მესამე დღე
ოთხშაბათი
იმ სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ომამდე სამი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა (ადრეც მაქვს ნაამბობი, ზოგს ემახსოვრება). იქიდან ორი ოჯახი, თავისი 7 წევრით სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში გაასახლეს და იქიდან აღარასოდეს დაბრუნებულან. მხოლოდ ერთმა ოჯახმა მოასწრო და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მალევე გაიქცა ამერიკაში.
დღეს მომინდა ამ ადამიანებზე წამეკითხა.
გერმანელებს კი ორგანიზებულობაში ბადალი არ ჰყავთ (იქნება ეს ნაციზმი თუ ჰუმანიზმი), არსებობს სპეციალური საიტი, სადაც შეგიძლია წაიკითხო ყველა იმ ადამიანის ბიოგრაფია, ვისი მემორიალური ქვებიც იმ სახლებიც წინაა ასფალტზე გამოსახული, სადაც ისინი ერთ დროს ცხოვრობდნენ და მეც ადვილად მივაგენი ჩვენი სახლის წარსულ ბინადრებს.
ძალიან მიყვარს ისტორია. ყოველთვის მიყვარდა, სკოლაშიც ვგიჟდებოდი, ანტიკურიდან დაწყებული უახლესით დამთავრებული. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ისტორია და გვაინტერესებდეს, ადამიანები გვახსოვდეს და განსაკუთრებით მათი ქმედებები, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ და უკეთესობისკენ ვისწრაფოდეთ.
ამიტომაც ამ საიტმა ძალიან ჩამითრია დღეს.
ძალიან სიმბოლური და ოდნავ სევდიანი დამთხვევა იყო, რომ ერთერთი ოჯახის მამაც ჩემი ქმრის პროფესიის იყო. ორი ძალიან ნიჭიერი ვაჟი ჰყავდათ, რომლებიც გერმანულ სკოლაში დადიოდნენ, სასწაულად კომუნიკაბელურები იყვნენ და ბევრი მეგობარიც ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ანტისემიტი მასწავლებელი ცუდად ექცეოდათ. რადგან სხვა მიზეზს ვერ ნახულობდნენ, ყველას თანდასწრებით მათ უცხოელებს ეძახდნენ, რომლებიც გერმანელებზე უკეთესად სწავლობდნენ და ამით ადგილობრივ მოსწავლეებს არცხვენდნენ. რა საინტერესოა, არა, ასეთი მიდგომა?
რამდენი მასწავლებელი მინახავს მეც ასეთი, ოღონდ ანტისემიტი არა, უბრალოდ ბავშვების ათვალწუნება რომ იციან და ყველანაირად ავიწროებენ, აწვალებენ, რაც უნდა ფრიადოსნები და ბეჯითები იყვნენ.
კარგია, მთლად ძალიან ბეჯითი რომ არასოდეს ვყოფილვარ ;)
მოკლედ, მინდა, ჩემი ეს პროექტი, "6 დღე კვირაში", ზუსტად ჩვენი სახლის ტრაგიკულ ბინადრებს მივუძღვნა. შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე ხომ ვიცი მათი სახელები, გვარები, ასაკი, პროფესიები, სად უყვარდათ სეირნობა და რომელ მუსიკას უსმენდნენ (ზემოთ ხსენებულ საიტზე ბევრ ადამიანზე დევს მსგავსი ინფორმაცია, იმის დასტური, რომ გერმანული დაზვერვა უმაღლეს დონეზე მუშაობდა). მხოლოდ ის არ ვიცი, ზუსტად რომელ ბინებში ცხოვრობდნენ; ცხოვრობდნენ თუ არა ჩვენს ბინაში, როგორ გამოიყურებოდნენ და რაზე ოცნებობდნენ, რისი იმედი ჰქონდათ და ალბათ როგორ ძლიერ უნდოდათ სიცოცხლე და სიხარული.
როცა მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის გერმანიაში ცხოვრება, უამრავი პასუხი მაქვს. მადლობა ღმ–ერთს, მშვენიერი ქვეყნიდან ვარ და საოცრად ფილოსემიტურ გარემოში გავიზარდე, მაგრამ ჩემი და ბევრი ჩვენნაირი ოჯახის აქ ცხოვრებით მტკიცდება, რომ არცერთი ერია ექსკლუზიური და არავინაა ვინმეზე მეტი ან ნაკლები; ყველას შეუძლია იქ იცხოვროს, სადაც სურვილი აქვს, მთავარია მშვიდობა მოჰქონდეს.
ამიტომ ჩემი მისია მშვიდობაა [რაღაც მესიასავით "ვჟღერ", მაგრამ სასწაულად დაღლილი ვარ, ბეჭები მტკივა და სხვა ვერაფერი მომიფიქრებია].
ღმ–ერთს ყოველთვის მივყავართ ადგილზე, სადაც საჭიროა და ყველამ იქ უნდა ვიცხოვროთ, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ.




4 comments:
,,ყველამ უნდა ვიცხოვროთ იქ სადაც თავს კარგად ვგრძნობთ", ოქროს სიტყვებია!:)
ძალიან მიყვარს მსგავსი ისტორიების მოსმენა. შენი სახლიც წარმოდგენილი მაქვს გონებაში და რაღაც მისტიური ადგილი მგონია, ძველებური ფართო კიბეებიანი სადარბაზოთი. ძნელი არ არის? მე რომ მანდ ვცხოვრობდე, ყოველ დღე იმ ხალხს წარმოვიდგენდი... მეგონებოდა მათი აჩრდილები სადღაც ახლოს არიან.
გერმანელები დიდი მონდომებით კი ცდილობენ ეხლა რეაბილიტაციას, მაგრამ აი ელემენტარული დაკვირვებით, ქუჩაში ბავშვებზე, ზოგჯერ დიდებზე მივსულვარ დასკვნამდე, რომ მათში დემონი ცხოვრობს.
არ დამავიწყდება თინეიჯერი გერმანელები რომლებიც ვიღაცის ფანჯრებს აფურთხებდნენ და სხვადასხვა მავნებლობებს ჩადიოდნენ. ძალიან მეშინოდა მე მაგათი. სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ ეს ჰუმანიზაცია და მოჩვნებითი ლიბერალიზმი მხოლოდ და მხოლოდ ძველი,შავი ლაქების წაშლას და ახალი იმიჯის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ღრმად მჯერა რომ გერმანელებზე სასტიკი ერი , მსოფლიოში არ არის.
მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა!
აგერ უკვე რამდენი საუკუნეა გავიძახით და ეს კაცობრიობა ვერ იქნა და ვერ დაწყნარდა -_-
ვედურ ლიტერატურაში კია ამაზე პასუხი, რატომაც, მაგრამ იქნებ როდისმე გვეღირსოს მშვიდობაც და სიყვარულიც.
"ღმ–ერთს ყოველთვის მივყავართ ადგილზე, სადაც საჭიროა და ყველამ იქ უნდა ვიცხოვროთ, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ".
გეთანხმები, სოფი
უცნაური შეგრძნება უნდა მოჰქონდეს ასეთი ისტორიის მქონე სახლში ცხოვრებას
@თი, ჰო, ისე ვყვები, მისტიურს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ნათელი სახლია და კარგი აურა აქვს, ძველი ხის კიბეებით და კიდევ უფრო ძველი ხის კარებებიანი ბინებით, მაგრამ ძველ და "creepy" სახლს არ ჰგავს. ძალიან კარგი აჩრდილები უნდა იყვნენ, თუ არიან :)
კი, აქვს გერმანელ ერს სისასტიკე და საშიში კონფორმიზმი, როცა კანონი დაუწერს, საკუთარ გრძნობებს, ემოციებს უკან გადადებს და იმ კანონის მიხედვით იმოქმედებს, ყურადღებას არ მიაქცევს არაფერს და არავის – რაც საშინელებაა.
@როდე, აბა, აბა რაო ვედურ ლიტერატურაში რას ამბობენ? დამილინკე, თუ გიწერია რამე მაგათზე, გთხოვ.
@ქეთი, კი, რამდენჯერაც სადარბაზოში შევდივარ, იმდენჯერ ვფრთხილობ, იმ მემორიალურ დაფებს ფეხი არ დავაბიჯო, რაღაცნაირად მერიდება.
Post a Comment