Thursday, June 27, 2013

"ქალების ოთახი" – მერვე პოსტი

დიპლომებიანი გოგოს გაბრაზებული პოსტი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე თვალი მოვკარი ლინკს “ზაზა ფაჩულია ნანუკას შოუში.” ალბათ არც გავხსნიდი ვიდეოს, რადგან არც ნანუკა მაინტერესებს დიდად და არც კალათბურთი, რომ არა ვიდეოზე დართული კომენტარები, თუ “რა გადასარევი ბიჭია ზაზა, ჭკვიანი, ზომიერი, კეთილი, ადექვატური, ნორმალური იუმორის გრძნობით. შესანიშნავი ოჯახიც ჰყოლია, ულამაზესი ცოლი და შვილები, კარგი დედა. სამაგალითო ოჯახის შთაბეჭდილება დატოვეს. ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ.” რახან ეს კომენტარი ეკუთვნოდა ახალგაზრდა, დამოუკიდებელ, განათლებულ ქალს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, გადავწყვიტე მენახა ვიდეო და საკუთარი თვალით მეხილა ეს სამაგალითო ოჯახი. ზოგადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ოჯახი შეიძლება იდეალური იყოს. არც მინდა ასეთი ოჯახი. თუმცა, ძალიან გამიხარდა, რომ ერთი კარგი ოჯახი არსებობს.

მოკლედ, ვუყურე ნანუკას შოუს დაახლოებით ნახევარსაათიან მონაკვეთს ზაზა ფაჩულიას და მისი ოჯახის შესახებ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ წამყვანმა არ იკითხა მართლა მოსთხოვა თუ არა კალათბურთელმა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე მეუღლეს ცეკვისთვის თავის დანებება. წყვილმა დაადასტურა, რომ გოგონამ ცეკვას მეუღლის მოთხოვნით დაანება თავი. ეს იყო და ეს, ჩემი დადებითი გრძნობები ოჯახის მიმართ, უფრო სწორედ “ოჯახის უფროსის” მიმართ, უგზოუკვლოდ გაქრა.
რა თქმა უნდა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მეც ბევრი რამ დამითმია სიყვარულის გამო, თუმცა ერთი განსხვავებით – ჩემთვის არავის არაფერი მოუთხოვია, მით უმეტეს, ჩემი საქმისთვის თავის დანებება. 

შეიძლება ამ ფაქტზე იმიტომ გავწიწმატდი, რომ ჩემს გარშემო ბევრი ქალია, ვისაც პროფესიაზე უარის თქმა მოუწია ერთი მიზეზის გამო – რადგან ქმარს ასე სურდა. მათ შორის არის მამიდაჩემი, რომელმაც ოცი წელი უმუშევრად გაატარა, და ქმრის გარდაცვალების შემდეგ უმწეოდ დარჩენილმა წარმატებით მოახერხა კარიერის დაწყება, და დეიდაჩემი, რომელმაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ რამდენიმე წელი იმუშავა, გათხოვებამდე რასაკვირველია. დაქორწინების შემდეგ ერთი ქმრის პირადი მზარეული, მეორე კი ბავშვების აღმზრდელი გახდა. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, რომ ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. ულტიმატუმი წაუყენეს ორივეს.

მეორე უკიდურესობა ქართულ ოჯახებში ცხენივით მუშა ქალი და უსაქმური კაცია, და ამის მაგალითები ძალიან ბევრია, თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა :) 

ნანუკას შოუში მოსმენილმა განსაკუთრებით იმიტომ გამაბრაზა, რომ საქმე არა 20-30 წლის წინ შექმნილ ოჯახს ეხება, არამედ ახალგაზრდა წყვილს. რატომღაც მეგონა და იმედი მქონდა, რომ ეს მავნე ტრადიცია წარსულს ჩაბარდა.
არ მინდოდა რადიკალური და სასოწარკვეთილად ფემინისტური პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ რა ვქნა, ძალიან გავბრაზდი. 

გოგოებო, დროა საკუთარი თავის ფასი ვისწავლოთ და პრინციპულობა გამოვიჩინოთ.

P.S. მე კი, სამდიპლომიანმა, კაიოჯახიშვილმა, ვისოჯახშიცმეშევალ ქალმა იოლი გამოსავალი ვიპოვე – არაქართველი ბიჭი ;)



5 comments:

Tina Nadiradze said...

პოსტი რომ წავიკითხე, ფანჯარა ჩავხურე და ფეისბუქზე მამა თეოდორე გიგნაძის სტატუსი დამხვდა. ისე დაემთხვა ამ პოსტის შინაარსს და უაღრესად აქტუალურ თემას, რომ არ შემიძლია, ციტირება არ გავაკეთო:
"არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა."
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

როდის გაიგებს ახლა ამას ქართველი კაცი? გინდა ძველი თაობა იყოს, გინდა ახალი... უფროსობა ჰგონიათ კაიკაცობა.

მარიამ ბლანკი¹³ said...

ასეთი ისტორიები ისეთ აგრესიას მიჩენს რომ მზად ვარ ნებისმიერ ამ აზრის მომხრეს ყელი გამოვღადრო, შემდეგ კი მახსენდება - ყველას აქვს ის რასაც იმსახურებს.

ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ აფასებს თავისუფლებას, ვერ ხვდება რომ ჯერ ის და ამის პარალელურად ყველა სხვა ღირსია იყოს მონა, დადიოდეს სხვის აზრზე და ბოლოს არაფრად არ ღირდეს.

Anonymous said...

მე გახლავართ ერთ-ერთი ასეთი უპრინციპო ქალთაგანი.

სამწუხაროდ მეგონა ყველაფერზე უარის თქმას შევძლებდი ოღონდ ის მყოლოდა გვერდით. ეხლა ვხდები რომ გული საშინლად მწყდება. თავს შეუმდგარ და არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ. აგრესია მიჩნდება ყველას და განსაკუთრებით მის მიმართ.

ერთი ვიცი: უკან რომ დამაბრუნოთ, იგივეს აღარ გავიმეორებ.

Keti said...

მეც ვნახე ეგ მონაკვეთი და პროფესიისთვის თავის დანებების მოთხოვნის გარდა, გამაღიზიანა იმან, რომ ფაჩულიას ქორწინებამდე კიდევ ერთი მოთხოვნა ჰქონდა და ახლაც აქვს ცოლის მიმართ – გაუჩინოს ბევრი შვილი. ამ მოთხოვნას უერთდება დედამთილიც.
საერთოდ, მსგავსი მოთხოვნები ძალიან მიუღებელია.
ნებისმიერ ქალს ვურჩევდი, გამონახონ თავისი საქმე და ნუ იქნებიან მხოლოდ დიასახლისები, მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისობა ცუდი არაა და უდიდესი შრომაა. ცხოვრება მოკლეა და საჭიროა სხვა ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებაც, რაც გვაქვს.

Linda said...

ყველაზე სასაცილო ისაა, ისეთი გოგოები რომლებიც ქმრის მოთხოვნით რამეს ანებებენ თავს ხშირად მერე ამბობენ ხოლმე : მაინც ვერაფერს მივაღწევდი, მშვენიერი ცხოვრება მაქვს, არაფერი მაკლია.

თვითშეფასება აბსოლიტური ნული :შ :(