ეს სიმღერა თუ გახსოვთ: "ჭრელო პეპელა... ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები..."? იმიტომ გავიხსენე, რომ ეს სიმღერა ზუსტად აღწერს ქართველების ხასიათს. რამდენიმე ადამიანმა რჩევა მომცა ჩემი ბლოგის შესახებ, ერთმა მითხრა: "ძალიან ოფიციალური ენით წერ, მაინც ბლოგია და უფრო "შენებური" უნდა გახადოო", მეორემ კიდევ: "უფრო მეტი პირდაპირი ნათქვამი და კომენტარი გჭირდება, ძალიან "შენებურად" წერო..." მოდი და ასეთი კეთილი რჩევების შემდეგ თავს ჭრელ პეპელად ნუ იგრძნობ.
ეს პროლოგი იყო, როგორც მიხვდით, ახლა კი გიამბობთ, თუ სად მოვიპოვე "ზემოატვირთული" ფოტოები, ოღონდ ამას აუცილებლად დასჭირდება კიდევ ერთი შესავალი. უნივერსიტეტში ვსწავლობ რადიოგადაცემის მომზადების საგანს, რომელშიც ლექტორმა დაგვავალა 'As Life'-ის გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი მოქმედებები უნდა ჩაწერო, ანუ რაიმე ღონისძიებაზე ( :P ) წახვიდე და სიუჟეტი გააკეთო, თავისი სინქრონებით და ყველაფრით. დავალება დროზე ვერ ჩავაბარე და ლექტორს ვთხოვე, deadline გადაევადებინა. მთელი ჩემო ნათესაობა შესაბამის მობილიზებაში მყავდა, თუ რამეს გაიგებდნენ, მაშინვე უნდა შეეტყობინებინათ. მაგრამ как на зло, ისეთი არაფერი ხდებოდა, რაც დამაინტერესებდა და საკაიფო "ეზ ლაიფს" გამაკეთებინებდა.
18 მაისის მშვენიერ კვირა დღეს კი ჩემმა "ოპერატიულმა" დეიდაშვილმა დამირეკა, კინო "საქართველოსთან" ხალიჩები აფენია, ხალხია შეგროვილი და სავარაუდოდ, ჩვენი ჰოლივუდის (პოლიტიკის ანუ) ვარსკვლავები მივლენ და ახლავე იქ გაჩნდიო. მეც სასწრაფოდ გავვარდი. მაგრამ "სასწრაფოდ გავვარდი" კიდევ ვერ აღწერს ჩემს სასწრაფოდ გავარდნას, წარმოიდგინეთ ფილმებში, პირველ კადრში რომ გოგო ტაქსიში ჯდება და მეორე კადრში უკვე ტბაში პოულობენ დამხრჩვალს, აი, ასე სწრაფად გავვარდი კინო "საქართველოსთან" და მაშინ ვიფიქრე: "რას გვიშვრება ეს პაიჭაძე-მეთქი"...
კინო "საქართველო" გურამიშვილისა და დადიანის გამზირების გადაკვეთაზე მდებარეობს. რაც თავი მახსოვს, ეს კინო, სულ არსებობს, უბრალოდ, ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაშინ ინდური ფილმების აფიშები იყო გამოკრული; ცოტა რომ გავიზარდე, აფიშები გაქრა და შენობაც დაბომბილს დაემსგავსა, როგორც მთელი საქართველო 90-იანი წლებიდან; ამ ბოლო წლებში კი მისი აღდგენა დაიწყეს და პატარა, "საყვარელ" კინოთეატრად აქციეს. სიმართლე გითხრათ, შიგნით არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ნაძალადევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ სამადაშვილმა დამარწმუნა: "აქ ბევრი დაწყვილდა და ოჯახებიც შეიქმნაო" (ინდური ფილმების კერა ყოფილა წარსულში და აბა, რა იქნებოდა!). სამადაშვილის გარდა კინოთეატრის გახსნაზე პრეზიდენტიც იყო მოსული რამდენიმე წამით, რომელსაც ერთი მოწინააღმდეგე გამოუვარდა და დედამისისადმი ქართული "სიმპათია" გამოხატა. ის, რაღა თქმა უნდა, დაცვამ მაშინვე "გადამალა". სამაგიეროდ, გიგი უგულავას ისეთი დახვედრა მოუწყვეს... ასაკოვანი ქალები ეხუტებოდნენ, ხელებსაც კი უკოცნიდნენ და რამდენიმე მათგანი, რომელიც ვერ მიწვდა, უკმაყოფილებას გამოთქვამდა დაცვის მისამართით: "რა მოხდა, მოგვაფერებინეთო!" მეც რისი ვაი-ვაგლახით გავძვერი ამ ქალებს შორის, დაცვასაც გავუსხლტი და უგულავას ვეცი მოსაფერ... კი არა და კომენტარის ჩამოსართმევად... =))
ჩემი As Life შედგა! (Well... ამას მაინც პაიჭაძე გადაწყვეტს, მაგრამ მაინც.)
[მერე რა, რომ კინოს გახსნა წინასაარჩევნო კამპანიას უფრო ჰგავდა და ყველა "უაღრესად კმაყოფილი" იყო ხელისუფლების... მერე რა, რომ მოსახლეობას ჩემთვის ინტერვიუს მოცემა არ სურდა და სახელებსა და გვარებს არ მეუბნებოდნენ... არც ისაა დიდი რამე, ყოველ ნაბიჯზე დაცვის პოლიცია რომ იდგა, ერთი ვიწროშუბლიანი კუდში დამდევდა: "რას იწერ, რას იწერო?"... ისიც არაფერია, როცა ამ სიუჟეტის ჩაწერის მერე, დავფიქრდი და შემეშინდა, თურმე я тоже обыкновенный член этой огромной толпы... и она огромная :]



No comments:
Post a Comment