Monday, May 6, 2013

U6 და მფრინავი თეფშები

რამდენიმე თვეში ერთხელ, უფრო სწორად კი, როცა ბავშვი გარკვეულ ციკლს ხურავს და ახალ ეტაპზე გადადის, მისი პედიატრთან წაყვანაა საჭირო. გერმანიაში ეს ამბები ძალიან სერიოზულად და სახელმწიფო დონეზეა, როგორც იტყვიან. ანუ, თუ ბავშვს რომელიმე Untersuchung/check up/გასინჯვაზე არ მიიყვან, სახლში მოგივა წერილი და ბოლოს შეიძლება პოლიციაც მოგადგეს.

ამ გამოკვლევებს, გერმანულად მოკლედ ჰქვია U1, U2 (ეს ორივე გამოკვლევა ჯერ კიდევ სამშობიაროში ხდება, ერთი დაბადებიდან რამდენიმე საათში და მეორე, გამოწერის წინ), U3 (1 თვის როცა გახდება), U4 (3 თვის), U5 (6 თვის). 12–13 თვის ბავშვის გამოკვლევა, ე.წ. U6, იმაში მდგომარეობს, რომ ექიმი ამოწმებს, შეუძლია თუ არა ბავშვს საგნების გადაადგილება და ხელიდან ხელში გადანაცვლება, ერთმანეთზე დაკაკუნება, ამჩნევს თუ არა პატარა საგნებს (მაგალითად, ეზრას ქიშმიში დაუდეს წინ და აინტერესებდათ, თუ აიღებდა), რამდენად განვითარებული აქვს ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემა, როგორ ზის, როგორ ცოცავს, ან დადის; რა სიტყვებს ამბობს და ა.შ.
მოკლედ, მნიშვნელოვანი ვიზიტია.

ეზრას ძალიან კარგი პედიატრი ჰყავს, მაგრამ მაინც, გეუბნებით, ამ ექიმებს რაღაც სხვა, თავისი სამყარო აქვთ და ვერ გადაარწმუნებ, რასაც გეუბნებიან.
ესე იგი, ადრე დაძინების პრობლემა რომ გვქონდა, შეიძლება გახსოვთ. საათები სჭირდებოდა, რომ ეზრა დამეძინებინა, თუმცა მადლობა ღმ–ერთს, მერე კარგად ეძინა და ღამით ნამდვილად არ მაწუხებდა, მხოლოდ რამდენჯერმე თუ გაიღვიძებდა საჭმელად. სადღაც 7 თვიდან ახალი ფაზა დაეწყო და მთელი ზამთარი ჩემთან ერთად იწვა საწოლში, თავიდან ერთი მხარე სულ გაბუჟებული მქონდა, მაგრამ მერე ისე მივეჩვიე, ახლა მეორე მხარეს ვეღარ ვწვები =))
სადღაც 10 თვიდან ამან გაუარა და ისევ თავის საწოლს დაუბრუნდა.
სამაგიეროდ, კბილების მომრავლებასთან ერთად, ჭამისას ჭირვეულობა დაიწყო და როცა მეგონა, უკვე დამთავრებული გვქონდა ძუძუთი კვება, უეცარი სიყვარული დაუბრუნდა. ახლა დღეში ერთხელ მაინც უნდა გაიხსენოს თავისი ბავშვობის სიყვარული, უმეტესად ძილის წინ.
ამიტომ ერთადერთი, რაც ძალიან ემოციურს მხდის (ჩემი ქმარი იცინის, ასე რომ დავარქვი ჩემს "გაცოფებას" – ემოციურობა), როცა ვაჭმევ და ამ დროს ეზრა ხელებს იქნევს და თეფშები, ჭიქები ჰაერში დაფრინავენ და დღეში სამჯერ ვიცვლით ყველანი ტანსაცმელს.

მოკლედ, U6–ზე რომ გვყავდა ეზრა და ექიმს ვუთხარით, რომ არცთუ კარგი მჭამელია, გვითხრა, თქვენთან ერთად დასვით მაგიდასთან და ის საჭმელი მიეცით, რასაც თვითონ ჭამთო. თურმე ბავშვი თვითონ გრძნობს, რამდენი უნდა ჭამოს და როგორ.
ეზრა კარგა ხანია ზის თავის სკამზე და ჭამს, რასაც უნდა – პურს, ხორცს, თავის საყვარელ კიტრს, ხილს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთი პატარა ნაჭერი ხორცი და ერთი კარტოფილი შეიძლება მთელი საათის განმავლობაში ჭამოს და ბოლოს, ნახევარი იატაკზე დაყაროს და ნახევარიც ტანსაცმელზე შეიზილოს.
მეორეც, მომკალი და არ მჯერა, რომ ბავშვი გრძნობს, რა უნდა და რამდენი უნდა. მაშინ ღმ–ერთი ისეთად გააჩენდა, რომ ხბოსავით, დაბადებიდან ერთ საათში ფეხზე დამდგარიყო და ზუსტად იმდენი რძე მოეწოვა, რამდენსაც ბუნება მოსთხოვდა. ჩვენ შორის (ხბოებსა და ადამიანებს) განსხვავება კიდევ ისაა, რომ ბავშვობაში ბევრი რამე არ ვიცით და მშობლები იმისთვის არიან, მიმართულება მოგვცენ, თუნდა კოვზის.

ადრეც ვწერდი, რომ ბავშვში 50% გენეტიკაა და 50% აღზრდა. გენეტიკა იმიტომ ვახსენე, ბავშვობაში მე სასწაულად მიყვარდა ჭამა (დღემდე ასეა) და დედაჩემს ეს პრობლემა არ ჰქონია, სამაგიეროდ, ეზრას მეორე ბებიამ გაიხსენა, რომ ეზრას მამა ძალიან ცუდად ჭამდა ბავშვობაში და ზუსტად მასავით ისროდა თეფშებს ჰაერში.
ახლა ჩემი მთავარი მიზანი ისაა, მშვიდად ვიყო და ისე ვაჭამო, სანამ ეზრა თვითონ მისულა იმ ასაკამდე, როცა ჭამა სიამოვნებას მიანიჭებს და მხოლოდ ვალდებულება არ იქნება.

როგორც ყოველთვის, ბავშვის აღზრდაში რჩევები არ არსებობს. შეიძლება რაღაც გამოცდილებები ერთნაირი იყოს, მაგრამ ყველა ბავშვი ისეთი უნიკალურია, რომ შეუძლებელია ძალიან საყვარელი პედიატრის რჩევა გავითვალისწინოთ.

4 comments:

Unknown said...

დუდანაც ზუსტად მასე! პირველი ისაა,რ ომ არასოდეს შია. ანუ - არ შივდება. ყველა საჭმელად საკუთარ სკამ მაგიდასთან დასმა - პროცესია. მერე უნდა გაართო რომ აჭამო, მომზადებული ვსხდებოთ წიგნებით, და სხვა საგნებით რო დააინტერესო. როცა გადაჭრით ამბობს უარს პირის გაღებაზე - არ ვაძალებ, სანამ ჭამს-ჭამს. მაგრამ, საათობრივად ვაჭმევ, 4 საათში ერთხელ, წინასწარ გაწერილი მენიუთი. ჩვენი საჭმელიდანაც ჭამს რაღაცას, მარა როგორც შენ თქვი, ნახევარს დაარბლებს და დააგდებს, ზოგს ტანსაცმელზე შეიზელს და ასე. მეც მგონია რომ საათობრივი კვება კუჭნაწლავისთვის და სწორი ჩვევებისთვის კარგია.. რავიცი. მეც კი მირჩევნია აღებდეს მაცივარს, ყიყლიყოებს იწვავდეს და მეძახდეს, დე მოდი მზადააო და იჯდეს ჩემ გვერდზე და აკურატულად ილუკმებოდეს მარა 1.8 წლის ბავშვისგან მგონი ამას არ უნდა ველოდე ხო?

:)))

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, ზუსტად, ყოველი ჭამა შოუა ჩვენთვისაც! მიხარია, რომ მარტო არ ვყოფილვარ :)))
გეუბნები, ზოგი ეზრას ტოლიც კი "იწვავს ყიყლიყოებს". ჩემს ერთ ნაცნობს ჰყავს ეზრას ასაკის ბავშვი, ორი თვით უფროსი და რესტორნებში, კაფეებში რომ დადიან, იმასაც დიდივით გვერდით ისვამენ და ბავშვი ზუსტად ისე ჭამს, როგორც მშობლები – შემწვარი კარტოფილი, ნეკნები, მწვანე სალათები და ტირამისუ :| :დ

Unknown said...

ართქვა! შენი მეორე ბლოგის ლისტიდან ერთი ქლიმბინგ თრი ბლოგი აღმოვაჩინე და გულწრფელად გაკვირვებული ვარ, რამდენს მოგზაურობენ, ბავშვიც თავისით იკვებება, ხან უდაბნოში იძინებს და ხან თვითმფრინავში, ახლა კიდე მეორეს ელოდება, გადასარევია.

ან კიდე ტანია ლიბერმანი - ეს ბავშვის გარდა კიდე 3 ბიზნესს ასწრებს და მოსკოვს და თელავივს შორის ცხოვრებას.

ეხ. მე კიდე დასასვენებლად ჩავედი ახლა, 2 დღით და ბავშვის საწოლის მაგივრად დამახვედრეს ჩვეულებრივი 1 ადგილიანი დამატებითი საწოლი და 1 დღე ტრაური მქონდა - მიუხედავად იმისა რო დუდანას საერთოდ არ გაუპროტესტებია "დიდი გოგოს საწოლი" ჰაჰა :) ყველა პრობლემა, მაინც ჩვენშია. ბავშვებიც ზუსტად ისეთები გვეჩვენება როგორც ჩვენ ვუდგებით და აღვიქვამთ. მე ასე მგონია.

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, მაგათ ნუ იტყვი, არ ვიცი, ან ამდენი ფული საიდან მოაქვთ, ისრაელიდან დაიწყეს და მთელი ევროპა შემოიარეს. დედაჩემი მეუბნება, იატაკზე არ დასვა, როცა ფანჯრები ღია გექნება, "სკვაზნიაკი" არ იყოსო და ეგ ბავშვი კიდევ, შენი არ იყოს, ხან უდაბნოში დაცოცავდა და ხან – თვითმფრინავში ყველა უცნობს ეხუტებოდა :დ

ტანია ლიბერმანი ფენომენია ჩემთვის, როგორ ასწრებს ამდენ რამეს, სულ გადაფრენა–გადმოფრენაშია და რა საკაიფო რაღაცებს აკეთებს და აწყობს თან.

ადამიანზე და მშობლებზეა ყველაფერი ნამდვილად დამოკიდებული და ჩვენ რომ გვიყურებენ ბავშვები, თვითონაც ისეთები გამოდიან. დედაჩემის იმ რჩევას კი არ ვუსმენ და სათბურში არ მყავს ჩათბუნული, მაგრამ ბლომად სხვა "მარაზმები" არ მაკლია =))

დიდი გოგო დუდანა. არა, მართლა დიდია, მალე ორის გახდება :) ჩემი ქორწილის მერე დაიბადა, არ დამავიწყდება; მე და შენ ერთ პერიოდში გვქონდა ემოციური თარიღები.