მთას არ ადარდებს არაფერი. იმიტომ რომ მთაა და ყოველთვის იქნება. ან თუ არ იქნება, არც ჩვენ ვიქნებით, რომ ამის შესახებ გავიგოთ.
ასე არიან ქალები, დედები, დები, ძლიერი ადამიანები.
ჩვენ ხომ ვიცით, ვინც.
მთასავით.
მე გავიზარდე მთაში.
მგონია, სულ სხვანაირები არიან მთიელები (ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი... და ასევე სულისშემძვრელი სვანეთი და რაჭა). მიყვარს საქართველოს მთიანეთი და სუბიექტური ვიქნები, თუ გეტყვით, აღმოსავლეთი მთიანეთი მირჩევნია, რადგან ზუსტად იქ
აღვიზარდე. იქ ვისწავლე, როდის გავჩუმდე და როდის - ვისაუბრო, რადგან მთიელები არასოდეს ლაპარაკობენ ზედმეტს. არადა, რა ძნელია, რამდენი გვაქვს ადამიანებს ყოველთვის სათქმელი...
იქ ვისწავლე
სევდა, სიხარული, დავკარგე ადამიანები და ვიპოვე ჩემი თავი.
მერე ჩემი ადგილი.
ვიცი, რომ არსებობს სხვა ულამაზესი მთები, სხვა ადგილები...
მაგრამ იქ არ არსებობს ჩემი ბავშვობა, იქ არ არსებობს სულისშემძვრელი მელოდიები... როგორ არა, არსებობენ, მაგრამ ისინი მე არ მეკუთვნიან.
ყველას სჯერა, ჰგონია, იცის (მათ შორის მეც), როგორი კოსმოპოლიტი ვარ და მჯერა, ყველა იქ უნდა ცხოვრობდეს, სადაც თავს კარგად გრძნობს, და ამავე დროს, ვაჟა-ფშაველა მიყვარს მთელი გულით, იებით, არწივებით, წვიმად მოსვლის სურვილებით...
ხომ არსებობს ადგილი, სადაც შენი გულია? შენს სახლში.
სული? სული ყველგან რჩება, მისი პატარა ნაწილები... ჩემი ნახევარი სული საქართველოს მთებშია, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა, ხელის გაწვდენის მანძილზე... სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა და ვერხვებიც იმდენს იშრიალებენ, რამდენსაც შენ სთხოვ. მთავარია ისე უთხრა, ზედმეტი ხუმრობების გარეშე... არ უყვართ მთაში უკბილო ხუმრობები.
სად არის თქვენი გული? სული?
4 comments:
ჩემი ალბათ ჩემს სოფელშია, სადაც არის ჩემი ბავშვობის ყველაზე კარგი დღეები :) თუმცა არ ვიცი, ახლა მგონია რომ მთლიანად საქართველოშია და სადმე თუ წავალ, მერე უფრო მივხვდები, სად დავტოვე სულის ნაწილი.
ნატალია, რა ლამაზად თქვი, ალბათ მთლიანად საქართველოშიაო, ძალიან ლამაზად. სოფელი კიდევ ყოველთვის განსაკუთრებულია, მართლაც, ჩვენი ყველას ბავშვობა და უდარდელობა იქაა.
ჩემი სული სულ რიონის პირზე, გაშლილ მინდორზე იქნება ჩემს ბავშვობასთან ერთად......... მთასავით ძლიერი და უდრეკი ხალხი არიან მთის შვილები... სხვაგვარად როგორ იქნება...
კუშიჩკა, სამწუხაროდ დასავლეთ საქართველოს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რიონი ისეთი განსაკუთრებული წარმომიდგენია, შენი მეოცნებე და ლამაზი სულივით. მადლობა, რომ კითხულობ პოსტებს.
Post a Comment