აცრებს უკვე აგვისტოში მოვრჩით, როცა ოთხი თვის გახდა ეზრა და ახლა ერთ წლამდე ისვენებს. პატარა საყვარელ ბარძაყებში უკეთებდნენ ნემსებს და ისე, გულამოსკვნილ–ინტელიგენტურად იწყებდა ტირილს, ჯობდა კატასავით ეჩხავლა.
ექიმის ყოველ ვიზიტზე ჩვენი მთავარი შეკითხვაა, რატომ გვიჭირს ასე მისი დაძინება და მით უმეტეს ძილის გრაფიკის შედგენა. მილიონი მეთოდი ვცადეთ და ბოლოს იქამდე მივედით, რომ ბოლო ორი კვირაა, ეზრა ღამით მხოლოდ ჩემთან ჩახუტებული იძინებს და თუ ტირილს იწყებს, ჩემ გარდა კაციშვილი ვერ აჩერებს. ექიმმა დაგვამშვიდა, რომ ახლა "გარდამავალ" პერიოდშია, უკვე ყველაფერს დიდი ადამიანივით ხედავს, ესმის და ბავშვი იმდენად იტვირთება მთელი დღე შთაბეჭდილებებით, რომ ღამით ეს ყველაფერი ესიზმრება და აშფოთებს. ამასთან ერთად, ყველაზე კარგი პასუხი, როგორც ყოველთვის, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი მეტად ემოციური, ზოგი – ნაკლებად და ბუნებრივია, ჩვენი შვილი სხვანაირი ვერ გამოვიდოდა. მართალია, ჩემი ქმარი ჩემზე ბევრად მშვიდი და გაწონასწორებულია, მაგრამ ისიც საკმაოდ სახასიათო ადამიანია.
პედიატრთან ვიზიტის შემდეგ, მე მქონდა კიდევ სხვა ექიმთან შეხვედრა და ამიტომ ეზრა ბებიას დავუტოვეთ. იქიდან კიდევ ლაიპციგში ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში გადავწყვიტეთ შევლა და ზამთრის თბილი ქურთუკი ვიყიდეთ, რადგან ჩემი ძველი პალტო სასწაულად მადგას ტანზე (რა გასაკვირია, მშობიარობის შემდეგ 38 ზომიდან 42–ზე გადავედი :/ ) და გადასაგდებია. უკვე სახლში ვბრუნდებოდი, რომ ჩემი ქმრის დედას დავურეკე ამბების გასაგებად და სანამ ხმას ამოიღებდა, გავიგონე ეზრას, ამჯერად უკვე არაინტელიგენტური, ბღავილი. მერე მთელი საღამო, დაძინებამდე, "კენგურუში" მეჯდა და კატლეტს ისე ვწვავდი, არავისთან არ უნდოდა ყოფნა. მეჯდა ასე, იქნევდა ფეხებს და მაიმუნობდა.
[ამ კენგურუზე მინდოდა დამეწერა ისე, ჯერ ორი თვის არ იყო ეზრა, Babybjörn რომ ვუყიდეთ. უფრო სწორად, მე მაქვს organic cotton–ის მანია და მეთქი, აუცილებლად უნდა ვიყიდო და ეზრა ასე ვატარო. მაგრამ პატარა როცა იყო, მაშინ დიდად არ მოსწონდა, ახლა კიდევ, როცა უკვე დამძიმდა, სასწაულად მოსწონს ჩემზე ჩამოკიდება და მე აღარ შემიძლია დიდხანს მისი ტარება. მშვენიერი შვედური ფირმაა ეს Babybjörn, არ ვერჩი, ბავშვის ხერხემლისა და ფეხებისთვის იდეალური, სამაგიეროდ, დედის ბეჭების მტერი. ამიტომ, არ ვურჩევდი მომავალ დედებს ამ კენგურუს ყიდვას.]
ძალიან საინტერესოა, როგორ იზრდება და იცვლება შენი შვილი ყოველდღე. სხვადასხვა ეტაპებს გადის, ხან რას სწავლობს, ხან რას ივიწყებს და სხვანაირი ხდება; ხან სასწაულად გღლის და მეტი ბავშვის გაგონებაც აღარ გინდა, ხან კიდევ ისეთი საყვარელია, აღარ გახსოვს, მანამდე როგორ ცხოვრობდი მის გარეშე და გინდა, მინიმუმ, ერთი ოთხი ცალი მსგავსი კიდევ გააჩინო.
ხან როცა ვესაუბრები, ზის და მიყურებს ჭკვიანურად, მერე იცინის და მეც მგონია, რომ ესმის, რას ვეუბნები. მეორე წუთში ისეთ ტირილს ატეხს, არ ვიცი, როგორ გავაჩუმო და მაშინ ვხვდები, რომ ჯერ არაფერი ესმის და კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება. ბავშვებს ხომ ეგოისტური, დანაყრებულობის ინსტინქტების გარდა არაფერი ესმით.
გაიზარდე, ეზრა და კარგი ადამიანი იყავი!



12 comments:
ვაიმე, ეზრა! რა სასწაული ბავშია, გული დამიდნა პირდაპირ! კიდევ უფრო შემიყვარდა, როგორც იქნა, რეალურად რომ ვიხილე :)
ორი კვირაა, ეზრა ღამით მხოლოდ ჩემთან ჩახუტებული იძინებს და თუ ტირილს იწყებს, ჩემ გარდა კაციშვილი ვერ აჩერებს. - ასე მგონია მე ვწერ ამას, წლის და 4 თვისაა და დღემდე ასეა ჩემი შვილი, დღე ყველა უყვარს და ყველასთან ჩერდება, ღამე მხოლოდ მე. თუ გაიღვიძა და არ დავხვდი მტრისას... არ ვიცი როგორ აჩვევენ სხვები ამ ბავშვებს მარტო დაძინებას
ეზრა, ეზრა :*
Sophie, gamarjoba, am ramdenime xnis cin gtserdi mailze rom shetanxmebisamebr mogvelaparaka shexvedraze. imedia miige es mail da gakvs survili da shesadzlebloba shexvedris. me dzalian, dzalian moxaruli viknebi tu gagicnob, vimedovneb rom shemexmianebi,lg Nanuka
@ Nanuka, ai postic ki dagiwere amastan dakavshirebit :))) http://norteri.blogspot.de/2012/10/blog-post_27.html
საყვარელი ბაჩაჩქუნაა! გაიზარდოს დიდი ბიჭი! :)
Sophie,sakvareli xar dzalian,ra tkma unda axlave mogcer e-mails,Nanuka
რა საყვარელი პატარა გყავს! <3
რა კარგია, ფოტოები რომ დადე, სოფი...
გაიზარდოს ეზრა დიდი და ბედნიერი ბიჭი!
რა საყვარელიააა :*
დიდი მადლობა ყველას!!! მესიამოვნა კეთილი სურვილები და თქვენც ბედნიერები იყავით მუდამ!!!
მარიამმაც დაიწყო ჩემზე მოწებებულობი, ეტყობა, რომ იზრდებიან, უფრო მეტად უნდათ დედა და სითბო, მარა ამის სურვილები მარტო დღე რეალიზდება და ხშირად ამყავს და სულ გვერდით მყავს, ღამე მკაცრად თავის საწოლში ძინავს.
@ნასტასია, ხო, რაც უფრო იზრდებიან და ყველაფრის შემჩნევას იწყებენ, "პრობლემებიც" იწყება :დ ეზრასაც 5 თვე თავის საწოლში ეძინა და უკვე მეორე თვეა ღამით მხოლოდ ჩემთან იძინებს :|
Post a Comment