შალომ ალეიხემის მოთხრობებს ვკითხულობ, ხან მეცინება, ხან ტირილი მინდა და ხანაც – ნერვები მეშლება სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც ისეთივე ძველია სამყაროში, როგორც თავად სამყარო.
მიუზიკლი "მევიოლინე სახურავზე" ნანახი გექნებათ, ზუსტად ამ ავტორის ნაწარმოების, "მერძევე ტევიეს", მიხედვითაა დადგმული, სათაური კი მარკ შაგალის ნახატის შეურჩიეს.
მარკ შაგალის "მევიოლინე სახურავზე"
მოქმედება დასავლეთ უკრაინის ერთერთ სოფელში ხდება, სადაც ღარიბი მერძევე ტევიე და მისი ოჯახი ცხოვრობენ და ოჯახის მამა ცდილობს, როგორმე ფული იშოვოს და შვილებს საჭმელი არ მოაკლოს. ხუთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ჰყავს, "ხასიათიანი" ცოლი გოლდა და ერთიც, ერთგული ბებერი ცხენი.
ხაიმ ტოპოლი – ყველაზე "ნამდვილი" ტევიე–მერძევე
ძალიან კოლორიტული მოთხრობაა. განსაკუთრებით ჩემთვისაა ბევრი რამე საკვირველი, საქართველოს შვილისთვის, და უცნაურიც, რადგან ქართველი ებრაელები აბსოლუტურად განსხვავებულად ცხოვრობდნენ აშკენაზებისგან, სამაგიეროდ ჩემი ქმრის ოჯახთან იმდენი საერთოს პოვნა შეიძლება, ზუსტად ამ მომენტებზე მეცინება ხოლმე.
მაგალითად ძალიან გამიკვირდა (ისტორიიდან მანამდეც ვიცოდი, ბუნებრივია, მაგრამ ამ მოთხრობაში პირველი პირისგან მოყოლილი ამბები ისე რეალურად აღიქმება, სულ სხვაა, ვიდრე მშრალი ისტორიული ქრონიკა), რომ ადამიანებს ძალიან უჭირდათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რუსეთის ცარის გადაგდებისა და რევოლუციის სიმართლეში. მერე როგორ წარიმართა ყველაფერი, სხვა ამბავია, მაგრამ თუ წარმოიდგენთ იმას, რომ მოსახლეობის 90% მშიერი იყო და დანარჩენი ელიტა კიდევ რძეში ბანაობდა, ნიკოლოზ მეორისა და მთელი მისი ოჯახის განადგურებაც ისეთ საშინელებად აღარ მოგეჩვენებათ.
შოლომ ალეიხემიც უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა, ტევიესგან განსხვავებით, შეძლებულ ოჯახში (სხვა შემთხვევაში, საეჭვოა, განათლება მიეღო და მწერალი გამხდარიყო იმ პერიოდში), თუმცა მალე მამამისმა ქონება დაკარგა და მწერალმა მაშინ შეიგრძნო ნამდვილი რეალობა. მერე ოდესის პოგრომის მომსწრეც გახდა და სასწაულად გადარჩენილი ამერიკაში გადაიხვეწა.
ამ ყველაფერს რომ ვკითხულობ, არც ვიცი, რა ვთქვა: სიღარიბე, ჩაგვრა, პოგრომები და ანტისემიტიზმი...
როგორც თორაში წერია, "როცა უნდა წაგიყვანს [ღმ–ერთი] და როცა უნდა, გაგაჩერებსო" – მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ყველაფრის პასუხი.
ისეთი სუსტები ვართ ადამიანები, ამ დროს დიდ ვინმეებად მიგვაჩნია თავები და თმის ერთ ღერსაც ვერ ჩამოვიგდებთ თავიდან ღმ–ერთის ნების გარეშე (ეს, ვიცი, სულ სხვაგან წერია, მაგრამ სიმართლე სიმართლეა).





6 comments:
რა ამის პასუხია და ახლახანს წავიკითხე 2 სოციალისტური რომანი. ნორვეგიელი ვიგერუსტის კოვბოური რომანი და დანიელი ანდერსენ ნექსეს "დიტე - ადამის შვილი". ჰოდა ასეთივე სიღარიბეა დიტესთანაც, რა საშინლად ცხოვრობდნენ სკანდინავიელებიც, დიტე 25 წლის ასაკში მოკვდა შრომისგან...
როდე, ძალიან დამაინტერესა შენმა ნახსენებმა წიგნებმა, უნდა მოვიძიო. მადლობა.
მიყვარს ეს მიუზიკლი <3
რაღაც ძალიან ზუსტი ტიპაჟები, ძალიან ნამდვილი სიტუაცია და სევდიანი, მაგრამ რაღაც მაინც იმედიანი ფინალი...
თამარა, როგორ გამიხარდა შენი კომენტარი ამ პოსტზე.
ძალიან ზუსტი, რა კარგი სიტყვა მონახე და სასწაულად სევდიანი. ხო, დასასრული იმედიანია ცხოვრებასავით :)
რას ამბობ, ისეთი ემოციებით ვუყურებდი...
სოფი, საპასუხო კომენტარის დაწერა მინდოდა, მაგრამ შუა გზაზე შევწყვიტე, თუ არ გეწყინება, პოსტად დავწერ ამ მიუზიკლზე :)
თამარ, სიამოვნებით წავიკითხავ!!!
Post a Comment