მეოთხე დღე
ხუთშაბათი
დღეს გერმანიის გაერთიანების დღეა. დასვენების დღედაა გამოცხადებული და კაციშვილს ვერ ნახავ ქუჩაში, ყველა ისვენებს. საღამოობით სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ ხოლმე ლაიპციგში ამის აღსანიშნავად, მაგრამ ჩვენ არასოდეს წავსულვართ. რატომღაც ოქტომბრის ამ პერიოდში სასწაულად ცივა საღამოობით და გარეთ გასვლას ყველაფერი ჯობია. რამდენადაც კედლის დანგრევის ინიციატივა ლაიპციგის უნივერსიტეტის სტუდენტებიდან წამოვიდა თავის დროზე, 1989 წელს, ჩვენს ქალაქს ეს ძალიან ეამაყება.
ისიც ეამაყება ალბათ, რომ ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს კანცლერი ქალიც "ჩვენი" უნივერსიტეტის გამოშვებულია, სადაც ქიმიას სწავლობდა.
რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო არჩევნები იყო გერმანიაში. მე მოქალაქე არ ვარ და შესაბამისად, არ შემხებია. სადაც მოქალაქე ვარ, ცხოვრებაში იქაც არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. გეტყვით, არ მჯერა და მომკალი იმ სლოგანების, ერთ ხმასაც რომ ვითომ დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა წახვიდე არჩევნებზე, შენი აზრი გამოხატო...
არა, იქნებ გერმანიის მოქალაქე რომ ვიყო, წავსულიყავი კიდეც, რადგან მეცოდინებოდა ჩემს ხმას არავინ გააყალბებდა და არავინ მომატყუებდა, მაგრამ სტუდენტობისას თავი არ შემიწუხებია და ახლა, საერთოდ, აზრზე არა ვარ ქართული პოლიტიკის. რაც მესმის და ვკითხულობ, კიდევ, ლამის ჩემი სტუდენტობის პერიოდზე უარესია.
ჩემს მოქალაქეობრივ "ვალდებულებაზე" სულ მეგ რაიანის გმირი მახსენდება "თქვენთან წერილიადან", სასწაულად პოლიტიკის მოყვარული ჟურნალისტი ბოიფრენდი რომ ჰყავს და დაშორების წინ გამოუტყდება, ბოლო არჩევნებზე წასვლის მაგივრად სალონში ფრჩხილები რომ გაიკეთა თუ რაღაც.
იმას ვამბობდი, რომ ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა და საკმაოდ დიდი განსხვავებით.
პოლიტიკა მძულს და მასთან ერთად მედიაც (!), მაგრამ მერკელი იმიტომ მომწონს, რომ კარგი სოციალური პროგრამები აქვს, უცხოელებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, სწავლის, მუშაობისთვის, ჯანმრთელობის დარგი საუკეთესო დონეზეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავის უსკდება გული სამსახურის დაკარგვის გამო, რადგან არც მშიერი მოკვდება და ჯანმრთელობის დაზღვევასაც სახელმწიფო გადაუხდის. ფაქტიურად, თავისებური სოციალიზმია.
და ერთერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი – მომწონს, რადგან ქალია :) თანაც აღმოსავლეთი გერმანიიდან და მისი წინაპრები სოციალისტები იყვნენ.
...............
შემდეგი ლინკები კი ბონუსად :)
როდრიგოს ძალიან საინტერესო პოსტი იუნგზე.
ნატალიას სიზმარი პოლონეთზე. სასწაულად ცივად მეჩვენება ეს ქვეყანა და ხალხი, ცალსახად რაღაცების თქმა არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ არ მესმის მათი. ნატალიამ კი მოახერხა, თავისებურად, მშვიდად გაეთბო ყველაფერი.
მარიას საკამათო პოსტი კახეთზე ადრე და ახლა. სიამოვნებით წავიკითხავდი კომენტარებს მისი პოსტის შესახებ. მე ვიტყვი, რომ ეს "ბიფორ–აფტერები" მხოლოდ ფასადური მგონია და არ მჯერა. კახეთის მოვლა ის იქნებოდა, გლეხებს კაპიკებად რომ არ ართმევდნენ ყურძენს და შრომისგან დაგლეჯილ ხელებს გულსაც აყოლებდნენ.
ბოლოს, უცხოური ბლოგის პოსტი განწყობისთვის.
ღამე მშვიდობისა!
ხვალამდე!!!




2 comments:
ყველამ რომ იფიქროს, არ აქვს არჩევნებზე წასვლას მნიშვნელობაო, ეგ უფრო ცუდი იქნება ალბათ, ჰოდა მგონი წავალ :)
ქეთი, :)))
Post a Comment