Tuesday, May 13, 2008

ისრაელელი ქალები არმიაში











ისრაელის არმია, ანუ როგორც უწოდებენ, ისრაელის დაცვის ძალები, 1948 წლის 26 მაისიდან ფუნქციონირებს. ისრაელის არმია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ერთნაირად იწვევს ქალებსაც და მამაკაცებსაც ჯარში. ისრაელის არმიიდან თავის აცილების უფლება აქვთ რეპატრირებულ მოქალაქეებს, ანუ იმათ, ვინც ისრაელში არ დაბადებულა. ასევე გამონაკლისს შეადგენენ ადამიანები განსაკუთრებული ფსიქიკური, ფიზიკური და რელიგიური შეხედულებებით. ისრაელის არმიას ანუ ცაჰალს, როგორც მას ივრითზე უწოდებენ, 18 მილიონ დოლარზე მეტი ბიუჯეტი გააჩნია და მსოფლიოს უკანასკნელი გამოგონების იარაღს ფლობს.

ისრაელში ქალები სკოლის დამთავრების შემდეგ მიდიან ჯარში, ანუ 18 წლის ასაკიდან და მამაკაცებისგან განსხვავებით, 2 წლის განმავლობაში მსახურობენ. ქალებისათვის არ არის სავალდებულო მილიტარისტული სამსახურის გავლა და მათ კანცელარიულ პირობებშიც შეუძლიათ ცხოვრება, თუმცა ბევრი მათგანი უფრო ძნელ სიტუაციას ირჩევს და იარაღის ტარებას ამჯობინებს. როგორც ჩემი უახლოესი მეგობარი ნაამა (სახელები შეცვლილია კონფიდენციალობის გამო) ამბობს: "არავითარი სურვილი არ მაქვს ოფისში ვიჯდე და უფროსებს ყავა მოვუდუღო".

ისრაელის არმიის დისციპლინას "თანამედროვე სპარტანულს" უწოდებენ. როგორც ჩემი წყაროებიდან ვიცი, რამდენიმე ისრაელელი გოგონასაგან, არმიაში მართლაც გაუსაძლისი სიმკაცრეა და ხშირად ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან, რაც უფრო ხშირად მამაკაცთა ნაწილებში ხდება. მიუხედავად ამისა, ქალთა საჯარისო ნაწილიც იმავე დატვირთვით ვარჯიშობს, როგორც მამაკაცთა და მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს. როგორც ცაჰალის ყოფილი ჯარისკაცი (ჯარისქალი, უფრო კონკრეტულად) თამარი ამბობს: "ხშირად მქონდა გაქცევის სურვილი, მაგრამ ფიცის დადების შემდეგ ამაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ხშირად ვტიროდით გოგონები და ძალიან გვიჭირდა, განსაკუთრებით უდაბნოში, ღამით საშინელ ყინვასა და დღისით გაუსაძლის სიცხეში, ცხოვრება და ვარჯიში, ზოგჯერ 22 საათიც კი გაგრძელებულა მომზადება".

დღეისათვის ისრაელის არმიაში 48 ათასამდე ქალი მსახურობს, ზოგიერთი მათგანი აპირებს სამხედრო კარიერის გაგრძელებას, ზოგს კიდევ- ერთი სული აქვს დაასრულოს სამსახური და თავის სახლს დაუბრუნდეს, საყვარელ მუსიკას მოუსმინოს და მეგობრებთან ერთად სამოქალაქო ტანსაცმლით, იარაღის გარეშე, სასეირნოდ წავიდეს. ჩემი მეგობარი ნაამა სწორედ იმ პაციფისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ვალდებულების მოხდა აუცილებლად მიაჩნია და სამომავლოდ, უფრო იდეალისტური გეგმები და ოცნებები აქვთ. ნაამა, 18 წლის: "ხან ვფიქრობ, თუ რას ვაკეთებ აქ, რა მინდა? რადგან ხშირად ვერ ვგრძნობ, რომ ვეკუთვნი ჯარს, ამ ადგილს... იარაღის ტარებისგან დალურჯებული ვარ და სულ მწყობრში, გაჯგიმულს მიწევს დგომა. ორ კვირაში ერთხელ, პარასკევს, სახლში დაქანცული ვბრუნდები და მუსიკას ვისრუტავ, იმდენად მენატრება. ფიქრისთვისაც ვერ ვიცლი, მხოლოდ ის ვიცი, რომ რიგითი ჯარისკაცი ვარ და სხვის ბრძანებებს, ჯარის დისციპლინას უნდა დავემორჩილო, თუ არა და დავისჯები - დასვენების დღეებში სახლში აღარ გამომიშვებენ." 20 წლის ჰადარა, რომელიც ჯარში მსახურობას უკვე ასრულებს, ამბობს: "ჯარმა ბევრი რამე მომცა, გამაძლიერა და სამშობლო უფრო შემაყვარა. სიძნელე ბევრი იყო და გამიჭირდა, რა თქმა უნდა, როცა ოჯახის მფარველობისაგან შორს აღმოვჩნდი. თავიდან ყველაფერი ძნელი იყო, ვარჯიშიდან დაწყებული საკვებამდე და სიცხეში ხაკის ფორმით დგომამდე, მიუხედავად ყველაფრისა, ვამაყობ, რომ ცაჰალი არსებობს და მე მისი ნაწილი ვარ, ჩვენ ისრაელს ვიცავთ და ამით ყველაფერი ნათქვამია."

როდესაც ჩემი ნაცნობი ჯარისკაცი გოგონების მონაყოლს ვისმენ, თუ როგორ უძლებენ სპარტანულ დისციპლინას, მათ ფოტოებს ვხედავ, სადაც დაღლილები, მაგრამ ღიმილიანები არიან, მიხარია და თან გული მწყდება, რადგან საქართველოში მსგავსი განწყობა არ შემხვედრია. ჩემი უახლოესი მეგობარი, ნაამაც კი, რომელსაც სძულს ომი და ჯარის დასრულების შემდეგ ექიმობას აპირებს, ამაყია იმით, რომ ჯარისკაცია და ქუჩაში პატივისცემით ეპყრობიან - ის სამშობლოს, ისრაელს იცავს.

1 comment:

Keti said...

დარწმუნებული ვარ, ცხოვრებისული წინააღმდეგობების შეხვედრისას გაცილებით მდგრადები იქნებიან..