Friday, October 30, 2009

კარგი ადამიანები

პარასკევს ვიდეოპოსტს ვწერ ხოლმე, მაგრამ დღეს ვერ მოვახერხე.
ადრეც ვახსენე იულია როზენბლატი, საქართველოს რაბინის მეუღლე. პრინციპში, მათ ოჯახში გატარებული ჩემი შაბათები და დღესასწაულები გემახსოვრებათ. იულიას ძალიან უყვარს ხატვა და თანამედროვე ხელოვნება. აღმოაჩინა ერთი რუსი ემიგრანტი მხატვარი და დიზაინერი იანა ფრანკი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, ხატავს, წერს წიგნებს. მოკლედ, რახან ბერლინში ვარ, იულიამ მთხოვა, შევხვედროდი ამ მხატვარ ქალს და მისი წიგნები შემეძინა.

Кот & Jana

მთელი კვირაა, მე და იანა ი-მეილებს ვწერთ ერთმანეთს, ხან მე არ მცალია ლექციების გამო, ხან - მას. როგორც იქნა, შევთანხმდით, რომ დღეს 3 საათამდე მასთან მივიდოდი; რადგან შაბათი უკვე ძალიან მალე შემოდის და მოგვიანებით ვეღარ შევძლებდი მასთან მისვლას. მე, როგორც ჰიპერპუნქტუალური ადამიანი, 11 საათზე უკვე მასთან ვიყავი. კარი ნახევრადმძინარემ გამიღო. მის სახლში სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. შეიძლება თქვენ იცნობთ ასეთ ხელოვან ადამიანებს, მაგრამ მე სულ ეკონომისტებისა და მასწავლებლების გარემოცვაში გავიზარდე.

Pankow, Berlin

იანაც აღმოსავლეთ ბერლინში ცხოვრობს, თუმცა ჩემი უბნიდან ტრამვაის 25 წუთი უნდა. ცხოვრობს ძველებური სტილის სახლში, კინოშია ხოლმე ასე. მის ბინას აქვს თეთრი ხის კარები, რომელსაც მხოლოდ ერთი საკეტი აქვს (თბილისის კორპუსში მცხოვრები ადამიანისთვის ეს რა სასწაულია, ხომ იცით). ვიცოდი, რომ მხატვარი იყო, მაგრამ არ მეგონა ასეთი ბინა თუ ექნებოდა - თბილი ფერებით - ყვითელი, მქრქალი (არ ვიცი ეს სიტყვა რამდენად სწორია, მე მიყვარს) ვარდისფერი, ლურჯი... (რატომღაც მგონია, Anuschka-ს მოეწონება მისი ნახატები.) უზარმაზარი თეთრი კატა სამზარეულოს კარებთან იჯდა და თავისი ყვითელი თვალებით მათვალიერებდა.
თვითონ იანამ ისე თბილად მიმიღო, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. მომიყვა თავის შესახებ; დუშანბეში დაიბადა და 1990 წელს ფეხმძიმე ჩამოვიდა გერმანიაში. ახალგაზრდა გოგოს ჰგავს, არ მეგონა, თუ უკვე ამხელა შვილი ჰყავდა. თავისი წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა რუსულ სახლში.

იქიდან გამზიანებული წამოვედი, იმდენად კარგი აურა ჰქონდა სახლში.
თან რამდენიმეკვირიანი სიბნელის შემდეგ, დღეს ბერლინში მზე გამოვიდა, ხალხო. ისე მიხარია!!!
ტრამვაიში რომ ჩავჯექი და სახლში წამოვედი, ვფიქრობდი, როგორი კარგები არიან ადამიანები. მერე რა, რომ ცუდებიც არიან, მე ხომ უმეტესად კარგები მხვდებიან და არ ვიცი რატომ, იქნებ იმიტომ, რომ არ მინდა ცუდები დავინახო.
ეს ნიშნავს, რომ მართლა თავისუფლები ვართ ადამიანები, ვირჩევთ კარგ ან ცუდ თვისებებს, ხასიათს, შესაბამისად ადამიანებს და ცხოვრებასაც.

ძალიან კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ!!!!

10 comments:

Unknown said...

სოფი, გაღიმებული დამტოვე.. ისე მომინდა იანას სახლში სამზარეულოს მაგიდასთან ჩაის დალევა რომ გამაჟრიალა, იმ თეთრი კარის ჭრაჭუნიც გავიგე.
მინდა, მინდა, მომწონს!
მადლობა, რომ გვიყვები ამ ყველაფერს და იქ, სადღაც აღმოსავლეთ ბერლინში გახსოვარ :)

babisa said...

shen rom kargi xar da tbili imitom xedav ase adamianebs tu martla sul aseti kargebi gxvdebian
kiara
mec momewona es qali ise agwere, rakargia :)))

Anonymous said...

ხელოვან ადმიანებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა და მათ საცხოვრებელსაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს(შემოქმედებითი სული ტრიალებს).საერთოდ ადამიანების დაყოფა კარგებად და ცუდებად არასწორია!მთავარია ადამიანში კარგის დანახვა შეძლო(ცუდს ადვილად ხედავ!).ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ყველა ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს სრულყოფილებისკენ!საინტერესო შაბათ-კვირის გატარებას გისურვებ!

Unknown said...

დამთბა...

Unknown said...

wow მიყვარს საინტერესო ადამიანები. ხელოვანები თავისი უცნაურობებით. მეც ასეთი მინდა რომ ვიყო:) ჩაი აუ მეც მინდა და იმედია ბებია მალე გამიკეთებს თორემ თბილისურმა წვიმამ სულ ერთიიანად დამასველა.
გალერეაში ვიყავი და იქიდანაც დადებითად დამუხტული წამოვედი. შენმა პოსტმაც იმოქმედა და მოკლედ მიყვარს მსოფლიო და მომიტევეთ :დარცხვენილიო სმაილიკი
ბედნიერ შაბათს გისურვებ

Keti said...

სოფი, ეს ფოტო შენ გადაიღე? (თან ნახატსაც წააგავს და ამიტომ გეკითხები)
მოკლედ, მომეწონა ძალიან :)

ბედნიერი შაბათ–კვირა!:)

clown said...

უკვე წარმოვიდგინე ეს სახლი, ფერადი და ნახატებით სავსე...
რა მაგარია ^^

Anonymous said...

რა კარგია რომ არსებობენ თქვენნაირი ადამიანები...

Lalena said...

berlinis sicivis miuxedavad mzian da Tbil postebs wer, Zveleburad :)

Sophie שרה Golden said...

მადლობა თქვენ, ვინც სიამოვნებით კითხულობთ ჩემს პოსტებს!!!!!!

ქეთი, მე არ გადამიღია. ძალიან ლამაზი სურათია მართლა :)