქონდა და ვერ მივუსწარი სამწუხაროდ, მერე აუცილებლად ვუყურებ) ”მატჩი” ქვია ფილმს)
შევხვედრივარ ისეთი ნათქვამია რომელზეც ჯერ კიდევ ვოცნებობ) თუმცა 2 ჯერ ვნახე და უბედნიერესი ვარ) ერთხელ ერევანში, სპეციალურად წავედი მისი პირადი საღამოსთვის, მეორედ კი თბილისში სპეკტაკლზე ვნახე, პირველ რიგში ვიჯექი და ყვავილებიც მივართვი)
კიდევ ახლობელი აღმოაჩინა ჩემმა ბიძამ, მოსკოვში მუშაობს მოსფილში) ჰოდა ავტოგრაფი გამოართვა ჩემთვის,პატარა ტექსტით”Аннe из тбилиси с горячим приветом, счастья, искренне ваш Сергей Безруков” და მოსკოვიდან გამომიგზავნა)მაგის სურათიც მედო)) პ.ს დანომრილია თან, რაღაც სპეციალურ ”დაღს” ასვამს თითოეულ ავტოგრაფს)
მოკლედ თითქმის ყველა ოცნება ავისრულე )) <3
@ანა, ხო "მატჩი" ჰქვია და მე 10 საიდან მოვიტანე :დ ალბათ, მეათე ნომერი რომ არის, იმიტომ :დ
რა კარგია. დღესდღეობით ყველაზე გამორჩეული მსახიობია რუსეთში, ჩემი აზრით, ძალიან ემოციურად იცის თამაში, პირდაპირ გულს ჩაგიკლავს, ისე :/ :დ კარგი გაგებით, ოღონდ, როგორც მსახიობის წესია.
მე ძალიან ბევრჯერ დამეხმარა შენი გამოცდილება :) კომენტარებს არ ტოვებენო, ეს ჩემზეა :დ მაგრამ სულ ვკითხულობდი შენს პოსტებს, როცა პატარას ველოდებოდი და ბევრი რამ ძალიან გამომადგა. ნებისმიერ წვრილმანზე ძალიან საინტერესოდ წერ, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მომბეზრდეს შენი და ეზრას ამბების კითხვა
@Mariefille, ძალიან გამახარე, თუ ასეა, ამიტომ ვწერ, რომ იქნებ ვინმეს ოდესმე გამოადგეს ჩემი გამოცდილება.
ისე მიყვარს შენი ბლოგი და შენი გოგონას სახელზე ხომ ვგიჟდები. როგორ შეარჩიე, სულ მაინტერესებს და თუ პოსტიც გაქვს ამის შესახებ, დამილინკე.
მეც ვერ ვტოვებ ყველგან კომენტარებს, უმეტესად ეს ვორდპრესი მაგიჟებს, ან კიდევ ტელეფონით ვნახულობ და არ მინდა ხოლმე ლათინური ასოებით ვწერო (ყოველთვის მაინც ვერ ვიკავებ თავს :) ).
მე კიდე ეზრას გაჩენის დღიდან სულ აღფრთოვანებული და გაკვირვებული ყურადღებით ვკითხულობ იმ ამბებს, რასაც შენ წერ და ჩემთან მგონი დავწერე კიდეც, რომ მიხარია, მსგავსი ამბების კითხვა. მე არ გამომდის ჩემი ამბების ასე თხრობა, მით უმეტეს ბლოგზე. მგონი მე იმ ხალხის კატეგორიიდან ვარ, საკუთარი ამბები მხოლოდ თავიანთვის რომ ემეტებათ, პრობლემებიდან გამოსავალსაც თვითონ პოულობენ და არც სხვებისთვის რჩევების მიცემით იწუხებენ თავს, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ მეც სადღაც ჩემში მსგავსი იმედგაცრუებების მეშინია.
@ნასტასია, არადა რა კარგად დაიწყე და როგორ ტკბილად წერდი მარიამზე, წაკითხვას არაფერი ჯობდა და ახლა საერთოდ აღარ წერ. ძალიან მაინტერესებს, როგორი გოგოა, როგორი ხასიათი აქვს და შენი შეგრძნებები, როგორც დედის და მოკლედ, ყველაფერი :))) ივლისში თუ აგვისტოში 1 წლის გახდება უკვე ხო? მახსოვს, ზაფხული რომ იყო და შენ ამბობდი, ეზრა უკვე რა დიდიაო და მარიამი კიდევ რამდენიმე კვირის იყო ჯერ :)
Post a Comment