

ყველაზე ძნელი სტატიის დაწყება აღმოჩნდა, ხან ფილოსოფიურმა პათეტიკამ გამიტაცა, ხან – პათეტიკურმა ფილოსოფიამ. ბოლოს, მივხვდი, ყველაფერს გულწრფელობა სჯობდა და უბრალოდ მოგიყვებით იმას, რაც მე დავინახე.
ჩვენი გორში მოგზაურობის აღწერითი რეპორტაჟის გაკეთება უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე მშრალი ფაქტების მოძიება. ბევრად მნიშვნელოვნად მომეჩვენა დაკვირვება და მოსმენა, ვიდრე მსგავსი შეკითხვის დასმა: “მიიღეთ თუ არა მონაწილეობა სოლიდარობის კვირეულში?”, როდესაც ადამიანმა არ იცის, სოლიდარობა რას ნიშნავს. ან სველი წერტილების ძებნა მაშინ, როდესაც კედლები სულ სველია და წერტილებსაც რა გამოლევს...
უნივერსიტეტმა, ბუნებრივია, გამოგვიყო სამარშრუტო ტაქსი, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს ტრანსპორტირებას გორის მიმართულებით (ტრანსპორტირება - რაღაც ბოლივიური კონტრაბანდის გადაადგილებას მაგონებს). კვების პრობლემა ჩვენი გადასაწყვეტი იყო ისევე, როგორც გორის სოფლებში წასვლა, რადგან მძღოლმა თავიდანვე უარი განაცხადა “არაუსაფრთხო” ადგილებში წასვლაზე.
პირველი ‘check point’: წეროვანი. პირველად ვნახე ახლადაშენებული, კოტეჯები, რომლებშიც ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა დევნილების შესახლება. სახლები ფერადი სოკოებივით არიან “ამოსულები” თიხანარევ მიწაზე. აქ ყველა კოტეჯში შეყვანილია ბუნებრივი აირი, სველი წერტილები, კედლები შედარებით მშრალია და საწოლებიც რბილი.
ეს სამი პატარა გოგონა (იხილეთ ფოტოზე) მე და ლალი თოთლაძემ ერთად ვნახეთ, სანამ კოტეჯებს ვათვალიერებდით და გაფენილ სარეცხში კარს ვეძებდით. აღმოჩნდა, რომ წელს არცერთი მათგანი სკოლაში არ მისულა. რამდენიმე კვირაა, რაც ამ კოტეჯში გადმოვიდნენ მშობლებთან და ბებიასთან ერთად.
მათი კოტეჯი იმდენად სუფთა იყო, მე და ლალიმ ფეხზე გავიხადეთ და ჩვენი ტალახიანი ფეხსაცმელი გარეთ დავტოვეთ. “რეგლამენტი” ნახევარი საათი გვქონდა. ამ დროს ბავშვების ბებია გვიამბობდა თავის ამბავს, როგორ გამოაღწიეს სოფელი კეხვიდან, როგორ დაკარგეს უზარმაზარი სახლი... იტირა. მე ამ დროს მირეკავენ, “ჩქარა დაბრუნდით "მარშუტკაში”!” ჩავიცვით ისევ ტალახიანი ფეხსაცმელი, ბავშვებს ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზები, კარგები არიან და სკოლაში აუცილებლად ივლიან.
ჩვენ კი ვბრუნდებით და გზას განვაგრძობთ სიმართლის ძებნაში, რა იცი, სად შეგხვდება ეს სიმართლე... მთავარია ის იყოს, შენ რომ გინდა.
მეორე ‘check point’: ახალი ხურვალეთის დასახლება – ნინო ჟიჟილაშვილმა (ლექტორი, პროდიუსერი) თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ ეს დასახლება ბევრად განსხვავებული იქნებოდა წეროვნისგან. ამიტომაც სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგროვილ თბილ ტანსაცმელს აქ დავტოვებდით.
როდესაც დასახლებაში შედიხარ, გგონია, რომ ეს სულ სხვა პლანეტაა, სადაც ყვითელთვალებიანი მარსელები ცხოვრობენ დათოვლილ მთებსა და თიხნარევ დედამიწას შორის. ეს, უბრალოდ, რეი ბრედბერისგან დატოვებული შთაბეჭდილებაა, სინამდვილეში ხურვალეთის დასახლებაშიც ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც სხვაგან – სწყინთ, უხარიათ, აინტერესებთ, სტკივათ, სცივათ და მარსელებისგან განსხვავებით, ჩვენი ენაც ესმით/ან არ ესმით, რადგან ზოგი “ლამაზი ჟურნალისტი გოგო” ისეთ კითხვას უსვამდა, მოხუცები იბნეოდნენ და “ლ” ხომ საერთოდ არ ესმოდათ, როგორც ჩანს, ჩვენ უფრო ვგავდით მარსელებს. “ლამაზ ჟურნალისტ გოგოებთან” საუბარი ყველას სურდა და არავის მოუხურავს ჩვენთვის კარი. “სველი წერტილებიც” გვანახეს, ოღონდ კედლებზე, რადგან ხურვალეთის დევნილებისთვის სააბაზანო ოთახები არ გაუთვალისწინებიათ; მათი დახეული ტანსაცმელი, ცარიელი მაცივრები და კოტეჯებს შორის ოთხი საჯარო საპირფარეშოც ვნახეთ.
ხურვალეთის შემდეგ შავშვების დასახლებას მივადექით, მართალია ვეღარ მოვასწარით ხალხთან მისვლა, მაგრამ ზემოდან გადავხედეთ და დავინახეთ, რომ ხალხს რაღაცას ურიგებდნენ. კარტოფილიაო, გორაკზე მოთამაშე ბავშვებმა გვითხრეს.
მესამე ‘check point’: გორი – ჩემი პირველი შეგრძნება ასეთი იყო, რომ ახლა ისევ დაბომბილ, დამწვარ და ბოლადენილ ქალაქს დავინახავდი... მაგრამ ფერადი კორპუსები, სტალინის საამაყო ვაგონი და ძეგლი ძველებურად დამხვდნენ.
ქალაქში რამდენიმე წუთს შევყოვნდით, სანამ ექვსი სტუდენტი ლექტორის მანქანაში მოვთავსდებოდით, ზოგიც დაქირავებული ტაქსით ჩვენთან ერთად “არაუსაფრთხო” სოფლებისკენ წამოვიდოდა, დანარჩენები - გორში დარჩნენ თავიანთი დავალებების შესასრულებლად.
კარალეთი, ტყვიავი: მომდევნო ‘check points’ – ყვითელი ფერის სოფელი კარალეთია, ვარდისფერის – ტყვიავი. სოფლის მაცხოვრებლებმა გვითხრეს: “კონდოლიზა რაისს თუ ვიღაცას უნდა გამოევლო აქეთ და მაშინ შეღებეს, ბოდიში, და ძროხებსაც კი ერევათ ხოლმე თავისი ჭიშკარი.” არ მეგონა, United States of America-ს რამე კავშირი თუ ჰქონდა, ‘United Colors of Benetton’-ს უფრო ჰგავდა.
ლიმონისფერ კარალეთში ფოტოები გადავუღეთ 2 გადამწვარ სახლს, როგორც აღმოჩნდა, ამ სოფელში მხოლოდ ეს სახლები გადაწვეს.
ჩვენი დანიშნულების საბოლოო ადგილი – ტყვიავი იყო, რომელსაც რამდენიმე კილომეტრი აშორებს ცხინვალის რაიონს. სწორედ ამ სოფელში დაარბია სახლები ოსურმა პოლიციამ და ეთნიკური წმენდის შედეგად, ათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ყველაზე დიდხანს სწორედ ამ სოფელში დავრჩით, ჩასვლისთანავე გავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით, ფოტოაპარატებით, დიქტოფონებით, ვიდეოკამერებით შეიარაღებულები.
თითქმის ყველა გზისპირა ეზოში არასამთავრობო ორგანიზაცია ‘CARE’ პატარა სახლებს უშენებს მოსახლეობას. თუმცა, საინტერესო ის იყო ჩემთვის, რომ მოხუცებს და იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთა სახლებიც შუა სოფელშია და აგვისტოში დაზარალდა, არავინ აქცევს ყურადღებას. მხოლოდ გზის პირას კეთდება სახლები, ალბათ ისევ იმიტომ, ვინმე თუ გაივლის, დაინახოს, როგორ სწრაფად აშენდა ‘United Colored’ სოფელი.
სოფლის ცენტრში ხორცს ყიდდნენ, "ბირჟაც" იქ იყო, სადაც სოფლის კაცები იდგნენ და საუბრობდნენ. საახალწლო განწყობა არავის ჰქონდა, გარდა ერთი 17 წლის, ახალდაქორწინებული წყვილისა, რომელსაც უკვე ნაძვის ხე დაედგა სახლში.
სოფელში ბევრი ადამიანი ვნახეთ, რომელიც გვენდო.
სახლში შეგვიპატიჟეს, ყავით გაგვიმასპინძლდნენ, მოგვეფერნენ, დარდი გაგვიზიარეს... გვიამბეს, რომ მათთვის რუს ჯარისკაცებს შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომ ეს ომი "სხვების" ომი იყო.
სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილებით დავბრუნდით თბილისში. არ ვიცი, ვინ როგორ სიმართლეს ეძებდა და თუ იპოვა, მაგრამ განწყობა ისევ ერთნაირი გვქონდა – იმედიანი, ელენე დეიდას სიტყვებივით, ყავა რომ დაგვალევინა, იმ ქალის: "მთავარია, ცოცხლები ვიყოთ და ყველაფერს თავიდან გავაკეთებთო."



6 comments:
თვალწინ კადრებივით ჩამიარა მონაყოლმა, სუპერ რეპორტაჟია. მეც მინდოდა იქ წამოსვლა, მაგრამ ადგილები არ ყოფილა საკმაისი
sofo Zalian saintereso reportaJia, Tumca mgoni SegeZlo TiToeul dasaxlebul punqtze TiTo saintereso reportaJi gagekeTebina. vkiTxulobdi da mindoda kidev meti momesmina, meti im adamianebze, iqaurobaze da a.S
yoCaR!
warmatebebs gisurveb :)
sooooooooooooooop,dzalian sainteresod agwere da dagvanaxee eg sevdiani simartle...
ar minda vipikro,da meshinia kidevac.. rom am "sokoebshi"rogorc shen tkvi, didxans mouwevt kopna am xalxs! gamabruebeli prezidentis monologs rom davujerot kvelaperi ketdeba mattvis. es xom mochvenebiti realobaa.
vaime es saxlebi ra sashinelebaa Ö)
imedia male ademsgavseba cocxali adamianebis sacxovrebel garemos.
საშინელება ხომ არის და არის, მაგრამ ამ დროს არავინ არაფერს აკეთებს. სოკოებივით არის ერთმანეთზე მიწყობილი, განსაკუთრებით ხურვალეთის დასახლება და შავშვები, გარშემო აბსოლუტური ტრამალი და იმ ადამიანებმა, რომლებსაც უზარმაზარი ხეხილის ბაღები, ეზოები, მიწები ჰქონდათ, ახლა აქ რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა იცხოვრონ, ვერ წარმომიდგენია.
მხოლოდ წეროვანის დასახლებას ვუცქერი ხოლმე, გზიდან და ვითრგუნები...
კარგი რეპორტაჟი იყო.
Post a Comment