Friday, July 11, 2014

5 თვის სასწაულის ამბები

აარონი უკვე 5 თვისაა და როგორც იტყვიან, ისე გარბის დრო, უკან მოხედვას ვერ ასწრებ ადამიანი {არქივიდან: ეზრა 5 თვის}, თუმცა პირველი 3,5 თვე ძალიან რთული იყო, ურთულესი და ხშირად მეგონა, რომ არასოდეს დამთავრდებოდა ის პერიოდი. 


საშინელზე უსაშინლესი კოლიკები ჰქონდა, მთელი ის 3,5 თვე სულ ხელში გვეჭირა და ისე ეძინა. საღამო გვძულდა, რადგან ჯერ იყო და უცებ უფროს ძმად ქცეული ეზრას დაძინება ჭირდა, მერე აარონის კოლიკების შეტევა იწყებოდა, რაც ხშირად, ძლივს წვალებით დაძინებულ ეზრას აღვიძებდა და ისეთი ღრიალი ტყდებოდა ჩვენს სახლში, ლამის მეც ავღრიალებულიყავი. რამდენჯერმე შევუერთდი კიდეც ჩემს ბიჭებს.

მადლობა ღმ-ერთს, ახლა გაიარა პირველმა ყველაზე კრიზისულმა პერიოდმა და ბურთულა აარონი ისედაც ღიმილიანი დაბადებიდან, სულ იცინის და გორაობს აქეთ-იქით. უკვე ზურგიდან მუცელზეც ტრიალდება და მიუხედავად იმისა, რომ ეზრასთან ყველა ეტაპი გავლილი მაქვს და ვიცი, რა რის შემდეგ მოდის, მაინც ყოველი ახალი ფაზა ისეთ აღტაცებას მგვრის, თითქოს სასწაული იყოს. არის კიდეც სასწაული. ყველა პატარა სასწაულია, როცა ხედავ, როგორ ფორმირდება შენი გაჩენილი არსება პატარა ხელებსავსავა ბაყაყუნადან პატარა ოქროს ბიჭუნად/გოგონად.

თუმცა ხშირად გაჩენა არც ისეთი ადვილია, როგორიც უნდა იყოს (ბოლოს და ბოლოს, მთელი სამყაროს არსებობის მანძილზე აჩენდნენ და აჩენდნენ ქალები, ვითომ ისეთი რა ძნელი უნდა იყოს).
არ ვიცი, რატომ და ჯერ არ მიამბია თქვენთვის როგორი სტრესული ორსულობა მქონდა აარონზე, ჩემს ინგლისურ ბლოგზე მაქვს დაწერილი და აქ უფრო მოკლედ გაგიზიარებთ.
სასწაულია-მეთქი, ტყუილად არ მიხსენებია.

(როგორც ყოველთვის, ჩემი მსგავსი "დედური" პოსტები ეძღვნება ყველა გადაღლილ დედას და ქალს, ვისაც უნდა (გადაღლილი) დედა იყოს! ღმერთმა ყველას მისცეს ჯანმრთელი შვილები და დანარჩენი კი დედებისთვის არაფერია შეუძლებელი.
ა რ ა ფ ე რ ი !
ჩვენ supernatural გამძლეობას გვაძლევს დედაბუნება)

აარონზე ორსულობის მე-20 კვირაში პლაცენტის უკმარისობა აღმომაჩნდა, რის შედეგადაც ნაყოფი ორი კვირით პატარა იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, ხშირად, ორსულებს უმწვავდებათ მდგომარეობა, ან პირიქით, სტაბილურდება და სასწაულის შემთხვევაში კი, პლაცენტის უკმარისობა ისევე ქრება, როგორც ჩნდება.
პლაცენტა, როგორც იცით, დედისა და ნაყოფის "შუამავალია", მისი საშუალებით გადაიცემა ჟანგბადი სისხლში, რაც ბავშვისთვის სასიცოცხლოდ და ნორმალურად განვითარებისთვის აუცილებელია.

ამ დიაგნოზის დასმის მერე, ბუნებრივია, ძალიან გულდაწყვეტილები და შეშინებულები ვიყავით. პლუს მე ინტერნეტი დავანგრიე ინფორმაციის ძებნით და არაფერი პოზიტიური არ მიპოვია (კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ორსულობისას საერთოდ უნდა დაივიწყოთ გუგლი და სხვა ბოღმა საიტები).

მომდევნო სპეციალური ექოსკოპია, რომელიც პირდაპირ ჟანგბადის რაოდენობას სინჯავს პლაცენტაში, 28-ე კვირას დამინიშნეს. 28-ე კვირა კი ყველაზე კრიტიკული ეტაპია ორსულისთვის, თუ ეს მომენტი გადალახე და ბავშვი შეინარჩუნე, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის (წესით).

ცხოვრებაში იმ 8 კვირაზე მძიმე და ნერვიული პერიოდი არასოდეს მქონია და იმედია, მეტად არც მექნება.
28-ე კვირის გასინჯვაზე რომ მივედით, სადღა იყო პლაცენტის უკმარისობა, ჟანგბადი 100%-ით მიეწოდებოდა ბავშვს, რომელსაც უკვე კარგად ჰქონდა წონა მომატებული და ჩვეულებრივი ნაყოფების ტოლი გამხდარიყო.
ისევ და ისევ, მადლობა ღმ-ერთს!

საბოლოოდ, აარონი ორსულობის 39-ე კვირას გავაჩინე.
ტკივილები სასწაულად დიდხანს გაგრძელდა, არადა ვითომ მეორე ბავშვი სწრაფად ჩნდებაო, ყველა ამტკიცებდა. საღამოს 12-დან დილის 12-მდე გამიგრძელდა შეტევები და მეგონა, აღარასოდეს გამოვიდოდა ეს ბავშვი სამშვიდობოზე, მაგრამ უცებ, დრო როცა მოუვიდა, ზუსტად ორ "მიწოლაში" გაჩნდა ჩემი მეორე ბურთულა ბიჭი, მშვენიერი წონის და აღნაგობის :-)

ძალიან კარგი ბებიაქალები მყავდა, ერთი ისე განიცდიდა ჩემს ტკივილებს (მერე დავაკვირდი, რომ პრაქტიკანტი ყოფილა), სულ ხელზე მეფერებოდა.
ექიმი რუსული წარმოშობის და თამრიკო გვერდწითელის გარეგნობის ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა და რომ გაიგო ქართველი ვიყავი, ისე გაუხარდა, მეგონა, დაკარგული და მიპოვა. კვირადღე იყო და გადარბენა ჰქონდა, თანაც ჩემი მშობიარობა არაფრით გამოირჩეოდა და ამიტომ ბოლო მომენტშიღა შემომისწრო და ბევრი ვერ ვისაუბრეთ, რადგან აარონს გზა უკვე ხსნილი ჰქონდა.
გერმანულ მედიცინასა და მომსახურებას კი ვერაფერი შეედრება, ყველანი სასწაულად თავაზიანები და თბილები არიან, ყოველ შემთხვევაში სამშობიაროში ყველა თავს გევლება. ჩემი ორივე გამოცდილება მხოლოდ დადებითია და ისე მიყვარს ის სამშობიარო, სადაც ჩემი ბიჭები გავაჩინე, ჩემი სახლის გაგრძელება მგონია.

რატომ გავიხსენე უცებ ეს ამბავი, გარდა იმისა, რომ არასოდეს დამავიწყდება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს ქორწილსა და ეზრას დაბადებასთან ერთად? იმიტომ, რომ (აი "იმიტომ რომ"-ში მძიმე სწორად როგორ ისმება, მომკალი და არ მახსოვს, საყვარელო ზინა!!!) ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჩვენს სულიერ გაზრდაზე იმოქმედოს. ნებისმიერი წვრილმანიც კი სასწაულად გვეხმარება ადამიანებს სხვადასხვა რაღაცებზე დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და წინ წავიდეთ ოდნავ უკეთესები, გაზრდილები და ჩვენი გამოცდილებით სხვების გამხნევება და დამშვიდება შევძლოთ. თანაც, როგორც ჩემი ჭკვიანი მეგობარი იტყოდა, ადამიანებს ზუსტად ისეთი სირთულეები გვხვდება ცხოვრებაში, რომელთა გადალახვაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ანუ თუ ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს, ესე იგი, ძალაც ეძლევა მის გადასაჭრელად, ამის აბსოლუტურად მჯერა.

მეცნიერება არ არის ზუსტი. არაფერია ამქვეყნად ზუსტი და უცვლელი, ისევე როგორც ჩემი პლაცენტის უკმარისობის დიაგნოზი, რომელიც უცებ ღმ-ერთმა ისე შეცვალა, დიდხანს ვერ ვიჯერებდი და მეშინოდა, ისევ არ "დაბრუნებულიყო". სავარაუდოდ, იმ ეტაპზე მჭირდებოდა მეტი ფიქრი, მეტი მედიტაცია და იმის გაანალიზება, თუ რამხელა სასწაულია ჯანმრთელობა და ასეთივე ბავშვების გაჩენა. რამხელა სასწაულია, საერთოდ, სიცოცხლე, რადგან როგორც დიდი დავითი ამბობს ერთერთ ფსალმუნში, მხოლოდ ცოცხალ ადამიანს თუ შეუძლია ღვთის დიდება.

სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!


8 comments:

Natalia said...

5 თვის ბოკვერი ^_^

ეს რა ტკბილეულია სოფი, შენ მოამზადე? ^^

Sophie שרה Golden said...

ნატალია, ლიმონის "ქაფქეიქებია", ზემოდან ალუბლის ჯემით ლოლ :ქრეათიული დედა: :დ

Toma said...

izrdeba da izrdeba, orive patara :*

Eliza Doollittle said...

მძიმე 8 კვირა იქნებოდა და უძალიანესი სიხარული, როდესაც ყველაფერი კარგად აღმოჩნდა :)

ფუმფულა აარონი, საყვარელი <3

Anonymous said...

gilocav sopi!ar vicodi tu meorec gkavda arada sul vkitxulob titqmis shens blogs..adrec mogcere mec patara mkavs da sheni blogi roca agmovachine martla damexmara psiqologiurad sirtuleebis gadalaxvashi.madloba rom aset karg postebs cer..

Anonymous said...

5 თვის ციცქნა :)
გუგლი ჩვენი მტერია. იმის მიუხედავად, როგორი ორსულობა გვაქვს - უპრობლემო თუ გართულებული, გიჟებივით ვიქექებით, ვეძებთ არსებულს და არარსებულს... საქართველოში განსაკუთრებით, სადაც იშვიათად მოიძებნება ექიმი, ბოლომდე რომ ენდო.

შენი მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ დავიჯეროთ - ყველა ადამიანის ორგანიზმი, ყველას ორსულობა და მშობიარობა არის ინდივიდუალური, სხვისი თუ სამწუხაროდ, ცუდად დასრულდა, ჩვენ აუცილებლად გამოვძვრებით :)

ვიწვალებთ 40 კვირა, მერე ერთ სიცოცხლეს მშობიარობისას ვამთავრებთ, იბადებიან კოლიკებიანი მუხლუხოები და ჩვენი ცხოვრების აზრი ეს 3 კილოგრამიანი არსებები ხდებიან :)

Sophie שרה Golden said...

Anonymous, დიდი მადლობა, გამახარე.

Someonesdreamcatcher, ნამდვილად მტერია.
ასეა, ყველას განსხვავებული ორგანიზმი, გამძლეობა აქვს და ამიტომ ყველას სიტუაციაც ინდივიდუალურია და ძნელია (არც შეიძლება), ყველას ერთი სტანდარტით მიუდგე. დიდი მადლობა, გამიხარდა შენი კომენტარი.

Sophie שרה Golden said...

პ.ს. რამდენი "ყველას" დამიწერია, ამ ბოლო დროს ტავტოლოგიების რეკორდს ვამყარებ :დ