Monday, June 10, 2013

"ქალების ოთახი" – მესამე პოსტი


წერილები

პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს მიმოწერას ვკითხულობ. ორი კაცის წერილები აქამდე არასდროს წამიკითხავს. წერილებს ჩვენთან მხოლოდ ქალები წერენ. ეს მიმოწერა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო აზრიანია და ყველა საკითხს სხვა მხრიდან აჩვენებს, იმაზე ფიქრობენ, აქამდე აზრად რომ არ მომსვლია. არადა, თემები ჩვეულებრივია - მეგობრობიდან დაწყებული, სპორტით გაგრძელებული და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით დამთავრებული. 


მე წერილები მიყვარს. წერის დროს ბევრს აზროვნებ და ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე ისე ფიქრობ, აქამდე აზრად რომ არ მოგსვლია. წერილი რჩება და გადაიკითხავ როცა გინდა. ადვილად დაგაბრუნებს იმ სიტუაციაში, როცა პირველად წაიკითხე. ეს განსაკუთრებული ემოციაა. ხშირად ისეც ხდება, რომ წერილში გრძნობებს უფრო გამოხატავ ვიდრე მაშინ, როცა ადამიანს ხედავ.
იმ შემთხვევაში, თუ ადრესატიც შენნაირად წერილების მოყვარულია, მიწერ-მოწერა ერთგვარ ინტელექტუალურ ელფერსაც იძენს (ოსტერისა და კუტზეესი არ იყოს).  ეს ადამიანი თუ სხვა კულტურულ სოციუმში იმყოფება, მაშინ ეს მიმოწერა კიდევ უფრო საინტერესოა და წერაში გამართული პოლემიკა კიდევ აზარტული.

წერილებიდან ძალიან მარტივია ადამიანის რეალური სახის დანახვა. გარშემომყოფთათვის წერის მოყვარულ არაემოციურ ადამიანებს წერილები უფრო ესპრესიული გამოსდით, კომპენსირებაა ერთგვარი.

ხელით ნაწერი წერილები მიყვარს. ბოლოს რამდენიმე თვის წინ დავწერე და ადრესატთან მგონი ჯერაც არ მისულა. ფოსტა ჩვენთან ფაქტობრივად არ მუშაობს. ხელნაწერებს თავისი სითბო მოჰყვება და ასოების მოხაზულობა დამატებით ინფორმაციას გაძლევს. უცებ ხვდები მშვიდად წერდა, დაღლილი იყო თუ ალაგ ალაგ სხვა საქმეს აკეთებდა. ელქტრონული წერილი ყველა ერთნაირია ვიზუალურად და რობოტულია. მე რობოტული რაღაცეები არ მიყვარს.
უკვე რამდენიმე ხანია ვფიქრობ რატომ არ წერენ კაცები წერილებს და სხვების მიერ მიწერილს ორი სიტყვით რატომ პასუხობენ. ჯერჯერობით ყველაზე ბანალური პასუხი მაქვს - არ უყვართ გრძნობების გამოხატვა, ყველა ასეთ შემთხვევას სისუსტედ აღიქვამენ. წერილი კიდევ, როგორც ვთქვი, დოკუმენტია და ნებიესმიერ დროს შეიძლება შეახსენოს როგორ გრძნობდა მაშინ თავს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად ხდება და ერთგვარი თავდაცვითი ქმედებაა. ისევე როგორც მოკლე-მოკლე პასუხები - მთლიანად კი არ გაძლევს ინფორმაციას, ნაწილ ნაწილ უნდა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვები, ამით მიგანიშნებს, რომ უპირატესი პოზიცია მისია, ერთის მხრივ, საუბარში ჩართულს გამყოფებს მუდმივად და მეორეს მხრივ, ხაზს უსვამს, რომ რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იმ ინფორმაციას გასცემს.

ესეც არაცნობიერად ხდება, კაცს ნამდვილად არ შეუძლია წინასწარ რაღაცეების გათვლა, ამ მხრივ ქალები ბევრად ჭკვიანები არიან.
სინამდვილეში ეს პოსტიც წერილია, თავში აკლია უბრალოდ „ძვირფასო, სოფი!“


ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატა, "მკითხველიდან".

3 comments:

Dreamar said...

პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე კაცებს არამარტო წერილების წერა, დღიურების წერაც ნაკლებად უყვართ. (ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო უამრავი გოგოა ვისაც ოდესმე დღიური ჰქონია, მაშინ როცა ერთ ბიჭსაც ვერ ვიხსენებ დღიური რომ ეწეროს :/)
ზოგადად წერილის წერას ბევრად მეტი დრო და ფიქრი უნდა, ამიტომ ბევრისთვის თუნდაც დარეკვა უფრო მოსახერხებელია.

Anonymous said...

ჩემი მეგობარი წავიდა საფრანგეთში, ჰოდა ზის ახლა და ყველას წერილებს გვიგზავნის და გვიგზავნის ))) მე უკვე 2 წერილი მივიღე მისგან და ისეთი ბედნიერი ვიყავი. სკაიპშიც ჰო ვლაპარაკობდით, Facebook-ზეც ჰო მწერდა, მაგრამ მარკადაკრული კონვერტიდან წერილის ამოღებას და მეგობრის (ამ შემთხვევაში) ოკრო-ბოკრო ხელნაწერის წაკითხვას თურმე ვერაფერი შეედრება :))

Sophie שרה Golden said...

მე მიყვარს წერილების წერა სიგიჟემდე და ბავშვობიდან ისე ხდება, რომ სულ მიწევს. ხშირად მიწევდა საცხოვრებელი ადგილების ცვლა და შესაბამისად, მეგობრებისგან შორს ცხოვრება, ამიტომ რაც წერა ვისწავლე, სულ წერილებს ვწერ.

ახლა ერთი წერილი მაქვს დასაწერი, თინეიჯერი მეგობრისადმი, რომელიც სასწაულად აჟიტირებულია/შეყვარებულია და თვითონ 12 ფურცელი მომწერა, მე კიდევ აზრზე არა ვარ, რა ვუპასუხო :| :(

რაც შეეხება ამ პოსტს, მომანდომა ამ წიგნის ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზონზე 17ევრო ღირს, რაც ჩემი თვის ლიმიტია :/ :დ