Wednesday, April 30, 2014

სასწაულები რომ ხდება, იმაზე და კიდევ ჩემს სხვა სიბრძნეებზე

მინდა, ერთი სასწაული ამბავი გაგიზიაროთ. ჩემს ერთ ამერიკელ ნაცნობ წყვილს თითქმის მთელი 10-12 წელი არ ჰყავდა შვილი, მერე აყვანა გადაწყვიტეს და ორი საყვარელი ტყუპი ბიჭუნა იშვილეს. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, როცა პატარა ბიჭები ორი თვისები იყვნენ, ამ ქალმა აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო პირველად თავის ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ სიხარული. თანაც ოთხმაგი :) 9 თვის შემდეგ ამ წყვილს კიდევ ორი ტყუპი ბიჭი შეეძინა.
არ ვიცი, შეიძლება ზოგისთვის არაფერი, მაგრამ წარმოიდგინეთ იმ ოჯახის სიხარული და სისავსე. ეს ამბავი როცა გავიგე, მაშინ ჯერ შვილები არ მყავდა და დიდად არ გადავრეულვარ. უბრალოდ, მათი დიდი ხნის მოლოდინი, იმედგაცრუება და დარდი რომ ღმ-ერთმა ასეთი დიდი სიხარულით შეცვალა, ძალიან გამიხარდა. სანამ ადამიანს საკუთარი შვილები არ გეყოლება, არ გამოცდი ტკივილებს, უძილო ღამეებს, დაქანცულ ბეჭებსა და გულის აჩქარებას, როცა შენი შვილი პირველად დედას დაგიძახებს, რთულია სხვების სიხარულის გაზიარება.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ მინდა დღევანდელი პოსტი ყველა უშვილო ოჯახს მივუძღვნა, რომელსაც ძალიან უნდა ბავშვები. მინდა არასოდეს დაკარგონ იმედი და იცოდნენ, რომ სასწაულები ხდება, რადგან, სინამდვილეში, არაფერია ბუნებისთვის შეუძლებელი.

ახლა შევეცდები გავიხსენო, თუ რა ვისწავლე ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც დედა გავხდი.
რა ვისწავლე და როგორ გავიზარდე, როგორც ადამიანი და არა მხოლოდ დედა ;)


(ვგიჟდები ამ ქალის ფოტოებზე, ნახეთ რა)



მოთმინება

ამაზე აუცილებელი თვისება და ცნება არ არსებობს.
იცით რატომ აღწევს პიკს გაყრილი ოჯახების რიცხვი? ზუსტად. იმიტომ, რომ ადამიანებს მოთმინების უნარი არა აქვთ. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მოთმინებას, თუ ოჯახში სერიოზული პრობლემებია და ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებას უფუჭებენ. მე ვგულისხმობ, მაგალითად, აზრთა სხვადასხვაობებს, რაც ყველა წყვილს შორის ხდება, განსაკუთრებით იმის შემდეგ, როცა ბავშვი იბადება, მათი მშვიდი ცხოვრება იცვლება: კლასიკური ამბავი, როცა ცოლი ბავშვს უვლის, ქმარი დილაადრიან მიდის სამსახურში, დაქანცული მოდის და გემრიელი ცხელ-ცხელი სადილის მაგივრად შემწვარი კარტოფილი ხვდება. არცერთს აქვს ძველი რომანტიკის გახსენების თავი, მხოლოდ ძილი ენატრებათ და აინტერესებთ.
სწორედ მაშინაა აუცილებელი მოთმინება და იმის ცოდნა, რომ ესეც გაივლის, როგორც ყველაფერი, ისევ იქნებიან ახალგაზრდები და ყველაფრისთვის ექნებათ დრო და სურვილი.
ბავშვის ყოლა ზუსტად ამ მოთმინებას აძლიერებს.

გულწრფელად ვთქვა, თუ მტირალა და ჭირვეული ბავშვი "შეგხვდა", არაფერსაც არ აძლიერებს ნევროზულობის გარდა და ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო ემოციების მოსათოკად და გასაანალიზებლად, რომ ბავშვი არაფერ შუაშია: თუ ტირის, ესეიგი რაღაც აწუხებს, რადგან არცერთი ჯანმრთელი ბავშვი არ ტირის უმიზეზოდ (მუცელი სტკივა, შია, საფენი აქვს გამოსაცვლელი, ძილის დრო გადაუცდა და გადაიღალა);
ეზრაზე მიჭირდა და ხშირად ვკარგავდი მოთმინებას, აარონზე უკვე მეტი გამოცდილება მაქვს და მიუხედავად იმსა, რომ ეზრაზე ძლიერი კოლიკები აქვს და ტირილიც უარესი იცის, აღარ ვნერვიულდები და როცა ბავშვი მშვიდ დედას გრძნობს, ისიც მალე მშვიდდება და მაშინვე იძინებს.



გაგება

პიველ რიგში საკუთარი მეუღლის (ქმარმა ცოლის და პირიქით).
ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ ექსპერტი ვარ მამაკაცის ფსიქოლოგიის და ბოლომდე მესმის ჩემი ქმრის, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის დადებითად განვსაჯო და ჩემი ერთერთი საყვარელი მასწავლებლის მეუღლის რჩევა გავიხსენო, რომელიც ნიშნობის დღეს მომცა: იცოდე, შენს ქმარს ყოველთვის ძალიან ეყვარები და შენთვისაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი იქნება, ამიტომ როცა უთანხმოება გექნებათ და გეგონება, რომ თავზე გექცევათ სამყარო და ქორწინება აბსურდია, გაიხსენე, რომ არც მას უნდოდა შენი წყენინება და არც - შენო. სასწაულად მეხმარება ამის გახსენება. არ არსებობს წყვილი, რომელსაც უთანხმოება არ მოსდის, არ კამათობს და ზოგჯერ ერთმანეთსაც არ აწყენინებს.
მთავარია ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება და ყველაფერი კარგად იქნება.

ამ პუნქტში კიდევ, მინდა, ჩემი ერთი საყვარელი მკითხველის შეკითხვას გავცე პასუხი: მეუღლესთან კამათისას არასოდეს გაიხსენოთ ძველი წყენები და ბევრი თემა ერთმანეთში აურიოთ. იკამათეთ ერთი პრობლემის ირგვლივ და მის გადაწყვეტას შეეცადეთ. ასევე არასოდეს და არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა ძნელად გეჩვენებოდეთ, არ ახსენოთ მეუღლის აღზრდა და მშობლები/და-ძმა, რადგან ადამიანს რაც უნდა უთხრა, ისე არ ეწყინება და გულს არ ატკენს, როგორც ახლობელი ადამიანების ძაგება და დაცინვა. ამას გარდა, თუ მეუღლე გიყვარს, მის ახლობლებსაც უნდა სცემდე პატივს და არ რევდე კონფლიქტში, თუკი ისინი არ ერევიან.
საყვარელო ერთგულო მკითხველო მზიანი ქვეყნიდან, მადლობა, რომ მენდე და შენი პრობლემა გამიზიარე, თანაც ბლოგზე დაწერის ნებაც მომეცი.



იუმორი

ვცდილობ (და ხომ მიცნობთ, დიდად არც მიჭირს), მზიანი განწყობა შევინარჩუნო ყოველთვის, რადგან როგორც დედა გრძნობს თავს, ისე მთელი ოჯახი. ვიცი, რომ ჩემი მეუღლისა და შვილების ხასიათიც ჩემზეა დამოკიდებული, ამიტომ ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო, წვრილმან სირთულეებზე არ ვიდარდო და არ გავბრაზდე, როცა ეზრას მოხარშული კვერცხი იატაკზე უვარდება და მერე შთაგონებული ხელოვანი, კვერცხის გულს იატაკზე ტიტყნის :D ან როცა დღეში ცხრაჯერ მიწევს ტანსაცმლის გამოცვლა, რადგან ხან აარონი "მკოცნის" თავისი რძიანი პირით და ხანაც ეზრა "მეფერება" ჭუჭყიანი ხელებით. ამ ყველაფერს მხიარულად ვხვდები (ყოველთვის არა, მით უმეტეს თუ გამოუძინებელი და თმაგაჩეჩილი ვარ) და მადლობელი ვარ შემოქმედის ყველაფრისთვის!
ვისაც ჩემი იუმორი ახალისებს, შეუძლია ტვიტერზე შემოუერთდეს one woman show-ს :)

დღეისთვის სულ ეს იყო.
ბედნიერ მაისს გისურვებთ, თბილს, რბილსა და სურნელოვანს. შხაპუნა წვიმიანს, მხოლოდ საქართველოში რომ იცის და ოოოჰ, რამდენჯერ მიცეკვია და მირბენია ასეთი წვიმის ქვეშ...

11 comments:

Rode said...

როგორც ყოველთვის შესანიშნავი სიბრძნეებია, ყველა გავითვალისწინებთ <3

Eliza Doollittle said...

sofi, sheni es posti chemi shemdegi postis shtagoneba iqneba :) ox rogor getanxmebi yvelafershi :)

მზია said...

სოფი, სულზე მომისწრო შენმა პოსტმა :) ახლახან ზუსტად იმ საკითხებზე ვფიქრობდი და შენ რომ დაწერე. მაშინ ვიფიქრე, სოფის ხომ არ მივწერო-მეთქი. მერე გადავიფიქრე, მომერიდა :) დღეს შემოვდივარ აქ და ვკითხულობ ზუსტად იმას რაზეც მინდოდა მომწერა! :)

Sophie שרה Golden said...

ბექა, მადლობა. იმედია :D

ელიზა, სასწაულად ველოდები შენს პოსტს.

მზია, მომწერე, როცა მოგინდეს და ნუ მოგერიდება. მიხარია, თუ სულ ოდნავ მაინც დაგამშვიდა, გაგამხნევა ამ პოსტმა, ან რამეში გამოგადგა.

Toma said...

Zalian xshirad xdeba rom qali bavshvis akvanis shemdeg osruldeba dzlain dzlier fsikologiur mekanizmebtan gvaqvs sakme. axla imas ar vambob rom qalqs ori mili akvs amochrili da mainc orsuldeba, vambob im shemtxvevebs roca qali "sruliad janmrtelia" magram orsuloba ar dgeba.

motmineba, gaegaba da iumori kide ase mgonia rom cxovrebis vkela etapze gamosadegari tvisebebia.

babisa said...

ბევრი შემთხვევა ვიცი,როცა აიყვანენ ბავშვს და მერე ორსულდებიან, ამას ფსიქოლოგიური დაძაბულობით ხსნიან, როცა ქალი მშვიდდება და სულ ამაზე მომართული არ არის, მერე ორსულდება კიდეც. თუმცა, არ ვიცი, თითქმის ერთდროულად 4 ბავშვი როგორ არის დიდი სიხარული, მე ამას უფრო დიდი გადაქანცვას დავარქმევდი :))


Sophie שרה Golden said...

ტომა, კი, გეთანხმები აბსოლუტურად.

ბაბისა, ხო მეც ვიცოდი და აქამდე კი არ დავფიქრებულვარ, რატომ ხდებოდა ასე.
აუ ხო, დღეს, მაგალითად, გადამქანცეს ჩემებმა და ზუსტად ეგ ვიფიქრე, ოთხი, თანაც თითქმის ერთი ასაკის, ააააა! :D

Keti said...

ალბათ შენი ერთ–ერთი საუკეთესო პოსტია ჩემთვის...
მოთმინება, გაგება, იუმორი - როგორ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც წერ, რომ იცოდე.

მშვიდ და ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი :*

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა, ქეთი, მიხარია, რომ ასე მოგეწონა.
ნამდვილად.
შენც ასევე!!!

დაჯი said...

ჟრუანტელმა დამიარა იმ ამერიკელი წყვილის ბედნიერების წარმოდგენაზეც კი.
სწორედ ახლა, ჩემს ნაცნობს 20 წლის ლოდინის შემდეგ ვაჟი შეეძინა.
მაშინ როცა არავინ ელოდა და უკვე ყოველგვარი იმედები ჰქონდათ დაკარგული. არც მკურნალობდნენ, პირდაპირ გამოუცხადეს ექიმებმა რომ "არ".
არსებობს ამაზე დიდი სიხარული? არ ვიცი...
არაფერი კი არა, ყველაფერია!

Kiwi said...

Kargia roca adamiani ese sainteresod giziarebs tavis gamocdilebas^^ momewona, dzalian :)