Tuesday, July 1, 2014

ერთი ნახატის წინ მოტირალი ქალი - 7



მაგას შესახებ როდეს ბლოგიდან შევიტყვე. როგორც უკვე ვწერდი, მათი კომენტარ-დიალოგები იმდენად საინტერესო იყო, რომ ხან ჩარევა მერიდებოდა. მერე მაგას ვთხოვე თავისი ბლოგი გაეცნო ჩემთვის და ასე გავხდი მისი პატაფიზიკური ბლოგის მკითხველი, რომელიც, ვფიქრობ, ერთერთი გამორჩეული hippie ქართული ბლოგია დღესდღეობით.

(ჩემი ზაფხულის პროექტის სხვა პოსტები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)


ერთი ნახატის წინ მოტირალი ქალი


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

სალამი. მე მაგა ვარ. ვცდილობ რომ ნორმალურად ვწერო. უფრო სწორად ნორმალურად ვუპასუხო კითხვებს. არ ვიცი რამდენად გამომივა,ეს საკმაოდ რთული ”დავალებაა” ჩემთვის. თუმცა, სიტყვა ნორმალურობის მნიშვნელობას რომ დავუკვირდი, მივხდი, რომ ეს სიტყვა არასწორად შევარჩიე : მე რომ ნორმალურად ვწერო, გამოდის რომ ისევ ისე ქაოსურად უნდა ვწერო. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ , თუ ზოგიერთ კითხვაზე პასუხს სულ სხვა კითხვის ქვეშ იპოვით.

ბლოგის შექმნაც მსგავსმა ხასიათმა გადამაწყვეტინა. ”მეგობარი იყო ბლოგერი და ამან გადამაწყვეტინა ბლოგერობა” - ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც - არც კი ვკითხულობდი ბლოგებს, წარმოდგენა არ მქონდა ქართულ ბლოგოსფეროზე. უბრალოდ, ერთხელაც გავხდი ოცი წლის , გავიცანი ერთი ტიპი, შევიყვარე, ვისეირნე, ვაკოცე, გული გადავუშალე, ჩავეხუტე და ბოლოს, როცა უსიტყვოდ ადგა და წავიდა, მივხვდი რომ წერა მინდოდა - შევქმენი ბლოგი , ერთი გულისამაჩუყებელი ბლოგ-პოსტი ”მივუგდე” და მას მერე არც გამხსენებია იქაურობა. ბლოგერი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, 8 თვის წინ გავხდი, როცა სანტა ესპერნასას წიგნებთან დაკავშირებულ პროექტში მომინდა მონაწილეობის მიღება. მივიღე მონაწილეობა, 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათიც მივიღე და ასე შემომრჩა ბლოგიც.

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

და მაინც, მიუხედავად ზემოთ მოთხრობილისა, ეს არის ბლოგი, რომელიც ჩემს უსაყვარლეს მწერალს მივუძღვენი. აი , აქედან სიამოვნებით ჩაგირთავდით  LES AMOUREUX DU HAVRE-ს და დავიწყებდი: მე მჯერა, რომ მწერლებს, უფრო სწორად, ნაწარმოებებს ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. საკუთარი გამოცდილებითაც ვადასტურებ. არსებობს მწერალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს ხულიო კორტასარია. უფრო სწორად, არსებობს ნაწარმოები, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და უფრო მეტიცჩემი განწყობა. განწყობა ცხოვრების მიმართ. ეს ნაწარმოებიაკლასობანა“ (RAYUELA) და ეს კორტასარული თამაშებია.
ჩვენ ერთმანეთს ვეთამაშებით და ეს მაძლევს ძალას, ვიყო ის ვინც ვარ. სწორედ ამიტომ, როცა ვხვდები, რომ ბევრ სისულელეებს ვწერ და ამით მის სახელს ”ვბღალავ”, მე მაინც ვაგრძელებ წერას, რადგან სწორედ მისმა პერსონაჟმა მაგამ მასწავლა, რომ ერთხელაც შეიძლება შენი სისულელეებით ადამიანები აღფრთოვანდნენ და შეუყვარდეთ, რადგანაც ის მაგაა - ქალი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ნახატის წინ დგას და ტირის.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?

აქ უკვე გამოვრთავ LES AMOUREUX DU HAVRE-ს და ჩავრთავ ჯენის ჯოპლინის ”PIECE OF MY HEART”-ს და უცებ აღმოვაჩენ, რომ მე ვარ ვუდსტოკში და ვარ იმ ნახევარ მილიონ ადამიანში ერთ-ერთი. იცით რა საოცარი გრძნობა თვალებით დახუჭოთ და მთელი სხეულით აყვეთ ჯიმი ჰედრიქსის აცახცახებული თითების მოძრაობას ან ჯენისის ჩახლეჩილ ხმას? ვისურვებდი დავბადებულიყავი იქ, რამდენიმე ათეული წლის წინ, მეგრძნო თავისუფლების ყველაზე გამაოგნებელი და თავზარდამცემი შეგრძნება, მევლო კერუაკის გზით და მეყნოსა მათი სიმღერები, როგორც ცხოვრების სასწაულმოქმედი და თავბრუდამხვევი ოპიუმი. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ მე 1991 წელს მოვევლინე სამყაროს ომისგან გაბრუებულ პატარა ქვეყანაში, ასე შორს ამ თავისუფლებისგან აბობოქრებული ქვეყნისგან. აქ ახლაც ომია. და მე ისევ აქ ვარ. ამიტომ გთხოვთ, შემდეგი კითხვა.


4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?


რა რთულად ჩამოყალიბებული კითხვაა, ვერ გაიგებ მეგობარ გოგოზე უნდა ისაუბრო თუ მეგობარ ბიჭზე ;) მოდი, აქ THE NATIONAL-ის “I NEED MY GIRL” ჩავრთავ და მიუხედავად ამისა, მაინც მეგობარ ბიჭზე გადავწყვეტ საუბარი J  ახლა კომპიუტერთან დამწკრივებულ ”მის” ნაჩუქარ ვარდისფერ გოლფის ბურთებს რომ ვუყურებ, ცოტა მიჭირს კონცენტრირება და წერის გაგრძელება. I FEEL SO HOT ON THE INSIDE OF MY BODY :D ახლა ცოტა შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ ვგრძნობ რომ სუნთქვა მიხშირდება, თმებსაც ნერვულად ვიშლი და ვიკრავ. არ ვიცი ეს რისი მომასწავებელია, მაგრამ მინდა რომ ცოტა მეტ ხანს გაგრძელდეს ეს შეგრძნება. ღამეებს ვათენებთ ხოლმე. არა, ცუდი არაფერი იფიქროთ, მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობთ. ის მთელი დღე მუშაობისგან ძალიან იქანცება და ყველა მატჩის ნახვას ვერ ასწრებს. არადა, ხომ იცით რა საინტერესოდ მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი? სირცხვილია, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ეს ყველაფერი არ იცოდეს, ამიტომ როცა მისთვის ეგრერიგ საინტერესო მატჩების ნახვას ვერ ასწრებს, ყოვლ ღამე მე ვუყვები ამ მატჩების შესახებ. მსიამოვნებს. ზოგჯერ ხდება, რომ სხვა რაღაცეებზეც ვსაუბრობთ და გამოგიტყდებით, რომ ეგ უფრო მეტად მსიამოვნებს :D
ნეტავ ამ კითხვაზე პასუხს სიტყვების ლიმიტი თუ აქვს?



5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

მე მაგა ვარ და ყველაზე მეტად ჩემი უსაზღვრო სისულელე უნდა მაწუხებდეს. მაგრამ რადგან მაგა ვარ და სულელი ვარ, შესაბამისად ვერც იმას ვახერხებ მივხვდე, მართლა სისულელეა თუ არა მაგას ცხოვრება.  შესაბამისად, არც არაფერი მაწუხებს სერიოზულად. მაგად ყოფნა სწორედაც რომ ამას მოითხოვს.
მაგრამ მაინც.... მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავაგრძელო სწავლა ”სადმე შორს”.
მაგრამ მაინც... მინდა რომ როი ჰოჯსონი არ იყოს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი და მიეცეს ამ ჩემს მრავალჭირნახულ ნაკრებს თვითგამორკვევის და ჩამოყალიბების საშუალება.
მაგრამ მაინც ... მინდა რომ არ ვიყო გოგო იმ პატარა ქვეყნიდან, სადაც ყოველთვის ომია.

და ბოლოს მინდა ყველას ძალიან ცხელი, პატარ-პატარა სიგიჟეებით და სიამოვნებებით აღსანიშნავი ზაფხული გისურვოთ *__*
სიყვარულით მაგა.

9 comments:

Kate said...

რა დამთხვევაა.
დღეს ზუსტად მაგას ბლოგზე შევედი და კომენტარი დავუწერე, ვერ გიპოვე და ცუდად ვიგრძენი თავი-მეთქი.
არ ვიცი, ეს შეჩვევა რას ნიშნავს, მაგრამ არასასიამოვნო მომენტი რომ არის ბლოგერის ვერ მოძიება, ეგ ვიცი. იმდენმა გააუქმა ბლოგი, რომ მაგა რომ ვერ ვიპოვე, ძალიან არ მესიამოვნა. საბოლოოდ გუგლში მოვძებნე და დავმშვიდდი.
სულ მგონია, რომ იქ დასაკომენტარებლად განსაკუთრებული უნდა იყო. მე კი ჯერ არ მგონია ჩემი თავი ასეთი და კომენტარის დატოვება მერიდება ხოლმე.

Eliza Doollittle said...

რა კარგი პოსტია. რაღაცით ჩემი თავი გამახსენდა დაახლოვებით 7-8 წლის წინ :) ძალიან კარგად წერ მაგა, keep going :)

Rode said...

ორივე მაგა სუპერ <3
კიდევ კარგი, ის კონკურსი გამოცხადდა და ახლა გვყავს ბლოგერი მაგა რუელა :)

ჩორვენი said...

კარგი იყვო

Sophie שרה Golden said...

Yay, Maga!!!
დიდი მადლობა ასეთი მაგარი გოგო რომ ხარ.

დაჯი said...

უუჰ...მართლაც რომ სისულელეა,.... მაგრამ მადლობა ყველას,

ქეით, მერე რა რომ იტალია და რამე, მაინც :** ყველაზე მეტად გაუქმებებს ვერ ვიტან, ფბ-ც კი მხოლოდ ერთხელ გავაუქმე ფეისბუქური ცხოვრების განმავლობაში. ბლოგიც იყო, არავის არაფერს არ ერჩის მგონი...

ელიზ, ტენქიუ , გავითვალისწინებ <3

როდე რუელა კი არა რაუელა :D გაპატიებ მე მაინც :**

ჩორვენ-ო,ვერ ვიტყვი რომ დიდიხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ როგორც სოფომ გითხრა ადრე, სწორედ შენმა პატაფიზიკობებმა მომხიბლა თავდაპირველად.

სოფი, შენ კი ნამდვილად ”გოლდენ” ხარ.

irina iri said...

ყველას პასუხები სასიამოვნოდ-საინტერესოდ იკითხებოდა, ეს კიდე სითბოთი იყო გაჟღენთილი.

Lilac said...

მაგა როგორი საინტერესოა გოგოა - თითქოს თვითონაც წიგნიდანაა გადმოსული :)

ვისიამოვნე ამ პოსტით, ისევე როგორც ამ პროექტით მთლიანად... და ველი სხვა პოსტებსაც :)

Kate said...

ჰაჰაჰა :D იტალია კარგი იყო :D


ხოდა არ გააუქმო. შენი ბლოგი უნდა იყოს.