Monday, June 17, 2013

"ქალების ოთახი" – მეხუთე პოსტი

ურთიერთობის მომხიბვლელი სიმსუბუქე


იმდენი ხანია მინდა დავწერო რაღაც და არ გამომდის. დროზე მეტად განწყობის უქონლობას განიცდი. ისე, ,,ქალების ოთახი“ კარგი იდეაა.  ეხლა როდესაც წერა დავიწყე წარმოვიდგინე მუქ ტონალობაში შეფერილი კედლები, აბაჟური, სოლოლაკი, სხვადასხვა ქალი და ჩაი. არ ვიცნობ პირადად არავის , ყველას  ვაკვირდები და უზომოდ მაინტერესებს მათი ცხოვრება.

ზოგადად, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ბლოგი ჩემი ცნობისმოყვარების დაკმაყოფილების კარგი საშუალებაა. იმდენი ადამიანის ცხოვრებით  ვცხოვრობ, ისეთი თაგადასავლები მაქვს რომ არც კი იცით. ხან მხიარულად  ვარ, ხან ცალმხრივად შეყვარებული , ხანაც პესიმისტი. მოკლედ კარგი ამბავია ეს სხვის ცხოვრებაში შეჭყეტა ისე რომ არ იცნობ და არ იცი ვინ არის რა უნდა და ა.შ მაგალითად, ერთ გოგონას პირადად ვიცნობ ძალიან კარგად. მისი ბლოგი შემთხვევით აღმოვაჩინე და მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ წერდა პირად თუ სოციალურ საკითხებზე ვერაფრით წავიკითხე. მერე მივხდი მთელი მომხიბვლელობა ურთიერთობის სიმსუბუქეა, გამოწვეული გაუცხოებით.  იმ დღეს ჩემი თავი იმაშიც კი გამოვიჭირე, რომ ვიღაცის მოკლე ტექსტური შეტყობინება წავიკითხე. შემთხვევით! გეფიცებით! უბრალოდ ვიღაც გოგონა იჯდა, მე ვიდექი, შეტყობინება მოვიდა, თვალი გამექცა და უწყინარი ტექსტი ,,წამეკითხა“. ადრესატი მამრი იყო. მერე ავდქი და  მთელი ისტორია მოვიგონე. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე მათ შორის მაინც ამურული გრძნობები დავამყარე.  სხვის მაგიდაზე (კაფეში თუ კუს ტბაზე) ყური რომ მიდევს ესეც გაცხადებული ამბავია. არადა  სხვისი  დღიური ხელში რომ ჩამივარდეს არაფრის დიდებით წავიკითხავ, არც ტელეფონს გავჩხრეკ,(დამიჯერეთ, ჩემი მეუღლის ტელეფონი არასდროს დამითვალიერებია) სხვისი პერსონალური კომპიუტერიც მეხამუშება. უბრალოდ უცხო ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით ვერასოდეს ვნახავ საშინლად მაინტერესებს. ხო დამავიწყდა მეთქვა რომ ეს ნაცნობი ადამიანის დღიურს არ წავიკითხავ არასდროს.  საქმე არ გაქვსო იფიქრებთ, მაგრამ საქმე იმაზე მეტი მაქვს ვიდრე უნდა მქონდეს და ჩემი გონებაც სხა ფიქრებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ  გართობაა ერთგვარი.

მართლა, გართობაზე გამახსენდა: დღეები ნელნელა კალაპოტში ჩადგა. მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც წავიდა. ჩემს ფსიქოლოგიაზე დედობას დიდი გავლენა არ მოუხდენია. ვგულისხმობ, 24 საათი ამ თემაზე ფიქრით დაკავებული არ ვარ. მაგალითად, ერთი ჩემი ნაცნობია, ჩემზე 1 თვით ადრე გახდა დედა. უბრალოდ აუტანელია მისი ცქერა სოციალურ ქსელზე. გარდა იმისა რომ შვილის უამრავ ფოტოსა და ვიდეოს აზიარებს, ბრძნულ გამონათქვამებს არ იშურებს დედაშვილობაზე, დედობის ,,მადლზე“ და ა.შ მე ასე არ ვარ. ჩემი დღეები ისევ ისეთია, უბრალოდ გაცილებით გალამაზდა. ისევ  ვფიქრობ ათას სისულელეზე და ისევ მაინტერესებს არის თუ არა ცხოვრება მარსზე. უბრალოდ, ეხლა მეგობარი მყავს ჩემი გოგონას სახით და მას ვესაუბრები. პატარად არ აღვიქვამ. ისიც ინტერესით მაკვირდება და მგონია ყველაფერს იგებს. ყველაზე მაგარი მეგობარია სხვათაშორის: მოსმენა შეუძლია და არასოდეს გასცემს შენს საიდუმლოს.  მეგობრებს რომ ვხვდები მინდა ისევ ძველებურ თემებზე ვისაუბროთ. არ მინდა მათი პირველი კითხვა იყოს: ჰუმანა, პამპერსი, ბავშვი ვის გავს და ა.შ  ამით ვხვდები რომ ძველ ცხოვრებას ვებღაუჭები. რეალურად არ ვაღიარებ, რომ ყველაფერი შეიცვალა და ჯიუტად განვაგძობ ჩემი პირანდელი სახის ნაფტალინში შენახვას. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. არადა ვიცი მოვა დრო და ინერციით ვეღარ წავალ. მერე ალბათ იმ ჩემს ნაცნობს არ დავემსგავსები, მაგრამ სხვა დედებს აუცილებლად დიდი სიამოვნებით გამოვკითხავ აცრისა და ვიტამინების ამბებს. დღეები კი მიდიან, ერთ თვეში 25 წლის გავხდები. მე კი ისევ ვერ ვასწრებ ვერაფერს, ისევ  არ მაკმაყოფილებს ჩემი თავი და ისევ მინდა ,,ერთხელ მოსულს  ამ ქვეყნად“ , ცხოვრება მთელი თავისი პლიუსებითა და მინუსებით , მთელი სიცხადით , ხარბად შევიგრძნო.

ბედნიერ დღეს გისურვებთ!



ამჟამად ჩემი ყველაზე საყვარელი ბლოგის ავტორი NobodyT





7 comments:

Anonymous said...

ლამაზი პოსტია! ალბათ, მეც ასე დამემართება, როცა დედა გავხდები. ძალიან ძნელია ახალ ცხოვრებასთან შეგუება. ცხოვრებასთან, როცა იცი, რომ არასდროს, აღარასდროს იქნება ყველაფერი ძველებურად. თუნდაც, ცვლილება ისეთი საყვარელი, თეთრი და ქუნქულა იყოს, როგორიც პატარა ბაჭყატოა :)

Anonymous said...

სოფი დიდი მადლობა ყველაფრისთვის :)

Tina Nadiradze said...

ცნობისმოყვარეობა ძალიან მაგარი რამეა :) ჰემინგუეიც ასე წერდა ხოლმე ხშირად. იჯდა კაფეში და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, იქვე ჩაიწერდა და მერე ამუშავებდა... ვინ ვის ელოდებოდა, მერე რომ მოვიდოდა, მისი ხელი როგორ ეჭირა და როგორ ელაპარაკებოდა... რა კარგად თქვი, მეგობარიაო. ძალიან კარგი მიდგომაა, როცა ტოლივით ექცევი.

თორნიკე said...

წერილის ნახევარი რომ წავიკითხე მივხვდი,ვინ იქნებოდა ავტორი.:)მეც ძალიან მიყვარს ეს ბლოგი და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.

Sophie שרה Golden said...

თი, სიამოვნებით. შენ დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური პოსტისთვის.

ოღონდ, გთხოვ, მითხარი, აბაჟური რასარის? :დ იმდენ ქართულ წიგნში მაქვს წაკითხული და დღემდე არ ვიცი, რომელი ავეჯის ნაწილია, ფაქტია, რომ ძალიან ფრანგულად კი ჟღერს :)))))))

Anonymous said...

მადლობთ ყველას გამოხმაურებისათვის.:)

სოფი , აი ეს არის აბაჟური:

https://www.google.ge/search?q=%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=_2bAUcmqCYToswbXroHwAQ&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1366&bih=643#facrc=_&imgrc=554S0CZbHwrNHM%3A%3B87NDMxVdzSJp_M%3Bhttps%253A%252F%252Fsphotos-a.xx.fbcdn.net%252Fhphotos-ash4%252Fs320x320%252F314086_321279057965969_347925933_n.jpg%3Bhttps%253A%252F%252Fwww.facebook.com%252FAbajhuri%253Fhc_location%253Dtimeline%3B320%3B240

Anonymous said...

ძალიან მომეწონა) ჩემი თავი დავინახე ))
ანა