Thursday, November 29, 2012

ინდიელი ბელადი დედა

....I am poor and naked, but I am the chief of the nation. We do not want riches but we do want to train our children right. Riches would do us no good. We could not take them with us to the other world. We do not want riches. We want peace and love.

Red Cloud (Makhpiya-luta) , April, 1870

 

"წითელი ღრუბელი" ინდიელების ერთერთი ტომის, ლაკოტას, ბელადი იყო.
უცნაურია და რაღაცნაირად ეხმაურება ამ ძალიან კარგ პოსტს, ახლა რომ წავიკითხე და გონება ფიქრებით გამივსო.


რა არის იმისთვის საჭირო, რომ კარგ ადამიანებად აღზარდო შენი შვილები?..
წარმოვიდგინე ეს წითელი ბელადი, უქონელი, ფეხშიშველი და დაკაწრული, მაგრამ მაინც ბელადი და ოჯახის მამა, რომელიც თავის შვილებზე და მათ პატიოსან ადამიანებად აღზრდაზე განიცდის.
ამ სიტყვას რომ ვიხსენებ, პატიოსანს, გული მეკუმშება. ვის სჭირდება შენი პატიოსნება და კეთილი ადამიანობა ამქვეყნად? რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას ვეჩეხები ამ ცნებებისადმი ერთგულების გამო და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეზრაც ასეთი ადამიანი გამოვა და მერე მასაც გაუჩნდება მსგავსი პროტესტის გრძნობა სამყაროს სისტემის მიმართ. იმ დღეს ჩემი ქმრის დედა ამბობდა, ყველაფერი ოჯახიდან მოდის და ბავშვები ზუსტად ისეთები იზრდებიან, როგორიც მშობლები ჰყავთო. შეიძლება 100%–ით ასე არ იყოს და შვილი განსხვავებული გამოვიდეს, მაგრამ სულის სიღრმეში (რაც მერე ზედაპირზე ამოვა) მაინც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მისი მშობლები: კეთილი ან ბოღმა, მხიარული ან სევდიანი, თბილი ან გულცივი...
ჰოდა, ამაზე რომ ვფიქრობ, რაღაცნაირად გული მწყდებასავით; იმიტომ კი არა, რომ რამეს ვნანობ და სხვანაირი ხასიათის მინდა ვიყო, უბრალოდ წარმოვიდგენ, რა რთულია ცხოვრება და ბავშვებისთვის კიდევ ერთი ათასჯერ.
ამბობენ, ვითომ დიდობაა რთული და ამ დროს, გაიხსენეთ, ბავშვობის შიშები, ტკივილები. მეგობარმა მომწერა, რომ ერთხელ ბავშვის გამოყვანა დააგვიანდა სკოლიდან და რომ მივიდა, საშინელი სევდიანი თვალებით დახვდა ბავშვი, ეგონა, დაავიწყდათ და მიატოვეს.

სხვა მეგობარმა მომწერა, საერთოდ, მშობლების სენია ის, რომ ყოველთვის დამნაშავედ გრძნობენ თავს, ჩემს შვილს რაღაც დავაკელი, დრო დავკარგე, რაც მასთან უნდა გამეტარებინა და არაფერი არ გამომდისო; მერე დავფიქრდი და ნამდვილად ასეა. ცოტა დროზე დიდხანს თუ დავტოვე ეზრა საწოლში და მე ამ დროს წიგნის ბოლო თავის კითხვა დავიწყე, ან პოსტის წერა არ მივატოვე, მერე სინდისი მქენჯნის, რომ ჩემს ყველაზე მთავარ მისიას, რაც ამჟამად მაქვს, კარგად არ ვასრულებ.

იმაზე ფიქრი, რომ ეზრა გაიზრდება და ჩვენ მიმართ პრეტენზიები გაუჩნდება, ან ბევრ რამეში არ დაგვეთანხმება, საერთოდ გულს მიწურავს (დღეს სასწაულ მეტაფორებს ვიყენებ). რადგან მე თვითონ 27 წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, როგორი ძლიერია დედობრივი სიყვარული და როგორი მძიმე ტკივილი, როცა რამე შენს შვილს ეხება. ამდენივე წელი დამჭირდა, დედაჩემის ამაგი სწორად და ბოლომდე რომ გამეაზრებინა და დამეფასებინა.

ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად ვცდილობ ჩემი შვილი გენიოსი გამოვიდეს (თუ ასეთებად მხოლოდ იბადებიან?), პრინციპში, ჯერ 8 თვისაც არ არის და ყველაზე მთავარი მისთვის დროზე ჭამა და ძილი, მშობლებთან ჩახუტება და თამაშია.
მხოლოდ ის მინდა, რომ მისი შესაძლებლობები სწორად შევაფასოთ, როცა გაიზრდება და შესაბამისი მიმართულება მივცეთ, რომ ცხოვრებაში იმას მიაღწიოს, რაც ბედნიერ და კმაყოფილ ადამიანად აქცევს. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჯანსაღი თვითშეფასებისა და წარმატებულობის შეგრძნება. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, თუ თავს ოდნავ წარმატებულად არ გრძნობ, ძალიან გაგიჭირდება ცხოვრებაში.

ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ და იმავეს, რაც ზემოთ დავწერე: ბედნიერებას და ცხოვრებით კმაყოფილებას!

3 comments:

Keti said...

სოფი, მეც რომ ვფიქრობ ხოლმე, უდიდესი პასუხისმგებლობაა მშობლობა, მაგრამ ამავე დროს მგონი თავისი სიმარტივეებიც ახლავს – თუნდაც ის, რაც ეზრას ბებიას უთქვამს. ადრე წავიკითხე, არ არის აუცილებელი უთხრა ბავშვს რაღაც ასე და ასე აკეთოს, მთავარია, დაინახოს, რომ შენ ასე აკეთებ. ისინი უფროსებისგან იღებენ მაგალითს და თუ მშობელი დადებითი, კარგად აღზრდილი პიროვნებაა, შვილიც გადაიღებს მისგან ბევრ რამეს. ხანდახან შვილები მშობლებისგან ბევრად განსხვავდებიან, თუ პროტესტის გრძნობა აქვთ მათ მიმართ. მინახავს შვილები, რომლებიც მშობლების ანტიპოდები იყვნენ – მათზე უკეთესები.

დარწმუნებული ვარ, ეზრა კარგი ადამიანი გაიზრდება!
დაგვიანებით შემოვიხედე, ამიტომ ბედნიერ კვირის ბოლოს გისურვებ! :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ყოველთვის იცი ხოლმე ლამაზი რაღაცების დამატება :) მართლა ასეა, ზოგჯერ (შეიძლება ძალიანაც ხშირად) მშობლების საქციელი უფრო მკაფიო მაგალითია ბავშვისთვის, თუ როგორ მოიქცეს, ვიდრე ლექციების წაკითხვა. გენეტიკა = ჭეშმარიტებას.

ასე იყოს!!! მადლობა და შენც ასევე, ბედნიერი დასვენების დღეები გქონდეს.

Anonymous said...

sophie,ra kargi ikneboda rom bevri deda pikrobdes ase rogorc shen pikrob am sakitxebze...mashin albat msopliots sxvanairi ikneboda...me piradad sul mjera kvela adamianshi positiuri satskisebis arsebobis,sul minda kvela adamianshi upirvelesad kargi mxrit davinaxo.ar vici es tsudia tu kargi,xshirad amas bevri gulistkena da imedgatsruebac mohkolia.mainc ver vicvlebi,ra vkna.aba karg kviris bolos gisurveb,imedia leipzigshi uketesi amindebi dadgeba da shexvedrasats movaxerxebt,Nanuka