მაშ ასე, ნამდვილი სოფი გოლდენი თქვენ(ს?) წინაშე :-)
ამ ეტაპზე, ანუ 2014 წლის ოქტომბერი რომ ჰქვია, ორი პატარა ბავშვის დედა ვარ, ისევ 10 ზედმეტი კილოგრამი მაქვს შემორჩენილი, ჰოუმსქულინგით ვარ ძალიან გატაცებული და დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ჩემს შვილებს სახლში 11 (12-13?)-ივე კლასს, ამ ქვეყანაში რომ ეს დაშვებული იყოს (მაგრამ ამ თემაზე სხვა დროს, hold that thought), რადგანაც არ არის, ამიტომ მხოლოდ "ჰოუმბაღინგს" ვჯერდები.
ბევრი ნაცნობ-მეგობარი განიცდის, რომ სხვა ინტერესები მაქვს ცხოვრებაში, ვიდრე მქონდა, შესაბამისად ბევრი ფასეულობა და მორალური შეხედულებაც შემეცვალა. მეც ვამჩნევ, ადრე ბევრად ტოლერანტული ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა დედა ვარ და მსოფლიოში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ვთვლი, რომ იმდენი რამის უფლება აღარ მაქვს, რისიც ადრე მქონდა.
{ეზრას "ნატურმორტი" - ასე სწავლობდა ხილ-ბოსტნეულის სახელებს}
ამ ეტაპზე (ამ ფრაზას ბევრჯერ წაიკითხავთ დღეს), როცა პატარა ბავშვების დედა ვარ, ჩემთვის ისინი არიან პრიორიტეტულები. ჩემი დღევანდელი ცხოვრება ნამდვილად იწყება ბავშვის საფენების გამოცვლით, ლაქტაციით, საუზმეებით, სადილებით (რომლების გამრავალფეროვნებაც ხშირად ძალიან დამღლელია) და სხვა ჩვეულებრივი, დიასახლისური, ამბებით, რომლებიც ზოგჯერ მომაბეზრებელი და რუტინულია. კიდევ უფრო მოსაწყენია მსგავს ამბებზე კითხვა მათთვის, ვისთვისაც ეს თემები არარელევანტურია და "ძველი" სოფი ენატრებათ (რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება, უნდა გითხრათ). ამ პოსტს, ალბათ, ზუსტად მათთვის ვწერ, ვინც ვერ ხვდება და არც იმასთან უნდა შეგუება, რომ ცხოვრება ეტაპებისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის იცვლებიან და წინ მიდიან, რაც ძალიან კარგის ნიშანია.
არა მგონია, 29 წლის სოფი რომ ისევ 21 წლის პოსტფემინისტივით იქცეოდეს, ჯენის ჯოპლინის მუსიკაზე მოთხრობებს წერდეს და თან ცრემლებს აღვარღვარებდეს, ვინმეს მოსწონებოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ მორჩა, 30-ს მიღწეული ასაკი მხიარულების დასასრული უნდა იყოს, პირიქით, ახალი ეტაპის (ისევ ეს ფრაზა) დასაწყისია, იქნებ ბევრად საინტერესო და გამოწვევებით სავსესიც კი. უბრალოდ, ამ ასაკში უფრო სხვა საკითხები იწევს წინ, ვიდრე მანამდე იყო ხოლმე, დამეთანხმებით.
ღმ-ერთის გამოგონება, ჩემი მხოლოდ "განლაგება"
ერთმა მკითხველმა მომწერა ამასწინათ, რომ ჩემსავით ორი პატარა შვილი ჰყავს და მთელი დღე სახლში უწევს ყოფნა. ეს კიდევ ძალიან უჭირს და ზოგჯერ ჰგონია, სადაცაა გაგიჟდება ორი ჰიპერაქტიური ბავშვის ხელში, რომლებიც დედის ყურადღების 100%-ს მოითხოვენ და პასუხად თითქოს გორა სარეცხის მეტს არაფერს უბრუნებენ.
ეზრა რომ გავაჩინე, მეგონა, გავიდოდა რამდენიმე თვე და ძველი ცხოვრება დამიბრუნდებოდა. ანუ დავიძინებდი და გავიღვიძებდი, როცა მომესურვებოდა, აუჩქარებლად დავლევდი საყვარელ რძიან ყავას, პატარა ბურთულა კიდევ მშვიდად იწვებოდა ან იჯდებოდა თავისთვის სათამაშოებში და ანგელოზივით იღუღუნებდა (არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სასწაული ნამდვილად არსებობს).
ბუნებრივია ჩემი ძველი ცხოვრება* არ დაბრუნებულა.
მჯერა, რომ ყველა პრობლემის სათავე, ძველ, წარსულ ცხოვრებაზე ფიქრი და არასწორი ილუზიაა, რომ აი, გავა რამდენიმე თვე და ისევ ძველ კალაპოტში ჩავდგები, ისევ ისეთი ლამაზი და წერწეტი (ბევრ შემთხვევაში ასეცაა, ჩემში არა რატომღაც... პასუხი ნამცხვრებშია, ვიცი) ვიქნები და როგორც ზემოთ დავწერე, ყავასაც დავლევ მშვიდად და ბლოგების წაკითხვაშიც ხელს არავინ შემიშლის.
ილუზია, რომელზეც ახლა მხოლოდ მეცინება, პირადად მე, სადღაც პირველი მშობიარობიდან 6 თვეში გამიქრა და ბევრად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვიდრე მანამდე.
-პირველ რიგში, ბავშვების ყოლა არავის დაუძალებია, ჩვენი სურვილი და არჩევანი იყო.
-მეორე, როგორც ამბობენ, რახან გაგიჩენია, უნდა მოუარო, გაზარდო და აღზარდო კიდეც :პ
-მესამე, სიამოვნება მიიღო ამ პროცესისგან, რასაც შენს შვილთან ურთიერთობა ჰქვია და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ესეც ერთერთი ეტაპია, მალე გაივლის და ყველაფერი უკეთესად იქნება. "პამპერსები" გაივლის, ისეც იქნება, მთელი ღამე გამოიძინებ და დილით საკუთარ ლამაზ სახეს ვეღარ იცნობ :დ მოკლედ, ყველაფერი ადამიანის განწყობაშია, რომელსაც უფრო ალბათ "ატიტუდს" ეძახიან ფსიქოლოგები.
თუკი ქალი თავს ჩასძახის, რომ ჩაგრულია, დაიღალა ამდენი სახლის საქმით, რომ მისი ნიჭი ვერ რეალიზდება და უფრო მეტის ღირსია, როგორ იგრძნობს თავს დღის ბოლოს? დიახ, ზუსტად ასეთ ჩაგრულ, დაქანცულ, გაუბედურებულ და უნიჭო არსებად, რომლის ტვინიც რძეს მიჰყვება და კაციშვილი არ უფასებს შრომას.
სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ანუ ისე, როგორც ჩვენ გვინდა იყოს (ბუნებრივია, აქ საუბარია ნორმალურ და ჯანსაღ ოჯახებზე, სადაც ცოლ-ქმარს თანასწორი უფლებები აქვს ოჯახში, ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ).
ამიტომ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი პროფესიაცა და საქმიანობაც დედობაა, რომელიც ბევრ ენერგიას, მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს, ისევე როგორც ნებისმიერი პროფესიონალიზმი. ნაკლებად მაქვს დრო სხვა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, რასაც ძალიან განვიცდი და ვფიქრობ, ამ პოსტის დაწერის ნახევარი მიზეზიც სწორედ ეს იყო, საკუთარი თავის გამხნევება, რომ გაივლის ბურთულობის ეტაპი და ისევ გამიჩნდება დრო წიგნების წასაკითხად, მუსიკის მოსასმენად და იქნებ ფილმებიც კი ვნახო. მანამდე კი უნდა ვისიამოვნო და მადლობელი ვიყო იმ ყოველი მომენტით, რაც არის ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ზოგჯერ ძალიან რთული და დამღლელი.
(ჩემს მკითხველს კი დიდი მადლობა თავისი წუხილის გაზიარებისა და ნდობისთვის. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანებს ჰგონიათ მე ვეხმარები და ისინი უფრო მეტად მეხმარებიან, რაც მერე საკუთარ ამბებზე დაფიქრებისა და გაანალიზების საშუალებას მაძლევს.)
ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!
*პოსტი არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს (obviously :-D ); არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, ინდივიდუალური, გამოცდილების ნაყოფი და შედეგი, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, თუ თქვენი გამოცდილება და შეხედულება სრულიად განსხვავდება, ძალიან კარგი, კონსტრუქციული კამათისა და კრიტიკის მხოლოდ მომხრე ვარ.





20 comments:
ყველაფერი ამ ეტაპზე ხდება და აღარაფერი იქნება ზუსტად ისე როგორც ეს 2014 წლის ოქტომბერშია, ისევე როგორც აღარაფერია ისე, როგორც 2009 წლის ივნისში იყო. უნივერსიტეტს რომ დავემშვიდობეთ. ჩემი აზრით, ადამიანი თვითონ უნდა ცდილობდეს კიდეც რომ წლები ერთმანეთს არ ჰგავდეს. ჰოდა ეს შენი ეტაპიც გაივლის.
და შენი ტრანსფორმაცია ჩემს თვალწინ, (ალბათ ჩემიც, არ ვიცი), ისეთია მოიწერებოდა კაცი ერთ წერილს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე ჩემი და შენი ცხოვრება ძალიან განსხვავებულია, არასოდეს მბეზრდება შენი პოსტების კითხვა. მომწონს შენი "ატიტუდები" და ვიზიარებ აბსოლიტურად. ცხოვრება ეტაპებისგან შედგება - ადამიანები ვიზრდებით და ვიცვლებით, პრობლემებიც გვაქვს და სიხარულებიც, მაგრამ მთავარია რომ ვისწავლოთ ამ ყველაფრით ტკბობა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება...
აი, მაგალითად, "ჩემი ცოლის დაქალებში" ნელიკოს პერსონაჟი მომწონდა იმიტომ, რომ ბედნიერი იყო - შეიძლება, ძალიან ბევრისთვის არარეალიზებული, სახლში ჩამჯდარი, მაგრამ მთავარია, ბედნიერი !
ამ წამს მოვრჩი ფამუქის ,,მე წითელი მქვიას,, პირველი თავის კითხვას და სიტყვების ამოწერას.ჩემს უშველებელ და ძალიან კარგ ლექსიკონში და პლუს ინტერნეტ ლექსიკონებში ძრომიალი რამდენადაც საინტერესოა(ახალ სიტყვას და შესაბამისად ფამუქის უშველებელი და საინტერესო წინადადების აზრის გაგება)იმდენადაც ნერვების მომშლელი და დამღლელი!ჩემი თურქულის მასწავლებელი ყოველთვის მეუბნებოდა რამე მარტივი დაიწყეო მაგრამ მე მაინც ფამუქის ავირჩიე.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უნივერსიტეტში სწავლისთვის ლექსიკური მარაგი გამდიდრებისთვის ყველაზე მეტად დამეხმარება!მოკლედ საინტერესო ასჯერ გავიმეორე მოტივაციის ასამაღლებლად!))უნივერსიტეტის მისაღებიგამოცდისთვის მათემატიკის 400 გვერდიანი წიგნები ინგლისურ-თურქულად ცალკე მოსამზადებელი და სამეცადინო მაქვს!ამ გამოცდის ყველაზე მეტად მეშინია ჩემი მათემატიკური ნიჭიდან გამომდინარე)მოკლედ შენი თქმისად არ იყოს ყველა ეტაპს აქვს დასაწყისი და დასასრული!ჰოდა ეს 6 თვეც გაივლის და მოვა გამოცდის დღე!ავიღებ კარგ ქულას და დაიწყება ახალი ცხოვრება!და ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში!და რაც მთავარია ასევე შენი თქმისად არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი არჩევანით ყოველთვის და მთელი გულით თუ არა სტაბილურად მაინც კმაყოფილი ვიყოთ!სიტყვა სტაბილურობა მგონი ყველაზე მეტად მახსენდება ამ ბოლო დროს!იმიტომ რომ მე ყოველთვის უკიდურესობის ადამიანი ვარ და მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებაზე ვოცნებობ ხოლმე!უკიდურესობებიდან მომდინარეობს შემდეგ იმედგაცრუება და სასოწარკვეთა!ვაიმე მგონი რამხელა კომენტარი დავწერე, მაგრამ თუ ვწერ შენთან მოკლე კომენტარის დაწერას ვერასდროს ვერ ვახერხებ.)შენი ბლოგი ამხნევებს კი არა მოტივაციისა და ენერგიის წყაროა პირადად ჩემთვის!
სოფი მუდამ ინტერესით ვეცნობი შენს ბლოგს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი კითხვა. :)
მეც დედავარ და მეც მივხდი, რომ როცა შვილს აჩენ ბევრი რამ იცვლება ჩვენს ცხოვრებაში, ძირითადად შვილებზე ვაწყობთ ჩვენს დროს, შვილებით ვცხოვრობთ და მეც მინატრია ნეტა ოდესმე თუ დავიძინებ ღამით ნორმალურად? წიგნის წაკითხვისათვის თუ მოვიცლი და თუ დავამთავრებ ჩემს მიტოვებულ ნოველას, რომელსაც რახანია ვწერ ვწერ და ვერ დავასრულე :) მაგრამ როცა ჩემს ცუცქნას შევხედავ მიხარია, რომ ის ჩემს ცხოვრებაშჲ არსებობს და სხვა დანარჩენს კი მერეც მოევლება :)
ბედნიერებას გისურვებ :*
ნატა, ზუსტად. ასე მგონია, საერთოდ არ იყო ეგ ხანა და დამესიზმრა, მართლა გეუბნები. თან ძალიან სწრაფად გავიდა დრო და თან თითქოს საუკუნეებია.
ნამდვილად იმსახურებს წერილს ჩვენი ტრანსფორმაციები და უნდა მივუძღვნათ უსტრები უდავოდ :დ
თამთა, დიდი მადლობა. ხო, ზოგჯერ განსხვავებული ცხოვრებებ აქვთ ადამიანებს და იდეა, პრინციპი თუ ატიტუდები ერთნაირი ხო? მომწონს მე ეგ.
ნელიკო მართლა ძალიან დადებითი და ძლიერი ქალი იყო, მე თუ მკითხავ. ავად რომ გახდა, როგორ უმკლავდებოდა თავისი პოზიტივით, გახსოვს?
თორნიკე, ყოჩაღ. ორიგინალში წიგნებს რომ კითხულობენ, ამაზე ბედნიერებად არაფერი მიმაჩნია. კარგად გიქნია. მეც რამდენიმე ენაზე დავიწყე ადრე კითხვა და ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ ზუსტად შენსავით დავიწყე ამოწერა და საკუთარი ლექსიკონი გავაკეთე. ძალიან დამეხმარა.
წარმატებებს გისურვებ ყველაფერში და გამაგებინე ხოლმე, შენი მომდევნო ეტაპების ამბები.
ხატია, დიდი მადლობა, გამიხარდა. ნამდვილად გეთანხმები ყველაფერში. შენც ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოგცეს ღმერთმა.
"ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ". გინდა ბავშვით, გინდა უბავშვოდ ჩვენი ცხოვრება სულ იცვლება, ჩვენც ვვითარდებით (იმედია). სულ 21 წლის სოფის დონეზე ვერ იქნები სოფი, და თუ იქნები მაშინ უკვე განვითრება კი არა ადგილზე გაყინვა იქნება.
რუტინებს რაც შეეხება, ბავშვით თუ უბავშვოდ ნურავინ იტყვს რომ ყოველდღიური რუტინა არ აქვს. პირადად მე, დღევანდელ დღემდე ისეთი რუტინა მაქვს ... მგონი სიზმრებსაც კი რუტინით ვხედავ:D
ტომა, ეგრეა კი. ისე, რუტინა სულაც არ არის ცუდი, ერთგვარი სტაბილურობაა და ბევრი ნატრობს კიდეც.
სოფო, სულ თავს იმართლებ ან ამართლებ შენს გადაწყვეტილებას, რომ შვილების მოვლის მეტს არაფერს აკეთებ. ისე გერმანიაში ბაღი არსებობს ასე თუ გინდა მუშაობა და რეალიზება, უბრალოდ ერთხელ მაინც დაწერე სიმართლე, რომ გერმანიაში ასე ადვილი არ არის მხოლოდ ქართული დიპლომით სამსახურის პოვნა და შვილების გაზრდა და სახლში ჯდომა შენი არჩევანი კი არაა,უბრალოდ სხვა არჩევანი არ გაქვს.
Anonymus - gtxov ar ifikro rom vvadvokatob, magram archveani yoveltvis arsebobs. ratkmaunda dzalian rtulia ucox kvekanashi tavis damkvidreba, amashi ori azri ar arsebobs magram ara sheudzlebeli. bavsvebisda miuxedavad, da yvelaferisda miuxedavad.
amis bevri magaliti arsebobs, ert erti matgani me var. chems garshemo sxva chamosulebze agarafers vcer visac shvilebi kavt tan ramdoenime. mtavari imis codnaa ra ginda da mere motivacia rom amas miagcio, torem arc bavsvebi arc sxva rame xelis shemshleli faqtori araa.
ase vfikrob sheidelba vcdebi.
ტომა, დიდი მადლობა, რომ დამიცავი :-)
ამ ანონიმუსების კიდევ ვერაფერი გამიგია, თუ კამათი უნდათ, დაწერონ სახელი ადამიანურად და სიამოვნებით შემეწინააღმდეგონ და დამანახონ ჩემს თვალში დირე.
ამიტომაც არ ვპასუხობ უსახელო კომენტარებს, იმ დროს მაგონებს, ანონიმურ წერილებს რომ წერდნენ ადამიანები ერთმანეთზე და ასმენდნენ.
სოფი, რა საყვარელი ხარ :)
ცოტა გული დამწყდა ამ სიტყვებზე "ძველი" სოფი ... აღარასოდეს დაბრუნდება, უნდა გითხრათ". ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი "ძველი" და "ახალი" სოფის აზრებსა და პოსტებს :)
მარი, მადლობა. უი, არ მინდოდა გულის დაწყვეტა, მაგრამ ასეა ასე, ეჰ, ვიზრდები და ძველი სოფი სულ უკან და უკან რჩება... ახლა კიდევ უფრო სევდიანად გამომივიდა და მეყოფა! :დ
მე კიდევ ყოველთვის ველოდები შენს პოსტებს და მინდა უფრო ხშირად წერდე.
სოფი, როგორც იქნა მოვაღწიე შენთან (და საერთოდ, ბლოგებთან) :)
რა თქმა უნდა, ჩვენ სულ ვიცვლებით ბავშვებით თუ უბავშვებოდ და ეს არაჩვეულებრივია, ე. ი. ვვითარდებით. რეგრესი აქ არ არსებობს, ჩვენი "ძველი" თავები ჩვენსავე წარსულში რჩება.
მიყვარს შენი დედური პოსტები, ბავშვების აღზრდის პოზიტიური თუ ძნელი პერიოდების აღწერით.
"ჰოუმბაღინგს" რაც შეეხება, მგონია, რომ სკოლამდე აუცილებელია ბავშვის სოციალიზაცია და ბაღში თუნდაც ერთი წელი სიარული, ეს ძალიან ეხმარებათ მერე..
ბედნიერ კვირას გისურვებ :*
სოფი, ახლა ვიცი, რომ მეორე ძალიან ციცქნა გყავს, მაგრამ ისე მოისაზრებ სამსახურს, ცოტა რომ მოზრდი ბარტყებს?
ქეთი, მიხარია, რომ მოიცალე. ახლა შენს ახალ პოსტსაც ველოდები.
თან გეთანხმები და თან - არა ბაღთან დაკავშირებით :დ
შენც ბედნიერი სამუშაო კვირა გქონოდეს!!!
ჯეობლონდი, როგორ არა, მოვისაზრებ, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორი დედა მინდა ვიყო, იცი? აი, ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებში რომ არიან, ემილის დედა და ბიულერბიუელი ბავშვების დედები, რომლებსაც ყოველთვის მზად აქვთ ცომი მაჭკატებისა და ორცხობილებისთვის. ჰაჰა! სერიოზულად, ჩემი იდეალური მდგომარეობა ესაა ამჟამად.
ისეც იქნება, მთელი ღამე გამოიძინებ და დილით საკუთარ ლამაზ სახეს ვეღარ იცნობ - აი ამას ველოდები სულმოუთქმელად :))
დედობა მართლაც რომ კარგია და შვილიც საკუთარი ნებით გავაჩინე, ახლა ბავშვი მთელ სამყაროს მირჩევნია და მთების გადაბრუნება შემიძლია მის გამო, მაგრამ...
მაგრამ ახლა მივხვდი ერთ რამეს, საქართველოში ქალების უმეტესობის თვითმიზანი არის გათხოვება. ზუსტად არ ვიცი, ამისთვის ალბათ ქვეცნობიერის ამოქექვა დამჭირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი თვითმიზანიც ეს უნდა ყოფილიყო.
იმის მაგივრად, რომ მესწავლა ბევრი, წავსულიყავი სხვა, უკეთეს ქვეყანაში, ვშიშობდი, რომ საბოლოოდ დავრჩებოდი მარტო, თუ რამე ურთიერთობას არ ჩავეჭიდებოდი.
ახლა ვხვდები, რომ 30 წლის მერეც შემეძლო გავთხოვილიყავი და ბავშვი გამეჩინა. :) თუმცა მე ძალიან გამიმართლა ქმარშიც და შვილშიც :)
მომწონს დედობა და ცოლობა, უბრალოდ, 20-28 წლის ასაკში არ უნდა შემშინებოდა მარტოობის, იქნებ უკეთესი დედა და ცოლი ვყოფილიყავი მერე.
არ ვიცი, რამდენად ავხსენი რაც "მაწუხებს", მაგრამ ვეცადე :)))
P.S. დედობა ძალიან კარგია, ძალიან :)
ელიზა, იქნება, მართლა. ოღონდ ამ ეტაპზე მეც ისეთი გამოუძინებელი და ბეჭებდანგრეული ვარ, ეს პოსტი ხელახლა უნდა გადავიკითხო :დ
სიზმრებისდამჭერო, კი, ასეა. მეც ბევრი გოგო ვიცი, რომელთაც თვითმიზანი ეს იყო. სიმართლე გითხრა, სულაც არ მგონია ეს ცუდი. კარგია დედობა სასწაულად და ცოლობაც ძალიან დიდი ბედნიერებაა გონიერი და კეთილი კაცისა. დღეს ყველაფრის გვეშინია ქალებს, დამოუკიდებლობის დაკარგვის, კლიშეები რომ არ მოგვაკერონ, იმის და ლამის ქალობისაც კი.
მე ყოველთვის მაფრთხობდა ოჯახურ მორევში გადაშვება და არასოდეს მინდოდა ცოლობა, დედობაზე კიდევ მაქსიმუმ 35 წლამდე არ ვფიქრობდი ჩემი "გეგმებით". მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა.
ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც შენ გნდომებია. Burnt all the bridges, წავედი სხვა ქვეყანაში და ვიარე, ვეძებე საკუთარი თავი და ნელ-ნელა ვპოულობ... :-)
სოფი, ძალიან დიდი ხანია შენ ბლოგზე არ შემოვსულვარ, ვიგროვებდი წასაკითხს, როგორც ჩანს, ან არ ვიცი : )
ახლა დავჯექი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მიყოლებით შენი პოსტები : )
და უცებ მივხვდი, საოცრად დავმშვიდდი.
იმდენად იგრძნობა შენი პოსტებიდან, რომ იცი რასაც აკეთებ და ბედნიერი ხარ ამით, რომ ჩემსავით აფორიაქებულ ადამიანებს ამშვიდებ : )
მიხარია, რომ ამდენი ხნის მერე გესტუმრე : )
ანაბელ, მაპატიე, რომ ახლაღა ვნახე შენი ეს კომენტარი. შენ მადლობა, რომ ასეთი თბილი სიტყვები დამიწერე.
Post a Comment