მე, როგორც, მილიონი უცხოური ბლოგის მკითხველს, გული მწყდება საქართველოში ცოტა საინტერესო ბლოგი რომ არსებობს (ან უბრალოდ, მე არ აღმომიჩენია ბევრი). ხალხი ისეთ საინტერესო რაღაცებს წერს, მთელი სამეზობლო–სამეგობრო აქვთ შექმნილი, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, სხვადასხვა პროექტებს იგონებენ, წერენ და სიამოვნებას ანიჭებენ სხვებსაც და თვითონაც გულს (ან "თავის ჭიას", როგორც ჩვენთან იტყვიან) იხარებენ :)
მუჰამედისა და მთისა არ იყოს, ავდგები და მეც განვაგრძობ რაღაცების მოგონებას, წერას და ახალ–ახალი პროექტების გაკეთებას, რომელიც ყველას გაგვახალისებს და იქნებ, ზოგმა საინტერესო რამეებიც კი იპოვოს მსგავს პოსტებში.
მოკლედ, კვირაში ერთხელ (ძალიან შევეცდები), დავწერ პოსტს "5 ფავორიტი", სადაც ვისაუბრებ ჩემს იმ პერიოდის 5 საინტერესო, მოსაწონ ფილმზე, წიგნზე, მუსიკაზე და არა მხოლოდ, ასევე ამინდზე, ბავშვებზე, მშობიარობაზე, ლაქტაციის სიკეთესა და ბუნებრივია, შამპუნებზეც (ამის გარეშე ვინ ცხოვრობს!) :))))
ესეც პროექტის პირველი 5 ფავორიტი:
1. "კაბარე"
The continent of Europe is so wide, mein Herr...
არ ვიცი, თქვენთვის სალი ბოულსის სახელი რამეს თუ ნიშნავს, მაგრამ მეც კი, ადამიანს, რომელსაც "კაბარე" მინიმუმ 10–ჯერ აქვს ნანახი და მის გმირებთან ერთად უცინია გიჟივით, ხანაც უტირია, სანამ ავტორმა სალის მწვანედ შეღებილი ფრჩხილები არ ახსენა, ვერაფრით გავიხსენე, რატომ მეცნობოდა წიგნში ეს სახელი.
თურმე იმიტომ, რომ ლაიზა მინელის სასწაულად ცნობილი სახასიათო როლი სასაცილო და ქარაფშუტა კაბარეს მომღერლისა, ინგლისელი მწერლის, კრისტოფერ იშერვუდის 1939 წელს დაწერილი მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი.
"ბერლინთან დამშვიდობება" ("Goodbye to Berlin"-ის ჩემეული თარგმანი) ინგლისელი მწერლის, კრისტოფერ იშერვუდის მოთხრობების კრებულია. შეიძლება ერთგვარ მემუარებადაც ჩაითვალოს, თუმცა თავად მწერალი შესავალშივე ეუბნება მკითხველს, რომ ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება.
კრისტოფერ იშერვუდი (და მისი წიგნის მთხრობელიც) 30–იან წლებში ბერლინში ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა; სწორედ ამ პერიოდის ცხოვრება აქვს კიდეც აღწერილი: ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ყოფა, მათი ცხოვრების ისტორია, ვნებები, მისწრაფებები, სურვილები. პარალელურად, ძალიან მსუბუქად ჰყვება ნაციზმის აღზევებაზე, ეკონომიკის დაცემასა და ებრაელებისადმი სიძულვილზე, რომელმაც გერმანელებს ელექტროშოკივით ძარღვებში დაუარათ და ბევრ რამეზე არც დაფიქრებულან.
ვისაც თანამედროვე ლიტერატურა აინტერესებს, თანაც წლინახევრის აქტიური ბავშვი ჰყავს და სწრაფად კითხვის ოსტატია, ძალიან მოეწონება.
2. H&M Conscious Initiative
ადრეც მითქვამს, რომ ხშირად ვყიდულობ ჰ&მ–ში ტანსაცმელს. ყველა საშუალო კლასის ადამიანი ყიდულობს. გასაგებია, რომ ხარისხი უმეტესად ნაგვურია, მაგრამ იაფი და თუ ჰენესი და მორიტცი კარგ ხასიათზე "დაგხვდნენ", შეიძლება კარგი ხარისხის რაღაცებიც გამოურიონ და ტანსაცმელმა იმაზე დიდხანს გაგიძლოს (არ გაიწელოს, არ აიბურძგნოს ორჯერ გარეცხვის მერე), ვიდრე იმედოვნებდი.
ეზრასთვისაც უმეტესად იქ ვყიდულობ ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ სასწაულად სწრაფად იზრდება და სხვა მაღაზიებთან შედარებით, ბავშვების ტანსაცმელი ყველაზე იაფია. ერთადერთი, ფეხსაცმლის ყიდვაზე აქ არც იფიქროთ, ნამდვილი ნაგავია და თანაც ბავშვს კარგი ხარისხის ფეხსაცმელი უნდა ჰქონდეს, რომ ნორმალურად ისუნთქოს ტერფმა და სირბილითაც რბილად და კარგად ირბინოს.
წინა კვირას აღმოვაჩინე, ასეთი ინიციატივა/აქცია გაუკეთებია ჰ&მ–ს, რომ მიგაქვს შენი ძველი ტანსაცმელი (დღეში 2 პაკეტის მიტანა შეგიძლია), აბარებ და ისინი 15%–იანი ფასდაკლების კუპონს გაძლევენ თითო პაკეტ ტანსაცმელზე.
ნუ განსჯით და მეც მეზარება, რამდენად მარკეტინგულად კარგად გათვლილი ნაბიჯია მათი მხრიდან, მაგრამ მე ის მომეწონა, რომ ჩემს ძველ ტანსაცმელს უბრალოდ კი აღარ გადავყრი სპეციალურ კონტეინერში, ჩვენი ქუჩის დასაწყისში რომ დგას, მაღაზიაში ჩავაბარებ და სანაცვლოდ, კიდევ ახალ "ნაჭრებს" ვიყიდი :ლოლ: ის მამშვიდებს, რომ ნახმარ ტანსაცმელს ამუშავებენ და ბევრ სასარგებლო რამეს აკეთებენ.
გერმანიაში ზემოთ ხსენებულ კონტეინერებში გადაყრილ ტანსაცმელსაც სასარგებლოდ იყენებენ, მაგრამ ადამიანების ანგარებიანობისა ხომ იცით, დღევანდელი კვერცხი/15%–იანი ფასდაკლების კუპონი გირჩევნია ხვალინდელ ქათამს, თუ როგორცაა ეგ ამბავი.
3. The Hour
ამ ეპიზოდების ყურება თავიდან რომოლა გარაის (მგონი, უფრო გერია სწორი) გამო დავიწყე, რომელიც ძალიან მომწონს. მერე გავიგე და გავოცდი, რომ ის მეორე, სასწაულად სიმპათიური შავგვრემანი გოგო, უნა ჩაპლინი ყოფილა, დიახ, დიდი ჩარლის შვილიშვილი და ჯერალდინის შვილი, ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი ფლამენკოს მოცეკვავე უნა, ირლანდიური მხოლოდ ბებიის სახელი რომ აქვს.
4. ბლოგი
ამ ეტაპზე ტომას ბლოგი მომწონს ძალიან. ჯერ ერთი ძალიან დიდი ხანია, რაც მისი ბლოგი არსებობს და მე ვკითხულობ. თითქოს ჩვენი ბლოგები ერთად იზრდებოდნენ, ისეთი შეგრძნება მაქვს. მეორე, სასწაული პასუხისმგებლობის მქონე და შრომისმოყვარე ადამიანი ჩანს. მესამე, უცხოეთში ცხოვრობს დიდი ხანია, ისიც გაყინულ ჩრდილოეთში და მგონია, ყველა სამშობლოდან შორს წასულის კარგად მესმის. მეოთხე, მომწონს მისი ყოველდღიური ცხოვრების პოსტები, ყვავილების სურათები, ახალი სახლის მოსაწყობი ფორიაქი... მოკლედ, ამ კვირაში ჩემი ფავორიტი ბლოგია "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა".
5. შამპუნი
ტყუილად არ მიხსენებია.
მთელი ცხოვრება ვეძებ ისეთ შამპუნს, რომლით თავის დაბანაც მესიამოვნება. ანუ დაბანის შემდეგ თმა ზუსტად ისე იქნება, როგორც მე მომწონს: ბუნებრივად აფოფრილი.
როგორც იქნა, ვიპოვე.
საბავშვო გელი–შამპუნი, ჩვენი საყვარელი ფირმა Hipp–ისგან (ეზრას დაბადების დღეზე საჩუქრებიც კი გამოუგზავნეს, რადგან ორსულობისას დავრეგისტრირდი მათ საიტზე და სასწაულად ყურადღებიანი/ჭკვიანი ფირმა გამოდგა), რომელიც თმისა და ტანისთვისაა განკუთვნილი (არა მხოლოდ ბავშვებისათვის). ძალიან ესთეტიკური ქალებისთვის, სავარაუდოდ, ეს შამპუნი არ გამოდგება, აი, ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელმაც 3 წუთში უნდა დაიბანოს თავი, 2 წუთში პირსახოცით გაიშროს (წლებია ფენი გადავაგდე) და სახლი აფეთქებას გადაარჩინოს, რადგან ეზრა კარადიდან ყველანაირ საშიშ სარეცხ საშუალებას გადმოალაგებს და გასინჯვის გარდა, ერთმანეთში შერევასა და აქაფებასაც სიამოვნებით შეეცდება, პირდაპირ მისწრება აღმოჩენაა.
სულ ეს იყო დღეისთვის და ამ კვირისთვის.
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ, შემოდგომის თბილად და ტკბილად დასრულებას!








5 comments:
როგორ მინდა ჩვენთანაც არსებობდეს ასეთი კონტეინერები, ტანსაცმლის გადაყრა მიჭირს ხოლმე და ვერც ვერავის ვთავაზობ
ტომას ბლოგი ჩემი ფავორიტიც არის :)
შესანიშნავი იდეაა, ველი მომდევნო ხუთეულებს.
მეც როგორ მიყვარს შამპუნების ცვლა და ახლების აღმოჩენა! :)
ერთხელ სტუმრად ყოფნისას მომეწონა ისეთი ტიპის შამპუნი, შენ რომ თქვი: მთელი ოჯახისთვის რომ გამოდგება, ყველა ტიპის თმისთვის. ზამთარში არ ცივდები, თუ ფენს არ ხმარობ?
ჰაჰ. მშვენიერი წამოწყებაა. მეც დავფიქრდები ჩემს ხუთეულზე :) ჩვენთან ტანსაცმლის "კონტეინერი" სოფელი, აგარაკი ან მშობლების სახლია. ამასწინად დედაჩემს ზამთრის ტანსამოსის გამოგზავნა ვთხოვე და სხვა სიკეთესთან ერთად პირველ კურსზე ნაყიდი პულოვერიც გამომიგზავნა (აერია) :) ასეთი შეხვედრა მქონდა წარსულთან.
@ქეთი, ხო ძნელია შეთავაზება :/ მეც მომერიდებოდა.
@როდე, მადლობა.
@თიკო, აი, საქართველოში სულ ფენით ვიშრობდი, მეშინოდა გაციების და აქ კიდევ ისეთ დროს ვიბან თავს, როცა ვიცი, გარეთ აღარ გავალ და სახლში კიდევ თბილა საკმარისად :)
@დათო, ჰო, ვიცი, მეცნობა ეგ ამბავი. ყოველთვის ეგრეა, ადრე ჩვენც ყველაფერი სოფელში მიგვქონდა ტანსაცმელი და მერე დეიდაჩემი ზოგჯერ უკვე თონეში წვავდა, სერიოზულად, რომ აღარ იცოდა, იმდენი ნაგავი სად წაეღო :დ
Post a Comment