Thursday, October 11, 2012

სტაფილოს ბიჭი

ეს პოსტი უფრო ქრონიკის სახის იქნება, წლები რომ გავა, გადავხედავ ეზრასთან ერთად.


ესე იგი,

ეზრა 6 თვისაა უკვე, რაც იმას ნიშნავს, "დიდური" საჭმელების დამატებას ვიწყებთ. აქამდე მხოლოდ პატარა ძუძუმწოვარა იყო; ისევ გააგრძელებს, მაგრამ დღეში ერთხელ ბოსტნეულის და მალე ხორციანი სადილები ექნება.
გუშინ ვაჭამე პირველად სტაფილოს პიურე. სულ რამდენიმე კოვზით დავიწყეთ, ექიმის რჩევისამებრ. მეგონა, ვერ შეჭამდა, ზოგი წერს, რადგან ბავშვი ძუძუს ან ბოთლის წოვასაა მიჩვეული, ენამ შეიძლება შეუშალოს და საჭმელი გადმოყაროსო. მაგრამ ეზრამ ძალიან ინტელიგენტურად გადაყლაპა თავისი ულუფა და კიდევ მეტზე უარს არ იტყოდა, მაგრამ კუჭი ნელ–ნელა უნდა მიეჩვიოს.
ზოგიერთი, უკვე 4 თვიდან იწყებს ბავშვისთვის მყარი საკვების (solid food–ის ჩემეული სწრაფი თარგმანი) მიცემას, მაგრამ ეზრას რძე ყოფნიდა და ექიმმა გვითხრა, რომ არ იყო საჭირო სხვა საკვები და ბავშვის კუჭის გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გერმანული სტილია, ყველაფერი ნატურალურის მიმდევრები რომ არიან და უარს ამბობენ ნებისმიერ ზედმეტ დამატებაზე; თუმცა, არც მე ვარ წინააღმდეგი, სიმართლე გითხრათ. ძუძუს წოვება თავიდან ცოტა ძნელი და გემოზე მტკივნეულიცაა, მაგრამ ორი–სამი თვის შემდეგ უკვე ისე ეჩვევი, ამაზე მოხერხებულად არაფერი მიგაჩნია. თან, დედას რძე ყველგან თან აქვს, არც ტემპერატურის გაზომვა უნდა, არც გათბობა–გაგრილება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს მაინც და ასე დაიწყო ეზრამ ბოსტნეულის ჭამა. უცნაური გრძნობაა ძალიან. ვაჭმევდი და თან ვფიქრობდი, 6 თვე უკვე გავიდა და ალბათ წლებიც ისე გავა, რომ მოხედვასაც ვერ მოვასწრებ, ეზრა უკვე თვითონ დაიწყებს ჭამას, ბაღში, სკოლაში სიარულს, დამოუკიდებელი გახდება და მე ნაკლებად დავჭირდები; დაცოლშვილებაზე ხომ ნუ იტყვით, უკვე განვიცდი...

მანამდე მაინც დიდი დროა.
პირველი ოთხ ნახევარი თვე, მიუხედავად იმისა, რომ დაძინება პრობლემა იყო, ღამით კარგად ეძინა, ერთი–ორჯერ იღვიძებდა და მაშინვე ძილს აგრძელებდა. ამ ბოლო პერიოდში კი უფრო ხშირად იღვიძებს, თავის საწოლში აღარ უნდა გაჩერება და დილის 3–4 საათზე თამაში უნდა. მე კიდევ ხან "სოსკას" ვაძალებ, ხან – რას, რომ დაიძინოს, მაგრამ თითქმის ნახევარ საათზე მეტი მჭირდება, რომ ისევ დავაძინო და ბუნებრივია, უკვე ჩემს გვერდით რჩება და დილისთვის მე უკვე მხარგაბუჟებული ვიღვიძებ.
მოკლედ, ვერ გავხდი დისციპლინირებული დედა :/ ვერ მივაჩვიე დამოუკიდებლად დაძინებას და ჩემთანაც ვაწვენ, როცა უნდა. არა, ისე რომ დაფიქრდე, რამდენ ხანს იქნება ასეთი პატარა და დედასთან მოუნდება ჩახუტება? ან ვინ იცის, რას ფიქრობს, როგორ სცივა მარტოს თავის საწოლში და იქნებ, სულ საშიში, რძიანი ბოთლები ესიზმრება?

ჯდომაც დაიწყო, თუმცა ხელის მიშველება უნდა და დამოუკიდებლად ვერ ზის. მუცელზე წოლა აღარ უყვარს, როგორც პატარაობაში. ზურგზე წოლაც აღარ უნდა და ყველაზე რთულ პერიოდში შედის, როცა "გაადამიანებას" იწყებს. რასაც წერენ, რომ ამ ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, თითქმის ყველაფერს აკეთებს, გარდა ცოცვისა, რასაც ბავშვების მცირე პროცენტი იწყებს და მე გაოცებული ვარ, რადგან ჯერ სუსტი ხელები აქვს, თავის ტანი როგორ უნდა შეაკავოს?
მინდა გითხრათ, ყველას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს ან მომავალი დედაა, არავითარ შემთხვევაში, დიდი ყურადღება არ მიაქციოთ სტანდარტებს და იმას, სხვების შვილები რას აკეთებენ! ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, მთავარია, მხიარულად იყოს, თუ იცინის და ბედნიერია, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიდის და არ უნდა არსებობდეს რაღაც შტერული სტანდარტი, რომელიც ყოველ თვეში, ბავშვს დაავალდებულებს, ესა თუ ის გააკეთოს.

ჯერჯერობით კბილები არ ჩანან, ისე ველოდები, როდის გამოჩნდება პირველი.
ახლა ეზრა დივანზე წევს და მეჩხუბება, სეირნობის დრო გვაქვს. ისეთი სასაცილოა უკვე იმის გარჩევა, რისი თქმა უნდა, სხვადასხვანაირად ჭყიპინს იწყებს და მეც ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო.
აი, ვუსმენ კიდეც და წავედით :)

ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ!!!

3 comments:

ჯუნა said...

მაგ ასაკში იყო ჩემიც დაახლოებით რომ მითხრეს უკვე ტაშს უნდა უკრავდეს და რატომ არ იცისო... ისე განვიცადე, დავჯექი და მთელი დღეები ვასწავლიდი... ბოლოს ისწავლა. უაზროდ მაღიზიანებს ეს სტანდარტები და რეპლიკები ტიპა: ჩემი შვილი ამ ასაკში ამას შვებოდა და შენმა იცის? მინდება მივგუდო ადრესატი :)

სოფი שרה Golden said...

@ჯუნა, აუუუ, როგორ კარგად გესმის ჩემი :) მეც, ესე იგი, იმ დღეს ნერვები მომიშალა ერთმა ბაბუამ, ჩემი შვილიშვილიც 6 თვისაა და ამას აკეთებს, შენი შვილი რას აკეთებსო, ღრრრრ!!! :დ

Keti said...

"შენი შვილი რას აკეთებსო" :))) 6 თვის ასაკში უკვე რამხელა ვალდებულებას აკისრებენ ადამიანს, თითქოს მერე არ ეყოფა ვალდებულებები :)

საყვარელი ეზრა <3