რატომ მიყვარს ლათინური მუსიკა
ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ყველაზე მეტად ჯაზი მიყვარს. ლათინოამერიკული მუსიკაც ჯაზია, მხოლოდ იმ ისტორიულ და გეოგრაფიულ გარემოში აღმოცენებული. კლასიკური ჯაზი თავის დროზე ძალიან გაამდიდრა კუბურმა მუსიკამ. ბრაზილიელი, კუბელი, ჩილელი და მექსიკელი მომღერლები კარგად იცნობენ თავიანთი ქვეყნის ფოლკლორს და ეს რეპერტუარზეც ეტყობათ. ჰყვებიან აბორიგენებისგან გადმოცემულ ისტორიებს, გმირობის ამბებს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სიყვარულს უმღერიან. ხორციელს, წარმავალს, ხანმოკლეს, ჩავლილს, დაკარგულს, მარადიულს, ამაღლებულს - ყველას ერთნაირი ჟინით, გულიანად, მონდომებით, გადამდებად. საოცარი ისაა, რომ სევდიან, ლირიკულ სიმღერებშიც კი სინათლე და მხიარულებაა. იმას კი არ ფიქრობ, საყვარელი დაკარგა და რა ეშველებაო; პირიქით, კმაყოფილი რჩები, ფიქრობ, რა კარგია, რომ ეს ისტორია თავს გადახდაო.
მათ სიცოცხლე
უყვართ და სიცოცხლის ხათრით ყველაფერს, რაც მძიმე და აუტანელია, შეგნებულად ანაწევრებენ,
აზიარებენ თავიანთ სიმღერებსა და ცეკვებში; სამხიარულოს ხომ ორმაგად და სამმაგად ზეიმობენ
და ჩვენც გვიგზავნიან. ფანჯარასთან სხედან და სიცოცხლეს ემადლიერებიან, ან
ბაღში გადიან და სიჩუმის ხმას
უსმენენ, უნდათ, ყვავილებს წყნარად ეძინოთ და მათი ტკივილის შესახებ არაფერი გაიგონ.
ვიღაც გზას გაჰყურებს და ნატრობს, ნეტავ, ჩემი შავი ქალი
მალე დაბრუნდესო. ვიღაცას სჯერა, ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო.
ისე უნდათ იცხოვრონ, როგორც მათი მშობლები ცხოვრობდნენ;
ამბობენ, მერე ზღვასთან სიკვდილიც კი
ტკბილიაო. წვიმაში გარეთ
გავლენ და საყვარელ ქალს ორ ცალ გარდენიას მიუტანენ.
მათთვის ყველაფერი, ტკბილიც და მწარეც, ერთი ხანგრძლივი ზეიმია. ეს ჩემთვის ახალი,
დიდი ენერგიაა. ერთხელ, „ბუენა ვისტას“ კონცერტზე ვიყავი ჰამბურგში. ერთ სიმღერაზე
სოლისტმა გამოაცხადა, ახლა სცენაზე მაყურებელი მინდა ავიყვანოო. ერთი მაღალი, კარგი
აღნაგობის გერმანელი ბიჭი აირჩია. გაშეშებული იდგა, ცეკვა არც უცდია და ვფიქრობდი,
ვერც მოიხდენს-მეთქი. ამ დროს, მთლად შოკოლადისფერი, შუახნის კუბელი მომღერალი ქალი
ბიჭს ზურგიდან მთელი ტანით აეკრა და მოძრაობა დაიწყო, ბიჭი ნელ-ნელა აიყოლია და მალე
ლამის პროფესიონალ სალსას მოცეკვავედ აქცია. ასეთი ტრანსფორმაცია სულ რამდენიმე წუთში,
ჩვენს წინ მოხდა. ზუსტად ამ ენერგიას ვგულისხმობ.
ჩემი ბრაზილიელი
მეგობარი, რაფაელა, ბეჯითი სტუდენტი იყო. დროს მშვენივრად განკარგავდა, თუმცა, ყოველთვის
იყო მეგობრებთან ყოფნის და მხიარულების ხასიათზე. როცა მის ოთახში შევიდოდით, თვალებს
ააციმციმებდა, კარადისკენ წავიდოდა, სასმელის ბოთლს გამოიღებდა და იტყოდა, მოდით, ცხოვრება
ვიზეიმოთო. მისი ოჯახის ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მეგონა, ფილმის კადრები იყო. მისი
დიდი სახლის კარი ღია იყო, ღია ფანჯრებიდან თეთრი ფარდები ფრიალებდა, ეზოში - ოჯახის
წევრები, ბიძაშვილები, ბარბექიუ, თეთრი შორტები, რამდენიმე მეტრის მანძილზე - ქვიშიანი
ნაპირი და ზღვა. არ იყო საზღვრები ცას, ზღვას და სახლის კარს შორის. არ იყო საჭირო
ფეხსაცმელი, ზედმეტი ზრდილობა, ზედმეტი ფიქრი. მხოლოდ ღიმილი სახეზე, მოძრაობა, ერთად
ყოფნა, სიცოცხლით ტკბობა.
მე ყმაწვილობაში
მერიის წინ მოშიმშილე ბიჭებს ვუყურებდი, სკოლის ღონისძიებებზე კლასელები „შავლეგოს“
ვმღეროდით, მუსიკალურში მეცადინეობებს შორის შუალედში პიანინოსთან ვჯდებოდი და „იყიდება
საქართველოს“ ვმღეროდით, „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ხმებში გვქონდა გაშლილი. ცხრა აპრილი
და პუტჩი რომ მოხდა, კუთხეში მიმჯდარი ვტიროდი და ზუსტად ვიცოდი, არც სწავლას, არც
მუშაობას, არაფერს არ ჰქონდა აზრი. აბიტურიენტობაში მასწავლებლებთან სულ ფეხით დავდიოდი,
მიყვებოდნენ ყაჩაღობის ამბებს, ომიდან მატარებლით ჩამოდიოდნენ ჯარისკაცები, ვდგებოდით
შუაღამით, რომ პური აგვეღო. მერე სოხუმი დაეცა. იმ წლების სარკე იყო კადრები, დევნილები
რომ სვანეთის გავლით ფეხით მოდიოდნენ, მამა რომ გზაში დაცემულ შვილს სტიროდა, რომელიც
იქვე უნდა დაესაფლავებინა. 21 წლის, აშშ-ში
რომ მივფრინავდი, გზაში ვფიქრობდი, რა კარგია, თუ მომინდება, იქ დღეში ცხრაჯერ ვიბანავებ,
შუქიც მექნება და წყალიც-მეთქი. მერე იყო ომი, კიდევ ომი... ჩემი ცხოვრების მუსიკა
არის ისტორიული წარსულის გახსენება, ის, რომ სულ გადარჩენისთვის ბრძოლა გვიხდებოდა,
დაღუპულებზე დარდი, ჩემი ხალხის სიბრალული, გაჭირვებიდან ვერამოსვლა, სურვილი, რომ
ყველაფერი შეცვალო, შეძლო, შენიანები ძალიან კარგად გყავდეს, მძიმე ფიქრები, გაუთავებელი
ქაოსი, მთავრობების შეცვლა, დარდი, სევდა. არ მინდა, ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებოდე,
ვუღრმავდებოდე, ბევრს ვფიქრობდე. კარგი იქნებოდა, შემეძლოს, რაღაცებს ზედაპირულად შევხედო,
რასაც ვერ შევცვლი, იმას მაინც, არ მთრგუნავდეს გარემოებები და ვიყო კუბელი ქალებივით
შოკოლადისფერი და მოხითხითე... ამიტომ მიყვარს ლათინური მუსიკა. მასშია ყველაფერი,
რაც მე არ ვარ.
ესეც ჩემი პატარა
ამბავი სოფისთვის. მასთან ხშირად წამიკითხავს, რომ ძალიან უყვარს ლათინური ამერიკა,
რომ უნდა, ოდესმე იქ იცხოვროს, ისე, როგორც მისი საყვარელი მწერლების რომანებშია. სოფი
პოსტსაბჭოთა ტრავმირებულ ყმაწვილობაზეც წერს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ რაც საერთო გვქონდა,
იმაზე დამეწერა. მიხარია, რომ „ქალების ოთახს“
შემოვუერთდი.
იმედია, პათეტიკური არ ვიქნები, თუ თინიტას, ყველაზე ნაკადულივით რაკრაკა პოსტების ავტორს ვუწოდებ.


.jpg)




19 comments:
არ ვიცი, როგორ გამოვხატო მოწონება. მართლა რაკრაკა პოსტები აქვს, ნამდვილი, გულიანი, თბილი, ნათელი, მუსიკალური...
ახლა გადავალ იმ ლინკებზე, აქ რომ დაურთო და გავილამაზებ საღამოს :)
მადლობა თინიტა – პოსტისთვის და სოფი – ამ წამოწყებისთვის <3
ულამაზესი პოსტია და არ დავმალავ, ჩემი ფავორიტი.
თითქოს დიდი პოსტია ხო, ამდენი ისტორია გვიამბო და ისე რაკრაკით იკითხება, კიდევ ორჯერ და სამჯერ ამხელას წაიკითხავდა ადამიანი.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, თიკო!!!
ჩვენი, ქართველების, ისტორიაც ხომ ერთგვარი ჯაზი და ბლუზია, ზუსტად ისეთი, როგორიც თინიტამ აღწერა: უმეტესობა ხომ ასე გავიზარდეთ, რომ ამ/იმ ქვეყანაში არაფერს ჰქონდა აზრი...
მაგრამ იქ, სადაც თინიტას და ჩვენი "ქალების ოთახის" სხვა ბინადრები ცხოვრობენ, მსოფლიოში ყველაზე კრიალა ცა და თბილი გულია – ყველანაირი ლოგიკური აზრების მჯობი :)
Tinit, bravo, bravo, bravo! uh, ra gemrieli posti iko,mindoda kidev da kidev mekitxa. mec dzalian mikvars latinoamerikuli musika. xandaxan salsas sacekvaod mivdivar,esec ki dzalian did positiur muxts itsvevs.tumca mshurs latinoebis cxovrebastan damokidebulebis. bevrjer micdia mimebadza mattvis, magram es mxolod droebit tu gamomdis. albat cubashi xangrdzlivi cxovreba ikneboda amis camali :-) ah, saocnebo cuba, neta rodis shevdzleb ik mogzaurobas...madlob tinit rom aseti latinoamerikuli mzit gaatbe chemi mosackeni leipziguri game :-) gkocni, Nanuka
ძალიან მომეწონა!! ძალიან!
ქეთი, მადლობა, ძვირფასო! :)
სოფი, შენი დასკვნითი პასაჟები ძალიან საჭირო იყო! ზუსტად ესაა! :) მადლობა.
ნანუკა, ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა შენგან! :))) Enjoy your salsa nights!
nobodyt, დიდი მადლობა!
გადასარევი პოსტია!
ერთბაშად ამამჩატებელი და მძიმე პოსტი იყო. ბოლოს ვეღარ გავიგე რა განწყობა დამრჩა.
yvelaze kargi posti! kargi musikit.
mokled, aset musikas ro gaurev, mere me vxdebi subieqturi :D
კუდა, მადლობელი :)))
Charlotte, ასევე.
წამალივითაა ეს მუსიკა.რატომღაც ზოგჯერ ჩემთან ჯიმეილის ჩეთში ჩანხარ ხოლმე მწვანედ :)
რა კარგი პოსტია, ძალიან მომეწონა
ჭკუიდან გადასაცდომი პოსტია.. !!!!!!!!!!!!
სიტყვები არ მყოფნის,მითუმეტეს რომ უზომოდ უზომოდ უზომოდ მიყვარს ლათინოამერიკული მუსიკა, და ყველა ის ფუმფულა და მზით შეფერილი მომღერალი ქალი Cesaria Evoraს მეთაურობით.!
ერთადერთი რაც უზომოდ მიზიდავდა იმ საოცრად მომაბეზრებელ სერიალებში რაც საქართველოში გადიოდა, ეს იყო მუსიკა, შიშველი ფეხები, ქვიშა და უკომპლექსობა, სიცოცხლის სიყვარული და ყველაფერი ის რაც პოსტში წერია და მე უკეთესად ალბათ ვერც დავწერ))
ისეთი პოსტია,რაც არ უნდა დრო გავიდეს სულ შემოვალ და სულ წავიკითხავ. ))
Dreamar, დიდი მადლობა.
Ana,არ ვიცი, რა ვთქვა, შემრცხვა. მადლობელი ვარ ყველასი, რომ ის, რისი თქმაც მინდოდა, ასე მიიღეთ. სეზარია მეც ისე მიყვარს... და მართალი ხარ, სერიალებით ბევრი მუსიკოსი გავიცანი თავის დროზე...მაშინ გუგლთან ჯერ კიდევ არ ვმეგობრობდი :))) სიტყვებიც ბევრი ვისწავლე, ესპანური და პორტუგალიური. ერთხელ ესპანური ზმნები ჩამოვწერე სიმღერებიდან ნასწავლი და საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა :))) ჩემი მეგობარი გაოცებული დარჩა. მადლობა კიდევ ერთხელ...
პირიქით პირიქით ! )) ჩემის გულის გამოძახილი დავინახე ამ პოსტში და უზომოდ ვისიამოვნე.
მე დიდის ამბით ვსწავლობდი Cesariaს სიმღერებს.ისეთი მელოდიური და რაღაცნაირი ტკბილი სიტყვებია სულ მინდა, რომ გამოვთქვა! აი ის ხმა მიყვარდა, ორიგინალი ხმა სერიალებში, თარგმანს რომ უსწრებდა წინ ან თარგმანი რომ უსწრებდა, და შიგადაშიგ რომ იმ მჟღერ,ლამაზ ენას ვიგებდი,ხან ესპანურს, ხანაც პორტუგალიურს.
სად იყო google და მითუმეტეს shazam და soundhoundი , ეხლა აიფონს რომ მოვასმენინებ და წამში მიძებნის სიმღერებს) წამღერებითაც კი )
ძალიან ბევრჯერ მიოცნებია მეცხოვრა კოლუმბიაში როგორც მარკესი, რომლის სახლის აღწერილობა რომ წავიკითხე მიხვდი სად იწყებოდა ოცნება..ან კაპე ვერდეს კუნძულებზე როგორც სეზარია) ანდაც ბრაზილიაში - ღარიბ უბანში)აი სულ რომ ცეკვავენ და სულ რომ მღერიან დღის ნებისმიერ მონაკვეთში...
<3 კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული ამ პოსტს და ავტორს)
ჰაჰაჰა მე არ მაქვს ეს აპები :)) უნდა ვნახო ერთი :)
ასეა, მეც წარმოვიდგინე, როგორ ღიღინებდა სეზარია თავის სამზარეულოში და როგორ მიაყურადა მისმა "აღმომჩენმა". კუბაზეც ასე ამბობდა ერთი, ბევრი არაფერი აქვთ, მარტივად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ბედნიერები არიანო. ბრაზილიის ღარიბი უბნები ვინც ნახა, თქვა, წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობენო, მეთევზეების სოფლები უფრო რომანტიკული იქნება!
ძალიან საინტერესო და გულიანი პოსტია...
Nice post Tinita!!!!! Me gusta :)
აუ, როგორ მომეწონა ეს <3
მერე რა, თუ მე ეს პოსტი ოქტომბერში ვნახე. ძალიან კარგი პოსტია. ძალიან მომეწონა. იმდენი რამე გამახსენა ჩემი 90 წლების ბავშვობიდან.
ლათინურ მუსიკაზე მე სულ ანტონიო, პენე და პედრო მახსენდებიან. ცეცხლოვანი ხალხი. კორიდა და ტემპერამენტი.
ერთობ სასიამოვნოა ლაშას მეუღლის "გაცნობა". არადა სულ ვფიქრობდი ნეტავ ვინ არის ეს თიკო, გუგლპლუსში რომ ვხედავ მუდმივად-მეთქი.
მოკლედ, ბევრს აღარ დავწერ, ძალიან კარგი პოსტია და წარმატებები.
Kate, დიდი მადლობა! :) მეც გნახე გუგლ პლუსზე :)
პენე და პედრო - უკვე მთბილა. პედროს ფილმებიდან ბევრი უცნობი მომღერალი გავიცანი და შევიყვარე.
მეც გიცნობ შორიდან ლაშასგან. ჩემს ინსტაგრამზეც გიპოვა. :)
ასევე მადლობა "დიასახლისს" - სოფის.
Post a Comment