1. დღეს ერთი გოგოს მოკითხვა მომინდა, რომელიც, გავიგე, ავად ყოფილა ერთი თვის წინ (არაფერი სასიცოცხლოდ სერიოზული) და მერე უცებ გამახსენდა, ერთხელ როგორ ამიბზუა ცხვირი და ნორმალურად არ მომესალმა, ჰოდა აკრეფილი წერილი მაშინვე წავშალე სამუდამოდ.
ჩემი ქმარი მეტყვის ხოლმე, რატომ იცი ასე "გამოკიდება" და წარსული წყენების გახსენება, შენ ისე მოიქეცი, როგორც სწორია და სხვა კიდევ ისევ მოიქცეს, როგორც უნდაო.
მე კიდევ არ შემიძლია.
სასწაულად ვიცი ყველაფრის დამახსოვრება, სიკეთისაც და არასიკეთისაც. როგორც ერთი მემახსოვრება და სამარადჟამოდ ვიქნები მადლიერი, ასევე – მეორე და ყოველთვის ამომიტივტივდება გულშიც და გონებაშიც.
ზუსტად ასე მოხდა დღესაც და იმ გოგომაც ჩემგან წერილი ვერ მიიღო.
ალბათ ძალიან ცუდი თვისებაა; ადამიანი ხომ, პირიქით, უნდა ცდილობდეს დიდსულოვანი იყოს და დაივიწყოს წყენები, გულისტკენები და ადამიანებს აპატიოს. მე კიდევ მხოლოდ იმათ ვპატიობ, ვისთანაც მერე, სავარაუდოდ, აღარ ვიურთიერთებ.
2. იმ დღეს კიდევ, ერთი ჩემი ყოფილი ძალიან საყვარელი და ახლო მეგობარი გამახსენდა, ჰოდა უცებ მომინდა, დამერეკა და გაგვეხსენებინა ამბები, გვეცინა. უკვე ტელეფონი მეჭირა ხელში, რომ ბახ, გამახსენდა: არც ქორწილის წინ დაურეკავს ჩემთვის, არც ეზრას დაბადება მოულოცია და საერთოდ, მგონი, მხოლოდ მე მიმაჩნდა მეგობრად.
რაც უფრო გიყვარს ადამიანი და ყველაზე ტკბილი დრო გაქვს გატარებული, უფრო მეტად გწყინს მისგან ყველაფერი და უფრო ადვილია დაშორება. ცუდი ამბავია, მაგრამ ფაქტია.
იმ დროს, როცა სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვურეკავდი მისთვის მძიმე წუთებში.
ასეთ დროს თავი შტერი მგონია ხოლმე :/
საერთოდაც, გეტყვით, რომ ნამდვილი მეგობრები მაშინ გავიცანი, როცა ქორწილის წინ კაციშილს არ დაურეკავს ჩემთვის – მხოლოდ ჩემმა "ჯარისკაცმა" დამირეკა ისრაელიდან და ორსულად რომ ვიყავი, მხოლოდ ის მამხნევებდა (და გულს მიკეთებდა), რომ ლამაზი ვიყავი (კეთილი ტყუილი იყო, ვიცი, მაგრამ გასიებულ მეს ჰაერივით სჭირდებოდა).
უცნაური არ არის, რომ ადამიანების უმეტესობას ჰგონია, უცხოეთში წასული მეგობრისთვის დარეკვა ტაბუა და მხოლოდ მან უნდა დაურეკოს??? თქვენც გამოგიცდიათ? :| არადა, საქართველოდან ისეთი ძვირიც არაა სახლის ტელეფონიდან უცხოეთში დარეკვა, ბევრჯერ დამირეკავს მანდედან და ორ სიტყვაში, მაქსიმუმ, ორი ლარი დაწერილიყო.
3. იქით ბლოგზე დავწერე, თუ ახლა რა თვე მიდის ჩვენთან და რისკენ უნდა ვისწრაფოდე. აქ უფრო მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, მომავალ წელს დიდსულოვანი ვიყო და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წყენა დავივიწყო. პირველ გოგოსაც მივწერო წერილი და მეორესაც დავურეკო ქორწილის წინ, რომელიც, იმედია, მალე ექნება.
8 comments:
ისე კარგად მესმის შენი, სოფი. მეც გადამიფიქრებია ხანდახან ზოგიერთებთან დაკავშირება. თუმცა წვრილმან უყურადღებობებზე ხანდახან დამიხუჭავს თვალი. მგონია, რომ ამ დროს ის ადამიანი შეიძლება მიხვდეს ყურადღების ფასს და თუ მაინც არაფერი იცვლება, მერე კი ვივიწყებ ხოლმე :)
ქეთი, წვრილმანებზე, რა თქმა უნდა... თუმცა, ხომ არის ბევრი ისეთი წვრილმანი, რომ "მსხვილმანზე" მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს?
უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი თუ ერთხელ ვერ მიხვდა, შემდეგ ჯერებზეც გაუჭირდება გაგება.
წყენა რომ მალე მივლის და დროის შემდეგ მეცინება კიდეც ჩემს სიბრაზეზე, მაშინ ვხვდები, როგორ მიყვარს ის კონკრეტული ადამიანი. არც ისე ახლობლებთან მიმართებაში ... რა ვიცი, უბრალოდ არაფერს არ განვიცდი, არავითარ გრძნობას.
ეჰ, ჩემს გარშემო მხოლოდ ორი ადამიანია, მეგობარი რომელსაც მასე არ ჰგონია. ძალიან ბევრი "მეგობარი" დავკარგე იმის გამო რომ მხოლოდ ჩემგან ელოდნენ ინიციატივას.
ერთ შემთვევას დავწერ. ერთ ჩამოსვლაზე, ჩემ მეგობარს ბევრი ვურეკე და ხან სად დავპატიჟე სანახავად, ხან სად. დღისით სხლში იშვიათად იყო და ვერ ავიდოდი მასთან გვიან ღამე. იმან ხან რა მოიმიზეზა და ხან რა, ძირითადად ვიღაც ბიჭს ხვდებოდა და ის იყო მიზეზი. ბოლოს როგორც იქნა შევხვდი.
მერე ჩამოსვლაზე საერთოდ აღარ დამირეკია და მითქვია შეხვედრა. დედამისი შემხვდა და მოკითხვა დავაბარე უბრალოდ. ხოდა უკვე აქ სალხში რომ ვიყავი, დამირეკა და გამომლანძღა - თავს იფასებო, მე, ჩემი ქმარი და ბავშვი უნდა გხლებოდითო სანახავადო? აი ასე მითხრა. მას შემდეგ არც დავლაპარაკებივარ და არც მადარდებს როგორაა. ყველაფერს აქვს ზომა და წონა.
თიკო, მეც ყველაზე მეტად ახლობლებისგან მწყინს და რაც უფრო მიყვარს, უფრო მეტად ვბრაზდები.
:)
@Toma, კარგიცაა, თავისი ნამდვილი სახე რომ დაუნახებია იმ "მეგობარს" შენთვის. მძულს ასეთი რაღაცები.
თუ ნამდვილი მეგობრობაა და ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა ეძვირფასებათ, წყენაც გაივლის და ორივე მხარე წავა კომპრომისზე; ბოდიშსაც მოუხდის ერთმანეთს. ეს გამოლანძღვა კიდევ რა სიმდაბლეა :|
უცნაური არ არის, რომ ადამიანების უმეტესობას ჰგონია, უცხოეთში წასული მეგობრისთვის დარეკვა ტაბუა და მხოლოდ მან უნდა დაურეკოს??? თქვენც გამოგიცდიათ? :|
სამწუხაროდ გამოვცადე... და ბევრ რამეზე დამაფიქრა... თუმცა ნამდვილი მეგობრები (მეგობარი) სულ მირეკავს და ხშირად მგონია არც გვაშორებს უამრავი კილომეტრი ერთმანეთს :)
როგორ კარგად მესმის შენი! ისე დაემთხვა, სწორედ ახლა მაქვს მე ნამდვილი მეგობრების ამოცნობის მომენტი! ერთ წყვილთან ვმეგობრობდი დიდი ხანია, არაჩვეულებრივი ურთერთობა გვქონდა, ისეთი ხათრი მქონდა, რომ ეთხოვათ ახლა ფანჯარა გააღე და გადახტიო, მაგასაც შევუსრულებდი, ალბათ! ისე მოხდა, რომ ამჯერად მე დამჭირდა რაღაც და პირველად, მე თვითონ ვთხოვე რაღაცის გაკეთება! შემპირდნენ, კიო, მაგრამ ორივემ დაიკიდა! ჰოდა, რა ქვია ამ ურთიერთობას ამ ყველაფრის შემდეგ?!
Post a Comment