Thursday, July 17, 2014

ჩემი ჰობი, ხუთშაბათი და ფავორიტები

იმ დღეს მე და ჩემი ერთი მეგობარი ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამხელა ადგილი უკავია ინტერნეტს ჩვენს ცხოვრებაში. მერე ბლოგებზე საუბარზე გადავედით და ორივეს ერთი "ტკივილი" აღმოგვაჩნდა, რომ ბევრი ჩვენი ახლობელი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს ჩვენს ამ ჰობის.


ჰობის!!!
კიდევ იმიტომ გავიმეორე, რომ ბლოგინგი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჰობია ბავშვების გაჩენასთან ერთად :-)
ადამიანის გაქილიკება იმის გამო, რომ ჰობი აქვს და ეს ჰობი ბლოგინგია, მგონი, ძალიან საწყენი უნდა იყოს. აქილიკებენ ვინმეს იმის გამო, რომ ქსოვა უყვარს, ან კერვა, ან ქაღალდებისგან რაღაც სათამაშოების გამოჭრა?
მგონი, არავის.

მე, პირადად, ჩემი ბლოგინგიდან არასოდეს მიშოვია ერთი კაპიკი/ცენტი/თეთრიც კი. თბილისში როცა ვცხოვრობდი მხოლოდ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ჯერ ფილმის ჩვენებაზე დამპატიჟეს სხვა ბლოგერებთან ერთად, მერე კიდევ რაღაც სხვა ღონისძიებებიც იყო - შესაბამისად, ჩემი ბლოგი 100%-იანი ჰობი გამოდის ჩემთვის. ჰობი კი ადამიანს განტვირთვისთვის სჭირდება, ჩემს შემთხვევაში ამას ახალი ადამიანების გაცნობაც ემატება, რომლებთანაც ბევრ საერთოს ვპოულობ და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში შეიძლება არასოდეს ვნახო, მაინც კეთილად ვფიქრობ მათზე და გამახარებს მათი წარმატებები.



როგორც ყოველთვის, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო: ჩემი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ლილუ კითხულობს ბლოგს. დედაჩემმა ერთი-ორჯერ წაიკითხა და გულწრფელად მითხრა, რომ ბლოგის არსს ვერ იგებს და არც ასეთი მოკლე, ფამილარული წერის სტილი იტაცებს (სამაგიეროდ შონ პენი უყვარს). ჩემი ქმარი თავიდან, როცა ვხვდებოდით, ჩემს ინგლისურ ბლოგს კითხულობდა და ისიც ვერ იგებდა, რას ვგულისხმობდი პოსტებში, რომლებიც ცოტა ჩახუჭუჭებული იყო.
ახლო მეგობრებიც ხანდახან გადახედავენ, რომ ჩემი ახალი ამბები შეიტყონ, რადგან იციან, აქ არის ჩემი სახლი და ხშირად აქედან უფრო ბევრი რამის გაგება შეიძლება ჩემზე, ვიდრე რეალური ურთიერთობისას :-)

ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი, აღარ არსებობს კარგი ქართული ბლოგები და ნატალიამაც დაიჩივლა, მხოლოდ სარეკლამო პოსტებს წერენო. ამ დროს, არის კარგი ბლოგები internet-სივრცეში, უბრალოდ, ყველა შეიძლება აღარ შეესაბამებოდეს ჩემს ასაკს, განწყობას და ამიტომაც უფრო სხვანაირი თემატიკის ბლოგები მომწონს, ბავშვებზე და მათი მოვლის საშუალებებზე რომ წერენ, ვიდრე ფილოსოფიურ-ემოციური ჩანახატები. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩანახატებიც მომწონს ძალიან, როცა თავისუფალი დრო მაქვს და დედა-შვილების 24/7 პერიოდიდან რამდენიმე თავისუფალ წუთს მოვიხელთებ.

ბლოგინგი არის ჰობი, ჩემთვის, პირველ რიგში (ok, სოფი, რამდენჯერ უნდა გაიმეორო!).
ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც საკითხი თუ პრობლემა მაწუხებდა და უცებ წერისას ძალიან მარტივად ამოსახსნელი გამხდარა. ფსიქოლოგიაში ხომ ამბობენ, როცა რაღაცას ხმამაღლა ამბობ და შენს თავს უსმენ, ბევრად ადვილად წყვეტ იმ ამოცანას, ასე ვარ მე, ოღონდ წერით.

ბლოგინგში კარგია სხვა ბლოგების, სურათების თვალიერება (საოცარ სიბრძნეს ვღაღადებ ახლა მე), საკუთარი ცხოვრების გაზიარება, სხვების ამბების გაგება, თანადგომა (ონლაინ, მაგრამ ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი), სიცილი, ხანაც წუხილი და ზოგჯერ გაბრაზებაც, როცა ისეთი ადამიანები გიწერენ კომენტარებს, რომლებმაც ბექჰემების ოჯახის ამბები საკუთარზე უკეთესად იციან და არასოდეს დამავიწყდება :ლოლ: აი, ამას ჰქვია, თუ ჰქვია EPIC კომენტარი :დ

Anyhow, მიყვარს ბლოგინგი და სანამ სიამოვნებას ვიღებ ამ ჰობისგან, მანამდე ვწერ და ვწერ, ვინ მიშლის :-)))

თქვენთვის, ჩემი მკითხველი ბლოგერებისთვის, რას ნიშნავს ბლოგი? ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს შეხედულებებს ამაზე, კომენტარების ველში ან სულაც - თქვენივე ბლოგებზე.

----

აქ კი ჩემი კვირის ფავორიტი ბლოგები:

1. ჩემი 90-იანების თაობის, ლამაზსახელიანი (რა ვქნა, ლამაზი სახელების "ხამი" ვარ) 10 თვის გოგონას დედის ბლოგი, რომელიც ძალიან გამართულად და საინტერესოდ წერს იმ თემებზე, რაც ამ ეტაპზე მაინტერესებს.

2. გემრიელი ნამცხვრებისა და სხვა ლამაზი რამეების ბლოგი, რომელსაც შევპირდი, რომ ასეთ "ზებრას" მეც მოვსინჯავდი და ჯერ ვერ მოვიცალე. არ დამვიწყებია ოღონდ.

3. შოშანას ბლოგი. დიახ, ეს ბლოგიც ჩემი ფავორიტი ორიგინალური სახელის გამო გახდა. ამასთან ერთად, ძალიან საინტერესოდ წერს და ფოტოებსაც კარგად არჩევს.

4. ქართული ინტერიერის დიზაინის ბლოგი. ვიცი, მეც ცოტა სკეპტიკურად შევხედე თავიდან, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანად და საინტერესოდ წერს ავტორი.

5. როგორც ყოველთვის, ბონუსად, ინგლისურენოვანი ბედნიერი ქვეყნის ბლოგი, რომელსაც არასოდეს უნახავს 90-იანი წლები, არც ვარდების რევოლუცია და არც ედუ ბაბუს მოსახსენიებელი წაუკითხავს, შესაბამისად, ვერასოდეს გაგვიგებს ჩვენ და ბედნიერებასაც თავისებურად აღიქვამს :დ


ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ!!! ისიამოვნეთ ზაფხულით და კარგად დაისვენეთ!!!


P.S. გადავხედე ამ პოსტს და გრამატიკული შეცდომების ზღვა დამხვა. ბოდიშს გიხდით და თუ კიდევ რამე ვერ შევასწორე, ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ კრიტიკას (კონსტრუქციულს :პ ) და ორთოგრაფიულ შესწორებასაც.


9 comments:

Eliza Doollittle said...

მეც გული მწყდება ხოლმე, როდესაც დასაცინი ხდება ბლოგინგი. ერთხელ მითხრეს, შენც ეხლა ცნობილი არ გახდე მაგითო. არადა, სულაც არ ვწერ მაგისთვის, რა შუაში იყო ვერ მივხვდი. ესე მირჩევია, ვიდრე როგორც ბავშვობაში, დღიურის წერა :))

დაჯი said...

საოცრად მომეწონა ბლუბერდის ბლოგი და ის პატარა ქერათმიანი ქალბატონი :*
რაც შეეხება ბლოგინგს, არ მაქვს დიდი გამოცდილება და ცოტა ხანი დავდუმდები ამაზე :)
მხოლოდ იმაზე შემიძლია ვთქვა რამდენიმე სიტყვა , რას ვკითხულობ ხოლმე : ვკითხულობ ყველაფერს ნამცხვრების რეცეპტებით და ემოციურ-ფილოსოფიური ჩანახატებით დაწყებული ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული რჩვებით დამთავრებული და რაც მთავრია, ყველაფერი ეს ერთნაირად საინტერესოა ჩემთვის, ეტყობა ყველა ასაკს ”ვუჭერ მუღამს”, რაც მახარებს ერთობ ^__^

irina iri said...

ზოგჯერ როცა დაღლილი და მოწყენილი ვარ, ბლოგზე ვწერ და საოცრად ვიტვირთები.
ბევრი საყვარელი ბლოგი გამიჩნდა უკვე, რომელთა მუდმივი მკითხველი ვარ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაფიქრებს, ხანაც მაბედნიერებს ეს ყველაფერი. ყველას წარმატებებს ვუსურვებ, ბევრი საინტერესო რამ დაეწეროთ, მკითხველიც ბევრი ყოლოდეთ.

anna said...

ამ თვეში აღმოგაჩინე, გკითხულობ ძველი პოსტებიდან და ჩემთვის ახლა შენ ხარ ერთ-ერთი საინტერესო მებლოგე. განაგრძე.

Sophie שרה Golden said...

ელიზა, აი უცხოეთში ხალხი მართლა ხდება ცნობილი ბლოგინგით და მშვენიერია, მაგრამ ქართველ ბლოგერებს ეგ არ "გვემუქრება" აშკარად :დ

მაგა, ძალიან მაგარი ხარ, ყველას რომ უჭერ მუღამს, მე სანამ საკუთარი შვილები მეყოლებოდა, ისეთ მოსაწყენად მეჩვენებოდა ყველაფერი ამასთან დაკავშირებული :დ

ირინა, მადლობა. დაე! :)

ანა, მადლობა.

Anonymous said...

ბლუბერდი მეც ძალიან მომეწონა და ეგრევე ფიდში დავიმატე. რა საყვარელი ბიჭი ჰყავს მის ავტორს.

მეც ყველაფერს ვკითხულობ და მსიამოვნებს ამ ყველაფრის კითხვა. ეგ კიარადა, კომენტარებსაც ვკითხულობ.

Anonymous said...

ბექჰემების კომენტარებში შევიჭყიტე (ნუ რა თქმა უნდა, შევიჭყიტებდი - ჩემი უსაყვარლესი ოჯახია და :D ხალხი ფბ-ზე დევიდის სურათს რომ დებს, მტაგავენ :D) და ბოლო კომენტარზე იმდენი ვიცინე :D რა სასაცილოდ დავაკომენტარე. :D

Kate said...

აუ და ჩემი მესამე კომენტარიც აიტანე რა :D

ინტერიერის დიზაინის ლინკზე არაფერია.

Sophie שרה Golden said...

ქეით, ტვიტერზე ხომ გითხარი და კიდევ გიმეორებ, ყველა შენნაირი ყურადღებიანი ბლოგერი რომ იყოს, ავშენდებოდით.

ხოდა, ერთ კომენტარში ისწავლე სათქმელის ჩატევა, სამს რომ წერ მიყოლებით :პ