Monday, July 14, 2014

წიგნებისა და მცენარეების სიმშვიდეში - 10

ქეთი ჩემი ყველაზე ძველი მკითხველია და ასევე ქეთის ბლოგი ერთერთი პირველი იყო, რომლის კითხვაც დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ. ჩემს საყვარელ, ადამიანებისადმი 99% საქებარ, სიტყვებს რომ თავი დავანებო დღეს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ წლების მანძილზე ბლოგომეგობრობით დავინახე, რომ ქეთი სასწაულად გაწონასწორებული ადამიანია. ჩემს ძველ პოსტებს ვათვალიერებდი და რამდენიმე მისი კომენტარი სასწაულად დიპლომატიური იყო, როცა ჩემს აზრს აბსოლუტურად არ ეთანხმებოდა, მაგრამ იმდენად კონსტრუქციულად, ოდნავადაც არ გავღიზიანებულვარ. დარწმუნებული ვარ, იცით გამოცდილმა ბლოგერებმა, რომ ბლოგი ზუსტად იმიტომ გვაქვს, რომ გვინდა ყველა ჩვენს აზრს იზიარებდეს და სჯეროდეს იმის, რისიც ჩვენ.
აი, ქეთი კი ზუსტად იმის მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანს თავაზიანად არ დაეთანხმო, საკუთარ აზრზე მყარად იდგე და ამავდროულად, საპირისპირო შეხედულების მქონე არასოდეს გააღიზიანო.
ქეთი, ნამდვილად ბევრის სწავლა შეიძლება შენგან. რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ :-)



წიგნებისა და მცენარეების სიმშვიდეში


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

პირველი ბლოგი 2006 წელს შევქმენი. ვასაიდუმლოებდი, რადგან არ ვიყავი ჩვეული საკუთარ გრძნობებზე საუბარს და ჩემთვის სიახლე იყო მათი ღიად გამოხატვა. იმ ბლოგმა რამდენიმე თვე იარსება, მერე დავხურე და დავივიწყე.
ამ ამბის შემდეგ გავიდა ორი წელი და გავხსენი ბლოგი, რომელიც დღემდე მაქვს – ქეთის ბლოგი. სხვათა შორის, მისი შექმნის თავდაპირველი მიზანი სულაც არ ყოფილა ონლაინ-დღიურის წარმოება, აქ მხოლოდ ჩემი ლექსების გამოქვეყნებას ვაპირებდი, ამიტომ ავიღე მისამართად საკუთარი სახელი და გვარი. მაგრამ ლექსების ნეტში დადება მალევე შევწყვიტე, რაც უკვე მქონდა გამოქვეყნებული – ისიც წავშალე და ჩემი ბლოგი ნელ–ნელა იქცა ისეთ პირად სივრცედ, როგორიც არის დღემდე. მოგვიანებით კიდევ ორი ბლოგი გავხსენი – წიგნების და მცენარეების შესახებ. 



2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ. არასდროს გამოვკიდებივარ რეიტინგებს, შესაბამისად, არ მაქვს მკითხველების მოსაზიდად შექმნილი „ხელოვნური“ პოსტები. ვწერ, თუ რაიმე მაქვს სათქმელი, ან „დასამახსოვრებელი“. გამონაკლისი იყო  ე. წ. „ორშაბათის გამოფენა“, რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე რეგულარულად ვმართავდი. თავიდან მხოლოდ საკუთარი განწყობის ნახატებით გამოსახვა მინდოდა, მოგვიანებით რუბრიკა ინფორმაციულიც გავხადე და ერთგვარი ვალდებულებაც გამიჩნდა იმ მკითხველების მიმართ, რომლებიც ორშაბათს ელოდნენ. საერთოდ კი, ბოლო წლებია, სოციალურმა ქსელმა უფრო ჩამითრია, ამიტომ „ქეთის ბლოგი“ ჩემთვის თითქოს კიდევ უფრო ინტიმური გახდა – აქ მოვდივარ იმ სათქმელით, რასაც ქსელში არ ვწერ. რაც შეეხება შედარებით ახალ ბლოგებს: გზაში წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილებებს საკუთარი თავისთვისაც ვწერ და მკითხველებისთვისაც – მინდა, ჩავინიშნო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაც ამა თუ წიგნიდან მრჩება და გავუზიარო ეს სხვებსაც. თანაც, ერთი წიგნითაც რომ დავაინტერესო რომელიმე მკითხველი, ძალიან გამიხარდება. რაც შეეხება ფოტობლოგს მცენარეების შესახებ – წლების მანძილზე ჩემი ბაღის თუ ოთახის მცენარეების უამრავი ფოტო დამიგროვდა. მათგან საუკეთესოებს ფლიკრზე ვაქვეყნებდი, მაგრამ მოგვიანებით გადავწყვიტე, ყველა ახალი ფოტო ბლოგზე შემეკრიბა, მცირე კომენტარებიც დამერთო და ერთგვარი მწვანე არეა შემექმნა. 


3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოშისაზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია

ყველაზე მეტად ჩემი სახლი და ის ადგილები მიყვარს, რომლებიც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავინაწილე  – პირველ რიგში მშობლებთან. ასევე განსაკუთრებული გრძნობები მაქვს დარიალის ხეობის მიმართ. ძალიან მიყვარს მთა. საქართველოს საზღვრებს იშვიათად ვტოვებ, თუმცა ჩემი ყველაზე სასურველი მოგზაურობა ასე წარმომიდგენია: არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში/მეგაპოლისებში ჩასვლა, არამედ რეგიონების ნახვაც. როცა ასეთ მოგზაურობაზე ვფიქრობ, პირველ რიგში ესპანეთი მახსენდება – სიამოვნებით ვიხეტიალებდი ესპანეთში თუნდაც ერთი თვის მანძილზე, წავიდოდი მის სამხრეთში, დაბებში და სოფლებში გავჩერდებოდი, დავაკვირდებოდი ხალხს, მათ წეს–ჩვეულებებს, ბუნებას. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ასეთი მოგზაურობა იქნება. ახლახან ლიტვაში რამდენიმე დღის სწორედ ასე გატარების საშუალება მომეცა და ძალიან ვისიამოვნე. 


4. პირადული შეკითხვაგყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის 
თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარროგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰამგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვააცოტა "საპაემნოსჰგავს)? 

ჩემთვის ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო მეგობრობა, საერთო ინტერესები და საქმეც კი შეიძლება იყოს. ბევრს კამათობენ, არსებობს თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა და მე ყოველთვის მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ არსებობს. საქმეში ვგულისხმობ რაიმე იდეის ერთად განხორციელებას. მინახავს ასეთი წყვილები და მგონია, რომ ძალიან კარგია, როცა წყვილს სიყვარულის და ვნების გარდა საერთო მისწრაფებაც აერთიანებს. ასეთი კავშირები გაცილებით მყარი და ბედნიერი მგონია. ჩემს ურთიერთობებზე კი, თუ არ მიწყენ, არაფერს ვიტყვი


5. აქ კი შეგიძლია ის დაწერორისი თქმაც გინდარაც გაწუხებსან უბრალოდარაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

მინდა, დიდი მადლობა გითხრა შენ, სოფი, ასე რომ გვაკავშირებ ბლოგერებს. კიდევ დიდი მადლობა იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რასაც გასცემ. ძალიან მიყვარს შენთან შემოხედვა. ბედნიერ დღეს გისურვებთ შენ და შენს ლამაზ ოჯახს, ასევე ყველა მკითხველს, ვინც შენს მზიან სამყაროს სტუმრობს. 

6 comments:

დაჯი said...

სოფი, ზუსტად ერთნაირი ე.წ. ”დასკვნები” გამოგვიტანია ქეთისთან დაკავშირებით :) ეს გოგონა ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება...მიხარია, რომ მომეცა საშუალება ვიცნობდე მას.

irina iri said...

ქეთის ბლოგის შესახებ ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, ვისიამოვნე მისი მწვანე არეთი

Keti said...

სოფი <3 ისე წარმადგინე, სიტყვები არ მყოფნის... დიდი მადლობა! ძალიან მიყვარხარ და ჩემს ახლობლად გთვლი, მიუხედავად ჩვენი მხოლოდ ვირტუალური შეხვედრებისა.

მეც რამდენი წელია, რაც აღმოგაჩინე და დღემდე შენს ერთგულ მკითხველად ვრჩები – ჩემთვის ყველაზე სტაბილური და რაც მთავარია, პოზიტივით სავსე, საინტერესო ბლოგი გაქვს, ბევრ თემაზე მაფიქრებ და ბევრსაც ვსწავლობ შენი გამოცდილების გაზიარებით :*

ასევე დიდი მადლობა მაგას – ძალიან მიხარია, რომ შევხვდით და ვიცნობ <3
და ირინას – ჩემი მცენარეები რომ მოეწონა, გამიხარდა :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, როცა ინტერნეტზე აგდებით საუბრობენ და არ სჯერათ ასეთი მეგობრობის, მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები. ხშირად, ადამიანის ვიზუალურად ნახვა სულ არ არის საჭირო, რომ ძალიან დიდ პატივს სცემდე, მისთვის სიკეთე გინდოდეს და ამავე დროს ბევრ კარგ მაგალითს იღებდე მისგან, ზუსტად ისე, როგორც მე შენგან.

მაგა და ირინა, მადლობა კომენტარებისთვის :-*

Keti said...

მეც მიკვირს, სოფი. სრულიად გეთანხმები, თუნდაც ჩვენი მაგალითი საკმარისია. იმდენად მავსებს ეს ურთიერთობა, არც კი ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ რეალურად არ გვიანახავს ერთმანეთი. მე აქ ახლობელი მეგულება და ეს მთავარია. მიხარია, რომ ორმხრივია ეს დამოკიდებულება.

Kate said...

ჩემი გოგო <3
ქეთი არის ის ადამიანი, რომლის ბლოგი არაერთი წელია მიყვარს.

ძალიან კარგი ადამიანია და მიხარია, რომ წერს.