Vanity of vanities, all is vanity.
King Solomon "Ecclesiastes"
ქართულად, ალბათ, ბევრად ლამაზად იქნება ბიბლიაში ეს ფრაზა ნათარგმნი, ყველაფერი ამაოებააო, მეფე სოლომონი რომ ამბობდა და ვინ გაბედავს ყველაზე ბრძენკაცს შეეწინააღმდეგოს. სოლომონ ბრძენმა "კოჰელეთი" იგივე "ეკლესიასტე", თავისი ცხოვრების ბოლოს დაწერა, როცა ყველა ამქვეყნიური სიტკბო თუ სიმწარე იგემა და მანამდე დაწერილი წიგნები დახურა.
ლიტერატურაში, ზოგჯერ, წიგნის დახურვას სიკვდილს ადარებენ.
თუ ცხოვრება ამაოებაა და არაფერია ახალი მზის ქვეშ, მაშინ გამოდის, სიკვდილიც არაფერი ყოფილა. რომ დაფიქრდე, მართლა ასეა და ამიტომ შიში და სევდა ერთნაირად გძრავს.
ორიოდე დღის წინ ეზრას პაპა გარდაიცვალა. როშ ჰაშანამდე საავადმყოფოში მოხვდა და ბოლო დღესასწაულების დასრულების შემდეგ, მანაც ისე დახურა წიგნი, როგორც მეფე სოლომონმა. ეზრას პაპა პიანისტი იყო, მაგრამ ბოლოს უკვე დიდხანს მძიმედ ავადმყოფობდა და გარშემომყოფებთან ურთიერთობა აღარ შეეძლო.
როცა შენ კარგავ ახლობელ ადამიანს (და მე ცხოვრებაში მყავს ასე დაკარგული ძალიან ახლობელი, ახალგაზრდა ადამიანი), თითქოს უკვე იცი, როგორ გაუმკლავდე ტკივილს და რაც მთავარია, შენშია ემოციები, რომლებსაც გამოხატავ, ან არ გამოხატავ. აი, როცა შენი უახლოესი ადამიანი კარგავს მისთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, როგორიც მშობელია, მაშინ შენი განცდები ერთი–ორად მძაფრდება. ბოლომდე ვერ შეიგრძნობ სხვის ტკივილს და ემოციებიც ისეთივე ძლიერი არ გაქვს, თან აქ უკვე არავის გამოადგება შენი ემოციები, პირიქით, შენი ახლობელი ადამიანის გრძნობებს და ემოციებს უნდა მოუსმინო და გაამხნევო.
იუდაიზმში არის გაგება, როცა ჭირისუფალთან მიდიხარ, შენ არ უნდა დაიწყო საუბარი და მისთვის მხარზე ხელის მოთათუნება, უბრალოდ, ჩუმად ზიხარ და აცდი, სანამ თვითონ დაიწყებს საუბარსა და გულის გადაშლას.
ზუსტად ეს მომენტი კი, სანამ გულის გადაშლა დაიწყება, ყველაზე მძიმეა ამ ქვეყანაზე.
და მიუხევადად იმისა, სოლომონ ბრძენი რას ამბობდა, რაც უნდა არახალი იყოს ყველაფერი მზის ქვეშ, თითოეული ადამიანის მიერ დახურულ წიგნთან მიახლოება მაინცა ახლებურად მძიმეა და მტკივნეული.
ღმ–ერთმა ყველას დიდხანს დააცადოს სიცოცხლე. ჯანმრთელად ცხოვრება და თავის ახლობლებში გახარება!
დიდხანს იყოს წიგნები გადაშლილი.



5 comments:
ძალიან სამწუხაროა ახლობელი ადამიანის წასვლა. please accept condolences.
samcuxarod nacnobi situaciaa. chems qmarsac mashin gardaecvala mama, dudana rom 11 Tvis iyo, da nacnobi grdznobaa is, razec yvebi
მუდამ გადაშლილი წიგნები...
ძალიან მძიმეა მშობლის გარდაცვალება. მერე გულის გადაშლაც ვინმესთვის. ხან ამასაც ვერ ახერხებ.
რა შემიძლია ვთქვა... ბოლო ფრაზებს ამ წერილიდან მეც გავიმეორებდი.
martla ra mzimea es yvelaperi da am yvelapris gaxseneba merec :( NZ
Post a Comment