მარის ბლოგს საკმაოდ დიდი ხანია რაც ვკითხულობ და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ის ფაქტი მიყვარს (თუ ფაქტის სიყვარული შეიძლება), რომ ბათუმში გადაწყვიტა ცხოვრება და ბედნიერია, მისი ლამაზი გოგონას სახელი მიყვარს კიდევ ძალიან, ასევე ვირჯინია ვულფის გმირები რომ მოსწონს, ესეც მახარებს.
{ამასთან ერთად, როგორც ყოველთვის, მადლობელი ვარ და მჯერა, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი და კარგი ბლოგერი ქალები ჰყავს საქართველოს.}
მარის პასუხები:
მოგზაურობა, წიგნები და სიყვარული
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
ბლოგი 2010-ში შევქმენი, თავიდან ერთადერთი მიზეზით - წერის ვნებას ვერაფერს ვუხერებდი :) ანუ, მიმართულებას ვერ ვუძებნიდი. ძალიან მინდოდა წერა, გენიალური მწერალი ჩემგან არ დადგებოდა, ამიტომ ბლოგის შექმნა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რამდენიმე მოთხრობას დავაგდებ მეთქი. მაგრამ შემდეგ სხვა მიმართულებით განვითარდა პროცესი. საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს გაზიარება. ყველაფერზე ვწყვები, რაც მიყვარს, რამაც შემცვალა. ამაზე დავიწყე წერა - ჩემს საყვარელ რაღაცეებზე და ვიღაცეებზე. ახლაც ასე გრძელდება.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
მგონი, ადრე უფრო საკუთარი თავისთვის ვწერდი - მსიამოვნებდა წლითიწლობით ჩემი ზრდის პროცესზე დაკვირვება. ახლა მგონია, რომ ლეასთვის ვწერ და ჩემი სხვა, მომავალი შვილებისთვის. ამიტომ ვცდილობ, მხოლოდ კარგი ამბები დავტოვო ბლოგზე. საყვარელი ადამიანებისთვისაც ვწერ , ახლა ჩემი ამბების გაზიარება ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა, იმიტომ, რომ შორს დავსახლდი :) ერთიანად ვყვები ხოლმე ჩემს შთაბეჭდილებებზე. კიდევ იმ ადამიანებისთვის ვწერ, რომლებიც არ მიცნობენ, მაგრამ საოცრებებს მეუბნებიან ხოლმე და ზოგჯერ მადლობასაც კი მიხდიან, იმიტომ, რომ თურმე ჩემი პოსტები ცხოვრებაში ეხმარებათ. მე კიდევ მათ მიმართ ვგრძნობ უზარმაზარ მადლიერებას და ცუდ დღეებში იმ კარგ სიტყვებს ვიხსენებ ხოლმე.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D
საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმია, ანუ სახლი. სანამ ბათუმი სახლი გახდებოდა, მანამდეც ჩემი საყვარელი ადგილი იყო. ამ ქალაქში ძალიან ადვილია, იყო ბედნიერი. ამისთვის დიდი ძალისხმევაც არაა საჭირო. სადაც არ უნდა წამიყვანოს ჩემმა მოხეტიალე სულმა, ჩემი სახლი აქ არის, ჩემი გული ამ ქალაქშია.
როგორც დაბადებით მაწანწალას, ბევრი ქალაქი მინახავს, მაგრამ ნამდვილი და დიდი სიყვარულით ოდესა და სტამბოლი მიყვარს. ოდესა სასწაულია. არც კი ვიცი, რატომ შემიყვარდა , მაგრამ იმ წამიდან მიყვარს, მატარებლიდან რომ ჩამოვაბიჯე. სტამბოლი კი ჩემთვის არის სიგიჟე, სრული თავისუფლება, ხმაური, სიცოცხლე და ყველაფერი, რაც შეიძლება გიყვარდეს. რომ დავბერდები და სასიცოცხლო ძალები შემომაკლდება, შეიძლება სტამბოლში დავსახლდე. გამოვხანხალდებით მე და ჩემი ქმარი ხმაურიან ქუჩებში, გავაბოლებთ და იმ ჭრელ ხალხში ჩვენი სიბერეც დაგვავიწყდება :)
ოცნების ქალაქი კრაკოვია. ვარშავაში ვიყავი და კრაკოვში ვერ მოვხვდი, ალბათ არ იყო საჭირო და იმიტომ. "ვერონიკას ორმაგი ცხოვრება" ჩემი საყვარელი ფილმია და მაგ ფილმიდან მიყვარს. აუცილებლად წავალ კრაკოვში და თავი ირენ ჟაკობივით ლამაზი მეგონება. ასე მგონია, იქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მელოდება, ოღონდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა შეიძლება ეს იყოს.
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
ქმარი მყავს. ყველას თავისი სიყვარულის ამბავი ჰგონია განსაკუთრებული, მეც ასე ვარ. პირველად ვინც შემიყვარდა, ჩემი ქმარიც ის გახდა, რაღაც ასე გამოვიდა , არადა, დიდი ვიყავი უკვე :) ყოველდღე სხვადასხვანაირად მიყვარს - ნელნელა უფრო ღრმად, უფრო სხვანაირად, უფრო ჩემიანი ხდება დღითიდღე. არ ვიცი, სწორად როგორ გადმოვცე. ისე კი, თანაცხოვრება ადვილი სულაც არაა და იდეალური ურთიერთობაც ალბათ მხოლოდ გამოგონილ ისტორიებში არსებობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი სირთულეა. რთული პერიოდები ჩვენც გვქონია, მაგრამ ყველა ასეთი პერიოდის შემდეგ უფრო ერთ გუნდად ვყალიბდებით და ეს ძალიან მახარებს. ჩვენი ურთიერთობის ძრავა ალბათ საერთო ინტერესებია. ვგიჟდები, ისე მიყვარს მისი მოსმენა ან მასთან ლაპარაკი. ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება- მყავდეს გვერდით ადამიანი, რომელსაც ჩემი მოსმენა უნდა და რომლისთვისაც ჩემი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგჯერ ჩხუბიც არის ხოლმე, მითუმეტეს, რაც ერთ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ზოგჯერ მგონია ხოლმე , რომ შეუძლებელს ითხოვს ჩემგან და ვფეთქდები, მაგრამ მერე, რომ ვუფიქრდები, თვითონაც ხშირად შეუძლებელს აკეთებს და მას თუ შეუძლია, ესე იგი, მეც შემიძლია.
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
ყველას , ვინც წაიკითხავს - რწმენას გისურვებთ. არა აქვს მნიშვნელობა, საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანის, საქმის, ცხოვრების, იღბლის, ღმერთის - მგონი, მერე ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. კიდევ, ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ !
ფოტოზე ბევრი ვიფიქრე და ეს მივამაგრე - ჩვენი მაღაზია ერთი წლის გახდა და ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ იმ ეიფორიის ქვეშ ვარ. ამ ფოტოზე ყველაფერია, რის გამოც ცხოვრება მიყვარს - ლეა, ირაკლი, "წიგნები ბათუმში" და ბავშვები, რომლებიც ზღაპრის საათის მოსასმენად დადიან ხოლმე და დაბადების დღეზე ეს პლაკატი მოგვიტანეს.
დიდი მადლობა, სოფი)



6 comments:
ერთმა ადამიანმა თქვა, მარისნაირი კარგი ადამიანი არ არსებობს, არ შემხვედრიაო. და მე ვეთანხმები :)
კარგი იყო, მშვენიერი დოსიეა რომ ვთქვათ : )
ისე ცუდად ვგრძნობ თავს რომ არაფრის დაწერის თავი არ მქონდა.თუმცა კომენტარის გარეშეც ვერ დავტოვებდი.რა კარგია როცა ასე უყურებ სამყაროს!მუდმივად ძიებაში და მოძრაობაში რომ ხარ!სხვა ადამიანსაც გადასდებ და მერე ორმაგად ბედნიერი ხარ!დამმუხტველი კითხვა-პასუხი იყო!
სოფი,დიდი მადლობა ამ პროექტისთვის!ცუდად ყოფნის ჟამს შენი ბლოგი წამალია ხოლმე!:)წარმატებები!
ნატალია <3 რომელიმე ჩემი სუბიექტური მეგობარი იტყოდა მაგას, რაღაცნაირად, გამაწითლა ამ სიტყვებმა :)
ჩორვენ და თორნიკე, დიდი მადლობა ორივეს
სოფი, შენ განსაკუთრებული მადლობა. ვგიჟდები შენს ბლოგზე, შენს ოჯახზე, შენს დამოკიდებულებებზე და მიხარია, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა ^_^
თორნიკე, მიხარია, რომ მოგეწონა პროექტი. შენი პასუხები ნამდვილად კარგი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, შემდეგი პროექტისთვის იყოს, კიდევ მოვიფიქრებ რამეს :-)
მარი, დიდი მადლობა.
როგორ მინდა შენს წიგნების მაღაზიაში შემოვლა :-)
მარი ძალიან კარგი გოგოა <3 <3 <3 ნამდვილად მისაბაძი ადამიანია,მეც ძალიან მიყვარს მისი პოსტების კითხვა,რაღაცნაირად განმაწყობს,აი,თითქოს მეტად მაყვარებს სიცოცხლეს :დ ლამაზდება ხოლმე ყველაფერი :დ ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები,წარმატებები მარი,გგულშემატკივრობ შორიდან და მიყვარხარ :დ
Post a Comment