
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა
გარდა იმისა, რომ დღესდღეობით განსხვავებული აზრი ისე აღიქმება, როგორც წინააღმდეგობა და სამშობლოს მოღალატეობა (რატომღაც "ხალხის მტრობას" მაგონებს, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო "მოდაში"), თუ იტყვი, რომ ანტიგლობალისტი ხარ და მოგწონს ის, რაც ერებს ერთმანეთისგან განასხვავებთ - კაკ მინიმუმ, ცოტა ფრიკი ხარ. ყველაზე ძლიერი არგუმენტი - "კარგი რა, 21-ე საუკუნეა!" ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს, იქნება ის პირველი თუ ოცდამეერთე? ყველაზე მარტივი ადამიანური ფასეულობები არასოდეს იცვლება.
დღეს ჩემს რუსულენოვან ბლოგზეც დავწერე და აქაც მინდა დავწერო.
ჩემს ბევრ პოსტში წაიკითხავდით იმას, რომ ყველა რელიგიას პატივს ვცემ, ბევრი კულტურა აღმაფრთოვანებს და ამ ყველაფერს მივყავარ იქამდე, რომ საკუთარი რელიგია კიდევ უფრო მიყვარდება, მიყვარდება ადამიანები და ის განსხვავებულობა, რაც ერთმანეთისგან გვარჩევს. დღეს მეირ ლევინს ვესაუბრებოდი და სწორედ მან შემახსენა, დამაფიქრა იმაზე, თუ რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, რატომ არ შეიძლება ერების ასიმილაცია - ღმერთმა ყველა განსხვავებულად შექმნა, ყველას თავისი მისია მისცა და ამ მისიასთან ერთად - ბუნება.
ვისაც ზემოთ მოყვანილი მაგალითი არ მოსწონს და უფრო მეცნიერული ურჩევნია, ასეთია: როცა კულტურის ფსიქოლოგიას ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მაშინ გავიგე, რომ ადამიანების ენაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს გეოგრაფიული მდებარეობა, ის ბუნებრივი პირობები, რასაც ადამიანები უყურებენ და შემდეგ ენაში გადააქვთ. მარტივად რომ ვთქვათ - ესკიმოსებს აქვთ თოვლის და სითეთრის აღმნიშვნელი მრავალი სიტყვა, ბერძნებს კიდევ არა აქვთ სიტყვა: ლურჯი და ის ლათინურის დამახინჯებული ვარიანტია, რამდენადაც ვიცი: ბლე (Μπλε). ჰომეროსი, ალბათ, იცით, რომ თავის პოემაში ზღვას "ღვინისფრად" მოიხსენიებს. ძალიან მეცნიერებაში რომ არ გადავიჭრა, ადამიანურად ვიტყვი: ძალიან მომწონს, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა საჭმელს ვჭამთ, სხვადასხვანაირად ვიცმევთ, ჩვენი ტრადიციები გვაქვს (რაც უნდა მოძველებული ეგონოს ზოგიერთს) და თუნდაც გარეგნობა, რომლითაც ადვილად გამოიცნობა, მსოფლიოს რომელი კუთხიდან წამოვიდნენ ჩვენი წინაპრები.
ცხოვრება იცვლება, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემები, ადამიანებიც მიდიან და მოდიან, მაგრამ რჩება ერთადერთი სამყაროს შემქმნელი, რომელიც გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას - გავყვებით ფართო თუ ვიწრო და ეკლიან გზას. შესაბამისად, მე ვირჩევ იმას, რასაც თქვენ ყოველდღე ჩემს ბლოგზე კითხულობთ/უყურებთ. LET THIS FREEDOM LAST FOREVER!
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!



10 comments:
მე კიდევ ძალიან მხიბლავს "გლობალური სოფლის" იდეა. ახლა ასე მოკლედ იყოს და მოგვიანებით უფრო ვრცელ და დასაბუთებულ პასუხს დავწერ.
გეთანხმები ყველაფერში და ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და ერთი ადამიანის შეცდომის გულისთვის არ უნდა შეიზიზღონ მთლიანი ერი,ძალიან დიდი სიმდაბლეა უბრალოიდ ეგ და რაც უფრო ერთმანეთის რელიგიის და ნაციონალობის პატივისცემას ისწავლიან მით უფრო იქნება მშვიდობა და ერთმანეთის დაფასება
სოფ,
საბჭოთა კავშირი დაიშალა იმიტომ რომ ის იყო იმპერია და არა კავშირი :)
აი კავშირი არის ევროკავშირი :)
მიხვედბი ალბათ რასაც ვგულისხმობ :)
მართალი ხარ, სილამაზე მრავალფეროვნებაშია, თორემ ასე ყველა ერთნაირი... მეტისმეტად მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომაც ვართ ყველა უნიკალურები, განუმეორებლები და ერთადერთები:)))))
უი, ძალიან გთხოვთ, როცა დრო გექნებათ, იოსებ ნონეშვილის "ღმერთი და ხელები" წაიკითხეთ! (ლექსია) ამ საკითხზეა, ფაქტობრივად! რაც შეეხება სხვადასხვა ერს, ყველაზე უფრო იცით, რა მაინტერესებდა და ახლაც მაინტერესებს? სხვისი თვალით როგორები ვჩანვართ ქართველები, ან როგორ ჟღერს ქართული ენა, ისევე, როგორც უხეში გერმანული? თუ, როგორც ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული და ამავე დროს, ძალიან ზედაპირული ფრანგული! ან კი შეუძლიათ დააკვირდნენ ამ ყველაფერს სხვა ქვეყანაში, თუ მარტო ქართველები ვართ "ასეთები" ?
მეტად საჭირბოროტო თემას შეეხე.გლობალიზმი და ათეიზმი ძალიან ჰგავს ერთმანეთს...ორივე ნიჰილისტურ განწყობილებას თესავს საზოგადოებაში საკუთარი ენის,რწმენის,ისტორიის და ეროვნულობის მიმართ.კაცობრიობის განვითარებას სწორედ ხალხთა ენობრივი,სარწმუნოებრივი და ისტორიული სხვადასხვაობა განაპირობებს.გლობალიზმი-პირველყოფილ წყობილებაში აბრუნებს კაცობრიობას...მსოფლიო იდეოლოგები ანუ ეგრეთწოდებული ზესახელმწიფოები გლობალისტური იდეებით არიან შეპყრობილნი(ძალაუფლების მოპოვებისთვის ყველაფერს აკეთებენ).დღეს ერი თუ თვითმყოფადობისკენ მიისწრაფის ამბობენ,მსოფლიოსგან იზოლაცია სურსო...უფრო სწორედ გლობალისტური მსოფლიოსგან,რომელიც ამით თვითონ ითხრის საკუთარ საფლავს...
ეჰ, როგორ გეთანხმები, სოფ... მაგრამ ეს ჯერ კიდევ მრავალფეროვანი მსოფლიო ვერა და ვერ გადაეჩვია ომს. თუ გლობალიზაცია ამს შეძლებს, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ რაღაც არამგონია, მაგან ეგ მოახერხოს. არადა, არც ასე ხერხდება არაფერი. სანამდე უნდა მოახვიოს ერთმა ერმა მეორე ერს თავისი კაპრიზები?
თუ გინა ამერიკა აიღე და თუ გინდა ირანი: ერთი ათეიზმს ქადაგებს, მეორე ალაჰს...
არადა, სამყარო მართლაც რომ მრავალფეროვანი ჯობია. ღმერთმა დამიფაროს და ყველგან ეიფელის კოშკი, ტაჯ მაჰალი ან პირამიდები ვნახო.
ამიტომ მიყვარს შენი ბლოგი! ყოველთვის მხვდება პოსტი, რომელიც ძალიან ჩემიანია! როგორც ყველა ადამიანი არ შეიძლება ერთნაირად აზროვნებდეს და იქცეოდეს, ისე არ შეიძლება ყველა ერი ერთმანეთს დაემსგავსოს და ერთ ტაფაში მოიხრაკოს. პატვის ვცემ სხვის ნაციონალურ თავისებურებებს და მიხარია, რომ მაქვს ჩემი! ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში პრობლემა ტრადიციების არასწორი გაგება/ინტერპრეტაციაა და არა მათი არსებობა.
ვაცხადებ: მოგწონს ის, რაც ერებს ერთმანეთისგან განასხვავებთ :)
და მაინტერესებს...
ეკლები კი ყველა(ნაირ) გზაზე ამოდის...
ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი :*
არ მინდა სხვა ერებში ათქვეფა. იმიტომ კი არა, რომ რომელიმეზე უკეთესი ერის წარმომადგენელი მგონია თავი, არამედ იმიტომ,რომ ეს პატარ-პატარა განსხვავებები მაძლევს ერებს შორის ინდივუალურობის შეგრძნებას. ისევე როგორც ჩემი ხასიათის რაღაც შტრიხები მაძლევს სხვა ადამიანებთან მიმართებაში მსგავს შეგრძნებას. თუმცა ის, რომ კულტურათა შორის ინტერკომუნიკაცია მუდმივად ხდება, ნათელია.
თუკი ორი ფოთოლი არ ჰგავს ერთმანეთს და ისინი მაინც განაგრძობენ ჰარმონიულად ქარში რხევას, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ბუნების გამონაკლისები? :D
Post a Comment